"ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ" - მეუფე შიო

დღეს ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით... ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან 32-ე კვირას, მაცხოვრის წინადაცვეთის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ ქადაგებისას აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ სამების ტაძარში „მძიმე ცოდვა, სიწმინდის შეურაცხყოფა და მკრეხელობა“ ვიხილეთ.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს გახლავთ რამდენიმე დღესასწაული ერთად; ეს არის შობის შემდგომი კვირა, ნათლისღების წინა კვირა, წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, წმინდა ბასილი დიდის ხსენება და ასევე დღეს გახლავთ ძველი სტილით ახალი წელი, რომელიც ხალხის მიერ იმდენად არის საყვარელი, რომ ჩვენი ოჯახების უმრავლესობაში აღინიშნება. ამიტომ ამასაც გილოცავთ და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

იუდეველთა რჯულის მიხედვით, ყოველი ახალშობილი მამრობითი სქესის ჩვილი მერვე დღეს წინადაიცვითებოდა. ეს იყო ძველი აღთქმის ეკლესიაში ძალიან წმინდა წესი, რომლის მეშვეობითაც ეს წესი გახლდათ ნიშანი ღმერთსა და ებრაელ ხალხს შორის დადებული აღთქმისა. და აი, ამ დღიდან ადამიანს განეკუთვნებოდა ყველა ის აღთქმა და დაპირება, რომლებიც ღმერთმა მისცა ებრაელ ხალხს. ასევე ადამიანი იღებდა ვალდებულებას, რომ შეესრულებინა ყველა ის მცნება და დადგენილება, რომლებიც უფალმა მისცა ებრაელებს მოსესა და წინასწარმეტყველთა მეშვეობით.

ამრიგად, წინადაცვეთაზე უარის თქმა იუდეველობაზე უარის თქმის ტოლფასი იყო. გარდა ამისა, წინადაცვეთა იყო ქრისტიანული საიდუმლოს, ნათლისღების, წინა სახე და ნათლისღების მსგავსად მოასწავებდა კაცობრივი ცოდვილი ბუნების მოკვეთას, ცოდვასთან ბრძოლას, ღმერთის მორჩილებას და ღმერთთან ერთად ახალი სიცოცხლის დასაწყისს, დაწყებას.

მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: რატომ მიიღო წინადაცვეთა უფალმა იესო ქრისტემ, სოფლის მაცხოვარმა და მხსნელმა, რომელიც ჩაისახა და იშვა ცოდვის გარეშე, რომელსაც წმინდა და უბიწო სხეული ჰქონდა და რა თქმა უნდა, ეს არ სჭირდებოდა? უფალმა ეს იმიტომ გააკეთა, ისევე, როგორც დაიცვა ძველი აღთქმის სხვა წესები, რომ ეჩვენებინა ჩვენთვის საღვთო სჯულის მორჩილებისა და შესრულების მაგალითი. იგი ამბობს: „ნუ გგონიათ, რომ თითქოს რჯულის გასაუქმებლად მოვედი, არამედ აღსასრულებლად“. აი, ამ მოქმედებით უფალი ჩვენც გვასწავლის, რომ ზედმიწევნით უნდა აღვასრულოთ საღვთო რჯული და ეკლესიის დადგენილებები.

გარდა ამისა, მან იმიტომ მიიღო წინადაცვეთა, რომ ჩვენთვის ესწავლებინა შინაგანი, გულის წინადაცვეთა. ამაზეც საუბრობს წმინდა პავლე მოციქული, იგი ამბობს: „ჩვენ ქრისტეში ვართ წინადაცვეთილი, ხელთუქმნელი წინადაცვეთით. ეს არის განძარცვა ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან, ეს არის ქრისტესეული წინადაცვეთა“, - აი, ასეთ სიტყვებს ამბობს იგი.

როგორც ხორციელი წინადაცვეთა იყო მტკივნეული პროცედურა, მაგრამ სასიკეთო, ასევე სულიერი, გულის წინადაცვეთაც არის მტკივნეული სულისთვის, იმიტომ რომ ეს არის მოკვეთა ვნებებისა, ბოროტი, მანკიერი მიდრეკილებებისა; მაგრამ ეს არის სულისთვის სასარგებლო და მაცხონებელი.

ამიტომ ჩვენ უნდა მოვიკვეთოთ მანკიერი მიდრეკილებები, ვნებები, არაწმინდა აზრები, გულის სიტყვები, რაც გვიშლის ჩვენ სულიერ ცხოვრებაში, სულიერ წარმატებასა და მადლის მოხვეჭაში, იმიტომ რომ ბოროტი აზრებისგან წარმოიშობა ბოროტი საქმეები. მაგრამ რომ არც გვქონდეს ჩვენ ბოროტი საქმეები, მარტო ეს ბოროტი გულის სიტყვები, აზრები და ვნებები უკვე ჩვენ გულთამხილველი ღმერთის წინაშე უღირსად გამოგვაჩენს. ამიტომ უნდა მოვიკვეთოთ ჩვენ ჩვენი ვნებებიც, როგორებიცაა: შური, მრისხანება, ამპარტავნება, უწმინდურობა და ა.შ. იმისთვის, რომ ჩვენი სხეულიც და სულიც იყოს კეთილსურნელოვანი ტაძარი ღვთისა. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ადამიანი, ეს არის ჩვენი დანიშნულება.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ წინადაცვეთის დღესასწაულს. ეს დღე მოგვიწოდებს უფლის მცნებების შესრულებისკენ, ეკლესიის კანონების შესრულებისა და მათი სულიერი მნიშვნელობის დანახვისკენ.

ამიტომ დღეს ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით; რომ ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს; რომ აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ამ წმინდა ტაძარში.

ვევედროთ უფალს, რომ ჩვენში სუფევდეს ისეთი სულიერი განწყობა, შემართება, მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა ჩვენს სახელმწიფოში, რომ მავანმა ვერც კი გაბედოს ასეთი რამის გაკეთება და ვთხოვოთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს სულიერი წინადაცვეთის გზაზე შედგომა, სიტყვისამებრ წმინდა პავლე მოციქულისა, რომელიც ამბობს: „ეს არის წინადაცვეთა, რაც გულისა და სულისმიერია; და რომელიც კაცთაგან კი არ იქება და იდიდება, არამედ იქება ღვთისაგან“, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, ლოცვა-კურთხევით, ჩვენ ვლოცავთ ზუროშვილების გვარს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ და გაგახაროთ”, - აღნიშნა მეუფე შიომ.

წაკითხვა 242 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.