იქნება თუ არა მესამე ლოქდაუნი?

“მესამე ლოკდაუნს ეკონომიკა, სავარაუდოდ, გადაურჩა. მოლოდინის მიუხედავად, მთავრობამ მიანიშნა, რომ ახალ შეზღუდვებს არ დააწესებს. ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი პირდაპირ აცხადებს, რომ დამატებითი ლოკდაუნი მიზანშეწონილი არ არის და ამით ეკონომიკის ჩაკეტვის აზრს ემიჯნება.

ასეთი პოზიცია განპირობებულია იმითაც, რომ შეზღუდვების დაწესებით მთავრობას მოუწევს დამატებითი ვალის აღება, რაც უკვე უდიდეს რისკს უკავშირდება, ზრდის საბიუჯეტო დეფიციტს და საბოლოოდ შეიძლება ეკონომიკაში ისეთი პროცესი გამოიწიოს, რის მართვაც შეუძლებელი გახდება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გუშინ განაცხადა, რომ ეპიდემიური ვითარების დამძიმების შემთხვევაში ქვეყანაში მორიგი ლოკდაუნის გამოცხადება მძიმე გადაწყვეტილება იქნება, რადგანაც ბიზნესი სულს ღაფავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მესამე ლოკდაუნი აღარ იქნება! - მთავრობამ ექიმებს კიდევ ერთხელ უთხრა უარი / ქვეყანა ისეთ დღეშია, თუ ჩაკეტავენ შეიძლება ვეღარც გაიხსნას.

 

“მიზანშეწონილი არ არის დამატებითი ლოქდაუნი, რადგან ეს ნიშნავს ბიზნესის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რომელიც გარკვეული მიმართულებით ისედაც სულს ღაფავს. აქედან გამომდინარე ეს დიდი პრობლემაა. რამდენიმე მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, ჩვენ ამოგვივარდა კურსის სტაბილურობის უზარმაზარი ფაქტორი ტურიზმის სახით. მეორე მხრივ, ეკონომიკის შეზღუდვა ხდება სებ-ის მონეტარული პოლიტიკის მხრივ. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, სხვა ქვეყანაში თუკი გარე შოკია, იგი შეიძლება შემსუბუქდეს მონეტარული პოლიტიკის შერბილებით, აქ ეს არ გამოგვდის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორმაგი შოკის პირობებში ვიმყოფებით”, - განაცხადა კოვზანაძემ. მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რაიმე ტიპის დამატებითი აკრძალვების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღდგომის დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება და ძალაში იქნება ყველა ის რეგულაცია, რომელიც ამჟამად მოქმედებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“როგორც ბიზნესი, ასევე ეკონომისტები ფიქრობენ, რომ შეზღუდვების სქემიდან საბოლოოდ უნდა გამოვიდეს მთავრობა და ეპიდემიური სიტუაციის მართვა მთლიანად მიანდოს სამედიცინო სექტორს, რომელიც კოვიდ-19-თან დაკავშირებით მიმდინარე ეპიდემიური პროცესის მართვაზე სრული პასუხისმგებელია. ამდენად, როგორც “ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა “რეზონანსთან” აღნიშნა, კორონავირუსთან ბრძოლის ერთწლიან პრაქტიკაში პირველად ხდება, როცა მთავრობა რიგი ობიექტური მიზეზების გამო იძულებულია, ეკონომიკის ჩაკეტვაზე უარი თქვას. როცა აღდგომის დღესასწაული ჩაივლის, სავარაუდოდ, სხვა შეზღუდვებიც გადაიხედება. შეიძლება არ გაუქმდეს, მაგრამ კომენდანტის საათის შემსუბუქების საკითხიც დადგება დღის წესრიგში”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ვალს ვეღარ აიღებენ, რადგან რთულ ვითარებაშია ქვეყანა, ბიზნესი და მონეტარული პოლიტიკაშიც დიდი დარღვევებია. საგარეო ვალმა ზღვარს გადააჭარბა და რომც მოვინდომოთ, შეიძლება აღარც მოგვცენ. მთავრობა არც უნდა ცდილობდეს დამატებითი ვალდებულებების აკიდებას, რადგან გადახდის მხრივ შეიძლება დიდი რისკი გაჩნდეს. რადგან არ ჩაკეტეს ეკონომიკა, სავარაუდოდ, ახალი ვალის აღების საჭიროებაც აღარ იარსებებს. მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად უწევთ ბრძოლა და ეს არ იქნება მარტივი. ასეთ სიტუაციაში, ცხადია, ეპიდემიოლოგებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ისინი გამოსავალს მხოლოდ ჩაკეტვებში ხედავენ და ასე არ არის. აქამდეც უნდა ეზრუნათ, რომ უფრო ეფექტურად მიეღოთ ზომები - დროული ვაქცინაციისა და მოსახლეობის ინფორმირების მხრივაც შესაბამისი ნაბიჯები გადადგმულიყო. ყველა მხრივ მკვეთრი ჩამორჩენაა. ჩაკეტვა ჰგონიათ გამოსავალი და ეს არ არის ხსნა, მათ შორის, არც პანდემიასთან მიმართებაშიც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ გერლიანი.

