დეკემბერი 14 2023

თბილისის მერის, კახა კალაძემ განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ევროინტეგრაციის „მნიშვნელოვანი მხარდამჭერია“.


დეკემბერი 14 2023

ვურჩევ ქალბატონ პრეზიდენტს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას - ნუ მოაწერს ხელს (შეწყალებას), მშვიდობიანად ჩაამთავროს მისი საარჩევნო თუ საპრეზიდენტო ვადა და მშვიდობიანად გავისტუმრებთ იქ, საიდანაც მოვიდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია და შეწყალებაზე კომენტარებს არ აკეთებს, თუ არ ამბობს რომ ვინმეს იწყალებს.


დეკემბერი 13 2023

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ახალი ანგარიშის თანახმად, ავღანეთში სასუნთქი გზების დაავადებებს ემსხვერპლა ხუთ წელზე ნაკლები ასაკის 2000-მდე ბავშვი და ეს პრობლემა შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს ფინანსების დეფიციტის გამო, რომელიც არის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში.

11 დეკემბრით დათარიღებული ანგარიშის თანახმად, წლის დასაწყისიდან მიმდინარე თვემდე, სავარაუდოდ რესპირატორული დაავადებების შემთხვევებმა ავღანეთში გადააჭარბა 1,2 მილიონს - რაც სამჯერ დიდი მაჩვენებელია წინა სამი წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.

საერთო ჯამში, ინფექციებს ემსხვერპლა 2,513 ადამიანი, მსხვერპლის 80 პროცენტზე მეტი ხუთ წლამდე ბავშვები არიან.

WHO-ის თანახმად, დაავადებულთა რაოდენობის გაზრდა, სავარაუდოდ, გამოიწვია ჰაერის დაბალმა ტემპერატურამ და ორგანიზაციის შესაძლებლობამ, უკეთ დააკვირდეს დაავადებების გავრცელებას ავღანეთში.


დეკემბერი 13 2023

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე შეცდომა იქნებოდა და რომ ისრაელი გააგრძელებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს იმისგან დამოუკიდებლად, ექნება თუ არა ამაში საერთაშორისო მხარდაჭერა.

 

„ისრაელი გააგრძელებს ‘ჰამასის’ წინააღმდეგ ომს საერთაშორისო მხარდაჭერით ან მის გარეშე. ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტა საჩუქარი იქნებოდა ტერორისტული ორგანიზაცია ‘ჰამასისთვის’, რაც მას საშუალებას მისცემს დაბრუნდეს და საფრთხე შეუქმნას ისრაელის მოსახლეებს“, - თქვა მან.

 

კოენმა საერთაშორისო თანამეგობრობასაც მოუწოდა „ეფექტიანად და აგრესიულად“ მოქმედებისკენ, რათა დაიცვან გლობალური საზღვაოსნო გზები.

 

13 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას, რომლის შესრულება არ არის სავალდებულო, 153-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. საქართველომ კენჭისყრისგან თავი შეიკავა.


დეკემბერი 13 2023

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2024 წლისთვის დედაქალაქის საახალწლო სლოგანი იქნება "თბილისი - ევროპული ქალაქი". ზუსტად ამ წარწერას ამონტაჟებდნენ რამდენიმე დღის წინ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხესთან. საახალწლო სლოგანი გასულ წლებშიც აქ იყო ხოლმე გამოფენილი.

გასულ წლებში დედაქალაქის საახალწლო სლოგანები იყო:

  • 2018 წელს - სიცოცხლით სავსე ქალაქი;
  • 2019 წელს - სიყვარულით სავსე ქალაქი;
  • 2020 წელს - ისტორიით სავსე ქალაქი;
  • 2021 წელს - სოლიდარობით სავსე ქალაქი;
  • 2022 წელს - გვიყვარდეს ერთმანეთი;
  • 2023 წელს - მშვიდობის ქალაქი.

დეკემბერი 11 2023

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, დაახლოებით ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს გზავნის.

