“ყველაზე ფატალური შეიძლება “შავი პარასკევის” გამო დატრიალებული ამბები აღმოჩნდეს”
“ჩემი აზრით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მთავრობამ აღარ, უფრო სწორად, ვეღარ შეძლო ეპიდემიოლოგების მოსმენა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება.
ამას უპირველესად პოლიტიკური მიზეზი აქვს _ არჩევნების გამო იძულებული გახდა აღარ დაეჯერებინა ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტებისთვის. მაგრამ ყველაზე ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს გასულ კვირას “შავი პარასკევის” გამო დატრიალებული ამბები. ამან შესაძლოა დიდი ეპიდემიური აფეთქება გამოიწვიოს არა მარტო დედაქალაქში. იმ დღეს დედაქალაქიდან გასვლამ მომიწია და ვნახე, ათიათასობით მანქანა როგორ შემოდიოდა რეგიონებიდან თბილისში. ვფიქრობ, ამ პროცესისთვის ასეთი თავისუფლების უფლება არ უნდა მიეცა მთავრობას”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ყველაზე ფატალური შეიძლება “შავი პარასკევის” გამო დატრიალებული ამბები აღმოჩნდეს”.
“მე ინფიცირების სტატისტიკა კარგად შევისწავლე და გავაკეთე მისი პოლიტიკურ მოვლენებთან კორელაცია, ანუ ინფიცირების გაზრდის მიზეზები ჩემი აზრი კი არ არის, არამედ ღრმა სტატისტიკურ კვლევაზე დაფუძნებული უტყუარი ფაქტი. ჩვენი და ევროპული ქვეყნების ბიზნესსისტემა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. მათი ბიზნესი უფრო მწარმოებლურია, ჩვენი კი ყიდვა-გაყიდვაზე დაფუძნებული. ჩვენთან ბიზნესსაქმიანობა სწრაფ მოგებაზეა გათვლილი. მთავრობამ, როგორც ჩანს, ბიზნესის თხოვნით ვერ დაუშვა “შავი პარასკევის” გაუქმება. როგორც ვიცი, ეპიდემიოლოგები ამბობდნენ, რომ შეზღუდვები უნდა გამოეცხადებინათ არა 28 ნოემბრიდან, არამედ 27-დან და ასეთი ზედახორა არ გაიმართებოდა. სამწუხაროდ, მთავრობამ არ გაიზიარა ეპიდემიოლოგების აზრი და ანგარიში გაუწია ბიზნესს. როგორც პაატა იმნაძემ თქვა, და მე მისი მჯერა, შეზღუდვების შედეგებს სადღაც 2 კვირაში დავინახავთ, ანუ ინფიცირების მასშტაბიც და გარდაცვალების რიცხვიც შემცირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ იანვრის ბოლოს მოვახერხებთ ვითარების სტაბილიზაციას. ამასობაში, ალბათ, ვაქცინაც შემოვა. როგორც ითქვა, პირველ ეტაპზე 700 000 დოზის შემოტანა იგეგმება. თუ სწორად გაანაწილეს მიზნობრივ ჯგუფებში, იმედია, ეპიდემიას მომავალ წელს მოვერევით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“როცა სოციალურ პასუხისმგებლობას ვახსენებთ, ვილაპარაკოთ ყველა მხარეზე. მოქალაქეების გარდა, სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბიზნესის წარმომადგენლებსაც. იმისთვის, რომ მოგება მიეღოთ, არ გაუფრთხილდნენ მოქალაქეებს და ეპიდემიის მიუხედავად, “შავი პარასკევი” გამოაცხადეს, თანაც აუცილებელი რეგულაციები არათუ არ დაიცვეს, არც კი სცადეს. უმთავრესი პრობლემა კი ისაა, რომ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, დაახლოებით ასე ფიქრობს ხალხის ნაწილი - თუ ავად გავხდი, სიკვდილიანობა 1%-ზე დაბალია და რაღა მე მოვკვდებიო. საკუთარი თავის გარდა, არავინ ენაღვლებათ. გერბზე კი დავაწერეთ, რომ “ძალა ერთობაშია”, მაგრამ ეს საქართველოში მხოლოდ ლოზუნგია. ჩვენ არავითარი ერთობა არ გვინდა, ჩვენს ოჯახებში ან პოლიტიკურ პარტიებში ვცხოვრობთ, დანარჩენს კი არავის ვუფრთხილდებით. როგორც ჩანს, მთავრობასა და ეპიდემიოლოგებსაც იმედი აქვთ, რომ ერთ თვეში მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდება ვითარება. ამიტომ ფიქრობენ შეზღუდვების შემსუბუქებას. ვფიქრობ, პროცესების განვითარებას დააკვირდებიან. იმედია, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ის აღარ განმეორდება, რაც გასული კვირის პარასკევს ვნახეთ. შობა და ახალი წელი დიდი დღესასწაულებია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, თანაც ცხოვრება, ეპიდემიის მიუხედავად, გრძელდება. მთელ მსოფლიოში, სადაც მკაცრი შეზღუდვებია, დღესასწაულების გამო ხსნიან ან