“მეტ ხალხს უნდა აცრა, ვიდრე ვაწოდებთ” - რატომ ვერ ახერხებს აცრას ყველა მსურველი
“სპეციალისტები თვლიან, რომ კორონავირუსით გარდაცვალებულთა მკვეთრი მატება 2 კვირის წინ შემთხვევების მატების ეფექტია - იმ დროისთვის ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა ხუთასის ფარგლებში მერყეობდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის დღიური მაჩვენებელი, რომელიც მესამე ტალღის პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ, რასაც ამავე გათვლით არასასურველ სცენარამდე მივყავართ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ გარდაცვალების დღევანდელი შემთხვევა 2 კვირის წინ შემთხვევების მატების ეფექტია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მეტ ხალხს უნდა აცრა, ვიდრე ვაწოდებთ” - რატომ ვერ ახერხებს აცრას ყველა მსურველი.
“გარკვეულწილად კარგია ის, რომ ბოლო პერიოდში არ არის ნახტომისებური მატება და საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ მდგომარეობაში, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სამწუხაროდ, გარდაცვალების მაჩვენებელი მომატებული იყო. გუშინდელი მონაცემით, 31 გარდაცვალებაა, რაც ასევე ეფექტია 2 კვირის წინ შემთხვევების მატების”, - თქვა მან. მისივე შეფასებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მესამე ტალღის დროს ისეთი მაღალი არ იქნება, როგორც ეს გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთ მაღალ ზრდას, რომელიც იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში არ უნდა ველოდოთ. თუნდაც, იმ მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის ნაწილს უკვე ჩამოყალიბებული აქვს იმუნიტეტი, ნაწილი იმუნიზაციის შემდეგ დაემატა. სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ უნდა დაიწყოს კლება. ასეთი მოლოდინი გვაქვს”, - აცხადებს გაბუნია. იგივე მოსაზრებისაა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვალებულთა რაოდენობის მატება რაოდენობა ყოველდღიური შემთხვევების მატების პროპორციულია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სამწუხაროდ, სიკვდილიანობა დაავადებულთა რაოდენობის მატებას მიჰყვება, შესაბამისად 2-3 კვირის მერე ამ დაავადებას ეს ტრაგიკული კანონზომიერება გააჩნია, რომ ინფიცირებულთა რიცხვის მატება მოასწავებს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ესაა რეალური მიზეზი. ყოველი 100 დაავადებულიდან, სიკვდილობის რისკი 1-დან 2%-მდეა, ეს რა თქმა უნდა, მაღალია, ამ ერთი წლის განმავლობაში, ასეთი ტრაგიკული კანონზომიერება იყო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამას მივეჩვიეთ, ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ოჯახის წევრები თუ სხვა, ამ ვერაგმა ვირუსმა 4 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე შეიწირა. აცრისა და რეგულაციები დაცვის გარეშე, სამწუხაროდ, ეს ვირუსი არსად არ მიდის” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.
“რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე “ასტრაზენეკაზე” ასაკის დაწევასა და “სინოვაკით” ვაქცინაციის დაწყების საკითხებზე იმსჯელებენ. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაზე მოთხოვნილება მიწოდებას სჭარბობს, რაც უნდა დაბალანსდეს. “დღეს სამინისტროში ვაქცინაციის საბჭო გაიმართება, სადაც განხილული იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის “ასტრაზენეკაზე” ასაკის დაწევის და “სინოვაკის” ადმინისტრირების დაწყების საკითხი. დღევანდელ ეტაპზე უკვე მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას და ჩვენ ეს როგორმე უნდა დავაბალანსოთ. დღეს განიხილება 100 ათასი დოზა “სინოვაკის” უკვე ამუშავება”, - თქვა გამყრელიძემ. ამასთან, ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში “სინოვაკით” ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე დაიწყოს. “არ გამოვრიცხავ, არგუმენტი ამისთვის