 

ამასთან, NDI-ის მონაცემებით, დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს, მათივე განმარტებით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებშია.

 

აღსანიშნავია, რომ NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პირადად იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. შესაბამის კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა 62%-მა გასცა.

 

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ განმარტავს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, ემიგრაციის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა - აღნიშნულ მიზეზებს შესაბამისად გამოკითხულთა 65% და 56% ასახელებს.

 

ამასთან, უმრავლესობა, 80 პროცენტი, მიიჩნევს, რომ ემიგრაციას საქართველოზე უარყოფითი გავლენა აქვს.

 

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.


დეკემბერი 07 2023

ბრიანსკის სკოლის მერვეკლასელმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. დაიღუპა მისი კლასელი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დაჭრილია კიდევ ოთხი მოსწავლე, ყველა მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

შემთხვევა ბრიანსკის მე-5 გიმნაზიაში მოხდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასსის" ცნობით, სკოლის მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა. იუწყებიან, რომ იარაღი მამამისს ეკუთვნოდა.

 

გამოცემა "7x7" სოციალურ ქსელში ადგილობრივების პოსტების მიხედვით წერს, რომ მოსწავლემ სკოლაში დააგვიანა, კლასში შესულმა კი ხუთჯერ ისროლა. მის მოტივებზე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. ტელეგრამის არხზე ადგილობრივები წერენ, რომ გოგო თანაკლასელების მხრიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ბულინგის მსხვერპლი. კლასელებს შორის კონფლიქტის ვერსიას განიხილავენ სამართალდამცველებიც.

 

სკოლიდან ევაკუირებული არიან მოსწავლეები და პედაგოგები, მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ. შენობა შემოსაზღვრულია და ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ, საქმე აღიძრა მკვლელობის მუხლით.

 

პოლიციამ დააკავა თავდამსხმელის მამა, რომელსაც ამჟამად კითხავენ.


დეკემბერი 07 2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში გაასაღა 16 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომლებიც მოგვიანებით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

 

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აქტიურად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები და მხილების მიზნით, მიმდინარეობს ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა.


დეკემბერი 07 2023

 

შრომის ინსპექციამ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე 354 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმა, საიდანაც 47 კლინიკაში მინიმალურ ზღვარზე ნაკლები საათობრივი ანაზღაურების გაცემა გამოვლინდა.

 

მათივე ცნობით, ჯარიმა განესაზღვრა 31 სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო გაფრთხილება მიეცა 16-ს.

 

„სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების გაცემის ზედამხედველობის მიზნით, 2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე განხორციელდა 354 სამედიცინო დაწესებულების ინსპექტირება, რომლის შედეგად 47 კლინიკაში გამოვლინდა საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსი"-ს 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევა. რაც შეეხება, გამოყენებული სანქციების შესახებ ინფორმაციას, მოგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული სახდელის სახედ ჯარიმა განესაზღვრა 31 სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო გაფრთხილება მიეცა 16 სამედიცინო დაწესებულებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ცნობისთვის, სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

 


დეკემბერი 07 2023

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების შესახებ კანონპროექტის სენატში დაბლოკვას ეხმაურება და „რესპუბლიკელი“ სენატორების მოთხოვნას პოლიტიკურ შანტაჟად აფასებს.

 

კონგრესში „რესპუბლიკელები“ იმუქრებიან, რომ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას, თუ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი უკიდურესად მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას. ეს არის პოლიტიკური შანტაჟი. ფსონები ზედმეტად მაღალია და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია ომის ზღვარზე ბალანსირების პოლიტიკის კუთხით“, - აცხადებს ბაიდენი.

 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის იყო განკუთვნილი. კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო იყო 60 სენატორის ხმა, თუმცა კანონპროექტს მხარი მხოლოდ 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ყველა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა და დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა მისცა.


გვერდი 416 სულ 982
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.