ამსუბუქებენ შეზღუდვებს. ჩემი აზრით, ეს სწორია. თუმცა, ვფიქრობ, შემდგომ პროცესები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ვფიქრობ, მძიმე ზამთარი გველის, მაგრამ არა კატასტროფული. ერთი კვირაა ვმუშაობ ნავთობის ექსპორტსა და პანდემიის გავლენაზე რუსეთის ეკონომიკაზე. რუსეთს 2020 წელს ელოდება მთლიანი შიდა პროდუქტის 29%-იანი ვარდნა. იქ ნამდვილად კატასტროფული ვითარებაა. ჩვენ გვექნება 5-6%-იანი ვარდნა. საქართველო პატარა, მობილური ქვეყანაა და თუ რუსეთი პანდემიის დანატოვარს 2024 წლამდე ვერ გაუმკლავდება, ჩვენთან ეს რამდენიმე თვეში მოხერხდება, თუ სწორად მოვიქცევით. გასული საუკუნის 90-იანი წლები გვაქვს გადატანილი. აი, მაშინ იყო კატასტროფული მდგომარეობა და გავუძელით. ვფიქრობ, ახლა გაცილებით უკეთესად გავართმევთ თავს. ჩვენთან სოფელი ძლიერია, მოსახლეობის 59%-ს სოფლად პატარა მეურნეობები აქვს... ჯერ კიდევ გაზაფხულზე თქვა პრემიერმა გახარიამ, მრეწველობა უნდა განვითარდესო. არ ვიცი, გაკეთდა თუ არა რაიმე. სამწუხაროდ, ეს ვერც ერთ თვეში გაკეთდებოდა და ვერც ერთ წელიწადში, მაგრამ ამაზე ზრუნვა აუცილებელია. სწორედ ეს აჩვენა მსოფლიოს პანდემიამ. ჩვენ ისიც გვიშველის, რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა. დიდი შეცდომა იყო ქართული ეკონომიკის ტურიზმზე აგება. გაქრა ტურიზმი და დაგვიდგა შავი დღე. ამ თვალსაზრისით კოვიდსასტუმროები კარგი გამოგონებაა. ამით ბევრი სასტუმრო გაკოტრებას გადაარჩინეს, მაგრამ შემდგომში ტურიზმის განვითარებაზე ყველაზე ნაკლები საბიუჯეტო თანხები უნდა დაიხარჯოს”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“რაც შეეხება პოსტსაარჩევნო ვითარებას, შესაძლოა გამაკრიტიკონ, მაგრამ არ მჯერა, რომ ამ არჩევნების შედეგები მასობრივად გაყალბდა. მე ამის საკმარისი მტკიცებულება ვერ ვნახე. არჩევნების შედეგებმა აჩვენა ის, რასაც არჩევნებამდე აჩვენებდა კვლევების უმეტესობა და ასევე, რაც დაფიქსირდა ხმების პარალელური დათვლისას და ეგზიტპოლებშიც. დონალდ ტრამპის ნარატივი არაფრით განსხვავდება ოპოზიციის ნარატივისგან. ისიც გაიძახის, ბაიდენმა სრული გაყალბებით გაიმარჯვაო. ამიხსენით, სრული გაყალბებით როგორ შეიძლება მოეგო, როცა პრეზიდენტი ტრამპი იყო. ისე, როგორც ჩვენი გადასახედიდან ჩანს, ტრამპის განცხადებები სასაცილოა. დარწმუნებული ვარ, ამგვარი დამოკიდებულება აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც ჩვენი ოპოზიციის მოსმენისას. ვფიქრობ, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, ამ კრიტიკულ ვითარებაში არ არის დაპირისპირების დრო. შევიდნენ და გვაჩვენონ, რა შეუძლიათ. იქ გაცილებით ნაყოფიერად იმუშავებენ”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.
“ახლა რაც ხდება, მხოლოდ ოპოზიციის მარგინალიზაციას უწყობს ხელს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები უხსნიან, რომ ახლა მნიშვნელოვანია პარლამენტის სრულფასოვანი მუშაობა, მაგრამ... ერთ-ერთი შეფასება წავიკითხე, რასაც ვიზიარებ. შეიძლება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს “ქართული ოცნება” დიდად გულზე არ ეხატებათ, მაგრამ ოპოზიციისგან განსხვავებით, ეს ძალა პროგნოზირებადია და ამიტომ მათთვის უფრო მისაღებია. ოპოზიციის მარგინალიზაცია მათთვისაც და ქვეყნისთვისაც ძალიან ცუდია. ამით საერთაშორისო იმიჯსა და მხარდაჭერას კარგავენ. ვთქვათ, დათანხმდა `ოცნება'' და რიგგარეშე არჩევნები ჩაატარა, რაც ამ კოვიდეპიდემიის დროს დიდი შეცდომა იქნება, რას მივიღებთ შედეგად? ისევ პოლარიზებულ ამომრჩეველს, რომელიც ისევ ორ ძალას შორის გაიკრიფება. უმეტესობა ისევ მისცემს ხმას სტაბილურობას და არა “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებას. ამ პატარა პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში შესვლის შანსი მიეცათ, არაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ. მიკვირს, ეს რომ არ ესმით”, - დასძენს თვალჭრელიძე.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი