როდის შეძლებენ “ასტრაზენეკას” მეორე დოზით აცრას მოქალაქეები

“კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების მოხსნას ქვეყანა ვაქცინების დეფიციტით ხვდება - 22 ივნისის მონაცემებით, საქართველოში, 5000-მდე მოქალაქეს “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიღების პრობლემა შეექმნა - ამათგან უმეტესობა მეორე დოზას ელოდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, დაზარალებულთათვის ვაქცინაცია ავტომატურად უნდა გადადებულიყო, რასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტება გააკეთა, რომ ეს ლოჯისტიკური ხარვეზი იყო და უწყება ამას საფუძვლიანად შეისწავლის. ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო, თქვენი ჯავშანი გადადებულია. ახალ თარიღთან დაკავშირებით მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას. ბოდიშს გიხდით უხერხულობის შექმნისთვის - ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება ასობით მოქალაქემ მიიღო, ვინც „ასტრაზენეკას” მეორე დოზით უახლოეს დღეებში უნდა აცრილიყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის შეძლებენ “ასტრაზენეკას” მეორე დოზით აცრას მოქალაქეები / “როცა ადამიანს ეუბნები, რომ მეორე აცრა ზუსტად ამ რიცხვში უნდა გაგიკეთოთ, ის უნდა გადადებულიყო, შენახულიყო, ეს თავიდანვე გათვლილი უნდა იყოს”.

 

“ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, “კოვაქს პლატფორმიდან” შესყიდული “ასტრაზენეკას” ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო, ვერ ხორციელდება ვაქცინის პირველ დოზაზე და მეორე დოზაზე რეგისტირებული მოქალაქეების აცრა მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში. ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა. “მოგეხსენებათ, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ქვეყანაში ორჯერ შემოვიდა, 43 000-43 000 დოზა, ანუ ერთად 86 600-მდე. პირველად შემოვიდა 13 მარტს, მეორე აპრილის შუა რიცხვებში და მესამედ უნდა შემოსულიყო მაისის შუა რიცხვებში - ეს იყო “კოვაქსით” შესყიდული ვაქცინა. შედეგ მოწოდების ეს ვადა გადავიდა ივნისზე, ჯერ ივნისის დასაწყისში და შემდეგ დადასტურება იყო, რომ მოგვეწოდებოდა 22 ივნისს, გამთენიისას. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან, რომელსაც ახლა არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ვერ მოხდა მოწოდება. ამიტომ, ჩვენ შეგვექმნა „ასტრაზენეკას" დაახლოებით 4 000-დან 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტი”, - განაცხადა გამყრელიძემ, რომლის განმარტებით, “ასტაზენეკა” არის ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინა, რომელიც კეთდება ორჯერადად და ის კეთდება ინსტრუქციის მიხედვით 4-დან 12 კვირის შუალედში. ანუ მეორე რევაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს 4-დან 12 კვირამდე”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

გაყრელიძე დასძენს, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინის დეფიციტი ძირითადად რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და ე.წ. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შეიქმნა. ყველაზე მეტ აცრებს ორი წამყვანი კლინიკა - რესპუბლიკური და ხეჩინაშვილის კლინიკები ახორცილებენ. “ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ არ დავმალავ და გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებებია, ამ პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი”, ამბობს გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, “ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება. ამასთან, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზაიდან 10-12 კვირის პერიოდში შეფერხების გარეშე შეძლებენ აცრას მათ მიერ შერჩეულ თარიღში”... გამყრელიძის თქმით, “ცენტრი კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს შექმნილი უხერხულობისთვის”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით კი, სამინისტრომ “ასტრაზენეკას” განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო. “ამ შემთხვევაში ლოჯისტიკის ნაწილში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მიმღები კლინიკა, რომელიც აწარმოებს ვაქცინაციის პროცესს და ბუნებრივია, ის ითხოვს ვაქცინების იმ რაოდენობას, რომელიც სჭირდება რეგისტრირებული მოქალაქეების ასაცრელად და ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ამ შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა, რომ გამოიკვეთოს, რა ეტაპზე გვქონდა შეცდომა თუ ხარვეზი, რადგან დაუშვებელია ისეთი მასშტაბური ვაქცინაციის პირობებში, რომელსაც ჩვენ ივლისიდან დავიწყებთ, როდესაც ვაქცინების ასეთი დიდი რაოდენობა ქვეყანაში შემოვა და მას შესაბამისი ადმინისტრირება სჭირდება, მსგავსი ლოჯისტიკური შეცდომები რომ კიდევ განმეორდეს”, - თქვა გაბუნიამ, რომლის განცხადებით, “ამ საკითხს სამინისტრო ძალიან სერიოზულად შეისწავლის და შესაფერისი რეაგირებაც ექნება ადმინისტრაციულ დონეზე”, - დასძენს გამოცემა.

 

“პირველ რიგში, უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე აღმოცენდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს ხარვეზი. შემდეგ რეაგირებაც იქნება შესაბამისი. სრულიად გამოვრიცხავ იმას, რომ ადამიანს, რომელსაც სჭირდება ვაქცინაცია, მას შეექმნება ამის პრობლემა. აუცილებლად, ინდივიდუალურად, თითოეულ მოქალაქესთან იმუშავებენ ჩვენი სამსახურის ოპერატორები, რომ შეატყობინონ მათ ვაქცინაციის შეცვლილი თარიღი, მიიღებენ შეტყობინებასაც და ინდივიდუალურადაც მოვიწვევთ”,- აღნიშნა გაბუნიამ. კითხვაზე კონკრეტულად როდის შეძლებენ “ასტრაზენეკას” მეორე დოზაზე რეგისტრირებული მოქალაქეები ვაქცინაციას “რეზონანსს” ჯანდაცვის სამინისტროში ეს პასუხი გაგვცეს, რომ “ვაქცინების მილიონი დოზა ორ კვირაში ჩამოვა”, თუმცა, რომელი ვაქცინა შემოვა და კონკრეტულად რა რიცხვში, ამბობენ, რომ ეს დაზუსტდება”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ ვაქცინის მილიონი დოზა ორ კვირაში შემოვა, რომელი ვაქცინა შემოვა და როდის, ეს დაზუსტდება და ამასთან დაკავშირებით გვექნება კომუნიკაცია. “ამირან გამყრელიძემაც და მინისტრის მოადგილემაც განმარტა, რომ ლოჯისტიკური ხარვეზი იყო და მაგის გამო შეიქმნა პრობლემა”, - განგვიცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში. როგორც ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, “ასტრაზენეკას” მეორე დოზის დეფიციტი დიდი ალბათობით ლოჯისტიკის პრობლემაა, კითხვებზე ზუსტ პასუხს კი პარლამენტში დაბარებული ჯანდაცვის მინისტრი გასცემს. რაც შეეხება ექიმ-ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას შეფასებას, იგი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ “ასტრაზენკას” ვაქცინის დეფიციტი ლოჯისტიკის პრობლემაა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

 

“ეს სწორედ, რომ ლოჯისტიკის პრობლემაა, იმიტომ, რომ როცა ადამიანს ეუბნები, რომ მეორე აცრა ზუსტად ამ რიცხვში უნდა გაგიკეთოთ, ის უნდა გადადებულიყო, შენახულიყო, ეს თავიდანვე გათვლილი უნდა იყოს. სამწუხაროდ ამიტომაცაა ჩვენი მინისტრი დაბარებული პარლამენტში და ალბათ იქ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ამ ქვეყანაზე ყველაფერი ხდება, შესაძლოა კომპიუტერული შეცდომა იყო, ან რაღაცა, ჩვენც ადამიანები ვართ, რა თქმა უნდა, დამნაშავე ადრე თუ გვიან გამოიკვეთება, ფაქტია, რომ ეს ძალიან არასასიამოვნო ამბავია. თუმცა, თუ მაქსიმუმ ერთ კვირაზე იქნება საუბარი, ეს დიდ პრობლემას არ შექმნის, მაგრამ თუ 1-2 თვემდე გაიწელა, რა თქმა უნდა პრობლემაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე და შეკითხვაზე - “რამდენად შეიძლება, რომ ადამიანმა პირველი დოზა “ასტრაზენეკა” გაიკეთოს, ხოლო მეორე დოზა იყოს სხვა ჩვენთან უკვე აპრობირებული რომელიმე ვაქცინა?” - პასუხობს:

 

“რამდენადაც ვიცი ჯერჯერობით “ფაიზერი” უნდა შემოვიდეს, რომელიღაცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავიდან “ასტრაზენეკა” ჰქონდა გაკეთებული და რადგან ასაკოვანი იყო და სისხლის შედედების პრობლემები ჰქონდა, მას პირდაპირ მისცეს რეკომენდაცია და მეორე დოზით ფაიზერით აცრეს, ამიტომ თუ “ფაიზერი” შემოვიდა, ეს ძალიან კარგი იქნება, არა მხოლოდ ყველასთვის, არამედ ამ პაციენტებისთვისაც. უბრალოდ ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, როცა შეპირებულ ადამიანს მიიყვან და აცრას არ გაუკეთებ...”

 

“ლოჯისტიკის პრობლემაა, მაგრამ რა რგოლში იქნა დაშვებული, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პასუხი უნდა გაეცეს და უნდა გამოვლინდეს თუ ეს გაუგებრობა რატომ მოხდა, რამაც ვაქცინაცია შეაფერხა. ზოგადად სიტუაცია, რომ ვაქცინა არ გაქვს და რეგულაციები მოიხსნა, საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ და ვთვლი, რომ რეკომენდაციების დაცვაა მნიშვნელოვანი. დახურულ სივრცეში პირბედეები აუცილებლად გამოვიყენოთ და ღია სივრცეში პირბადის გამოყენების რეკომენდაცია მაინც არის და იქ სადაც დისტანცირება ვერ ხერხდება ვთვლი, რომ აქაც უნდა იქნას გამოყენებული. საკურორტო სეზონს რაც შეეხება, განსაკუთრებით ბათუმში, სადაც დიდი რაოდენობით ადამიანებია და მობილობაც დიდია, შარშანდელი წლიდან გამომდინარე, რეკომენდაციები იქაც უნდა დავიცვათ. სახელმწიფოს მხრიდან კი ეს ხარვეზები აღმოფხვრილი უნდა იქნას და კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაშია, უფრო მკაფიო პასუხები უნდა გაეცეს და მილიონი ვაქცინის მოწოდება, რაზეც საუბარია, დროულად უნდა მოხდეს, რადგან სხვანაირად სტაბილური ეპიდსიტუაციის შენარჩუნება გაგვიჭირდება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

 

“ასტრაზენეკას” შემდეგ, მსოფლიოში “ფაიზერის” გაკეთების პრეცენდენტი არსებობს, არაერთი შემთხვევა ყოფილა და სხვადასხვა კვლევებმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და ატისხეულები საკმაოდ მაღალ ტიტრში გამომუშავდა. რაც შეეხება სხვა ვაქცინების გაკეთებას, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციები არ გვაქვს, მაგალითად “ასტრაზენეკას” შემდეგ ჩინური ვაქცინის გაკეთება რამდენად ეფექტურია, ამიტომ ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით”, - დასძენს გოგინავა.

წაკითხვა 443 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.