 

“მთავრობა ჩაკეტვებისგან თავს შეიკავებს, ეს აშკარად გამოიკვეთა. სხვანაირად ვერ გამოსწორდება ვითარება. საბიუჯეტო შემოსავალ-გასავალს ვერ აბალანსებენ და ამიტომ დეფიციტიც სახეზეა. როდესაც ასეთი ნეგატიური მონაცემები აქვს მთავრობას, ხარჯების ოპტიმიზაციაზე უნდა იფიქრონ, მაგრამ ვხედავთ, რომ ფუფუნების უფლებას აძლევენ თავს, რაც ქვეყნის კრიზისულ ვითარებას არ შეესაბამება”, - განმარტავს გერლიანი. საკანონმდებლო ხელისუფლების პოზიციას შეზღუდვებთან დაკავშირებით იზიარებს კომპანია “ალბატროსის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი, რომელიც მომხრეა, რომ მთავრობამ გამოძებნოს “ოქროს შუალედი” და ერთად უშველონ განადგურების პირას მისულ ეკონომიკას”, - დასძენს გამოცემა.

 

“ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს, რომ ეპიდსიტუაცია ვმართოთ და არც ბიზნესი დაზარალდეს. რატომღაც ხელისუფლება მსჯელობს ცალმხრივად - დააწესოს ან არ დაწესოს ლოკდაუნი. მთავრობას სხვა გეგმა არ აქვს და ვერც ბიზნესი აკეთებს ამ სიტუაციაში პროგნოზს, რის გამოც მალევე უფრო მძიმე ვითარებაში ვარდება. ეკონომიკურ გუნდს ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა და ერთად მოეძებნათ გამოსავალი, ეს უფრო გამოადგებოდა საქმეს. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, ხელისუფლება მიგვანიშნებს, რომ ლოკდაუნი არ იქნება, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებაც არაპროფესიონალიზმის ბრალი მგონია. გამოსავალი არ არის მოძებნილი. ეკონომიკა განადგურების პირასაა, ლარი - კატასტროფულად გაუფასურებულია, ყველა მხრივ პრობლემაა და ეს ბიუჯეტის დეფიციტზე აისახება. ვხედავ, რომ არასწორი კურსი აიღეს. ვუყურებ სხვა ქვეყნებსაც, ეპიდემიის გამო შექმნილ სიტუაციებს და ვფიქრობ, პროფესიონალის ხელი აკლია ყველაფერს. როგორც ეპიდემიური სიტუაციის მართვისას, ასევე ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას, არც ერთი მიმართულებით არ გვაქვს შედეგი. ბიზნესის ენა არ ესმის მთავრობას”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი.

 

“იმ შემთხვევაში თუკი საქართველო მორიგი კრიზისის წინაშე დადგა, სავალუტო ფონდი ქვეყნის მთავრობას აძლევს რეკომენდაციას, რომ ახალი სოციალური დახმარებების პროგრამის დაფინანსება მოხდეს არა ახალი ვალის აღებით, არამედ 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებით და თანხის ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მოსახლეობის საოციალურ დაცვის მუხლებში გადატანით, რის შესაძლებლობაც ქვეყანას ნამდვილად არ აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 487 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.