დათო ტურაშვილი გამოკვლევებს თურქეთში გააგრძელებს

მწერალი დათო ტურაშვილი თბილისში კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, გამოკვლევებს თურქეთში გააგრძელებს. როგორც მისმა შვილმა ანაკო ტურაშვილმა თქვა „TV პირველის" ეთერში, ის, პირველ რიგში, მადლობას უხდის ქართველ ექიმებს.

„დათო არის ახლა სტაბილურად. გუშინ გამოწერეს კლინიკიდან. დღეს ღამით მიდის თურქეთში და იქ გააგრძელებს გამოკვლევებს. პირველ რიგში, დათომ დამაბარა დიდი მადლობა ქართველ ექიმებთან, რომლებმაც ის გადაარჩინეს. ის, რომ ახლა კარგად არის, მათი დამსახურებაა. ახლა განაგრძობს თურქეთში მკურნალობას. მალე დაბრუნდება და ყველასთან დამაბარა უღრმესი მადლობა", - თქვა ანაკო ტურაშვილმა.

 

დათო ტურაშვილი 19 მარტს ტელეკომპანია „ფორმულის" პირდაპირ ეთერში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გახდა ცუდად.

 

„ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა", - უთხრა რადიო თავისუფლებას ანაკო ტურაშვილმა.

 


19 მარტს გადაცემა „მე-17 სართულში" დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ასე გამოეხმაურა:

 

„3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია, სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათა შორის, რომ შემოვიდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით. რა მუხლით დაიჭირეს, იცით?! საფრანგეთის აგენტობის! ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს?! დამსმენები, ჩამშვებები და "ნასედკები" დავაბრუნოთო. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ, მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს [გეუბნებათ] წითელსო...".

 

ტურაშვილის გარდა, ბოლო დღეებში კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე არიან სხვა მწერლებიც.

წაკითხვა 244 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.