არსებობს. პირველი, როგორც ჯანმრთელობის ორგანიზაციის შესაბამის პორტალზე ქვეყნდება, მალე იქნება განხილვა. მეორე, ის უკვე ადმინისტრირდება 32 ქვეყანაში და დაახლოებით 160-170 მილიონ დოზაზე მეტია გამოყენებული, ასევე ფართოდ გამოიყენება ჩვენ ირგვლივ ქვეყნებში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას დაწყების ან დალოდების შესახებ”, - აღნიშნა გამყრელიძემ. აკაკი ზოიძეს კი მიაჩნია, რომ “ასტრაზენაკაზე” ასაკობრივი ზღვარი უნდა დაიწიოს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ეს ასაკი ბრიტანეთმა თუ არ ვცდები 30 წლამდე ჩამოიწია და გერმანიამ 18-მდე, მე არ მიმაჩნია, რომ საერთოდ ასაკობრივი ზღვარი უნდა არსებობდეს, მათ შორის “ასტრაზენეკაზე”, იმიტომ, რომ ის რისკი, რაც თრომბოემბოლიებთანაა დაკავშირებიული რამდენიმე ასეულჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ის თრომბოემბოლიური გართულება, რომელიც შეიძლება თვითონ კოვიდს მოჰყვეს. ის ტრაგიკული შემთხვევა, რაც ჩვენთან მოხდა, დაემთხვა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში “ასტრაზენეკათი” აცრის წარუმატებელ კამპანიას და ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება ასაკობრივ შეზღუდვაზე, რომ ვაქცინაციის პროცესის მიმართ ნდობა გაგვეზარდა, თუმცა, მე არ მიმაჩნია, რომ ეს ასაკობრივი შეზღუდვა სწორია. აქ მთავარი და აუცილებელია, რომ მასობრივი ვაქცინაციის ლოჯისტიკური გამოწვევების დაძლევა და რეალურად ამ ცენტრების მომზადება დავიწყოთ, მათ შორის საინფორმაციო კამპანია, რომელიც დღემდე აქტიური და ადეკვატური არაა, რა გამოწვევაც ჩვენ გვაქვს ვაქცინაციასთან მიმართებაში”, - მიიჩნევს ზოიძე.
“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოადგილე ლადო კახაძესაც ასევე მიაჩნია, რომ რადგან გერმანიამ “ასტრაზენეკაზე” ასაკობრივი ცენზი დასწია, ეს ცუდი არაა, თუმცა, ამაზე სამსჯელოა, რადგან გადაწყვეტილება ადამიანების შეხედულებასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. “გერმანიამ დაწია, მე ჩემი აზრი კი მაქვს, მაგრამ მოსახლეობასთან ეს აზრი არგუმენტირებული უნდა იყოს, მაგრამ, რახან მაინც ადამიანების შეხედულება, გარკვეული შიში არსებობს, ხომ იცით ადამიანში სიტყვა უფრო მეტად რჩება, თუ რაღაცა სიტყვას ირწმუნებს, მისი გაბათილებაა ძნელი... აცრის საკითხი ფრონტალურად უნდა გაიშალოს, ჩვენ კი ვამბობთ, რომ დღეში 6-7 ათასზე უნდა ავიდეთ, თუმცა ათი ათასიც რომ იყოს, უკეთესია, ანუ აქ უკვე ადამიანებმა თავის თავში შიშის ფენომენი გადალახეს და ამ ენერგიას ჩვენ მხარი უნდა ავუბათ და თუ ეს აქტიურობა კიდევ გაზრდილი იქნება, წლის ბოლომდე მართლაც სასურველ ნიშნულამდე ავალთ და პროექტი წარმატებული იქნება... თქვა კახაძე. ამირან გამყრელიძის მოსაზრებით, საჭიროა ვაქცინაციის მეტად გააქტიურება, საკოორდინაციო საბჭოზე დააყენეს საკითხი, რომ ამცრელი ბრიგადები შვიდდღიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ და ივნისის ბოლოსთვის ამცრელი ბრიგადების რაოდენობა სამასამდე გაიზრდება”, - დასძენს გამოცემა.
“მეტ ხალხს უნდა აცრა, ვიდრე ვაწოდებთ. საჭიროა, მეტად გავაინტენსიუროთ პროცესი. დღეისთვის ასამდე სამედიცინო დაწესებულების 161 ბრიგადა ცრის, მაგრამ, ზოგიერთი ბრიგადა, განსაკუთრებით რაიონებში, არ მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში, არის კვირაში სამი-ოთხი დღე. დღეს საბჭოზე დავაყენეთ საკითხი, რომ შვიდდღიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდეთ და შესაბამისად წახალისდნენ სპეციალისტები, ვინც მუშაობენ შაბათ-კვირას და ასე შემდეგ. გვინდა, რომ ამ თვის ბოლოსთვის 161-დან 200 ბრიგადამდე გადავიდეთ. თითო ბრიგადა აკეთებს დღეში 42-დან 50-მდე აცრას. ივნისის ბოლოსთვის ბრიგადის რაოდენობა 300-მდე მაინც უნდა იყოს”, - დაასკვნის გამყრელიძე, რომლის თქმით, “რა თქმა უნდა, ამ გეგმას ვაქცინის შესაბამისი მარაგი უნდა მოჰყვებოდეს”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი