„მერვე ღამეს ვათენებთ, პრეზიდენტისგან მივიღეთ პირობა“... - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლების პროტესტი გრძელდება
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები მერვე დღეა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან ათევენ ღამეს. გუშინ ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ, რომლისგანაც მიიღეს პირობა, რომ ის პროცესში ჩაერთვება.
„უკვე მერვე ღამე გავათენეთ. არავინ არ გამოსულა, ყურადაც არ იღეს ჩვენი აქ ჯდომა და მოთხოვნა. ვუკაკუნებთ, რომ იქნებ მოვიდნენ და დაგველაპარაკონ. საქართველოს პრეზიდენტი შეგვპირდა - ის მოიწვევს ექიმებს, გაესაუბრება და ჩვენს მთავრობას მიაწვდის იმ ინფორმაციას, რაზეც აქვთ ეჭვები“, - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი ეკატერინე ჭონქაძე.
როგორც გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთმა მშობელმა აღნიშნა, პრეზიდენტი მზადაა, მთავრობა მედიკამენტის უსაფრთხოებაში დაარწმუნოს.
„პრემიერმა თქვა, რომ თანხა არ არის პრობლემა, ბიუჯეტში არის საჭირო თანხა. საჭიროა, მისი კიდევ მეტად დარწმუნება, რომ მედიკამენტი არის საკმაოდ ეფექტური. ის [პრეზიდენტი] დაგვეხმარება, გაგვიზიაროს ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და ჩვენი ქართველი ექიმები გადაამზადოს ამ მიმართულებით და დაჩქარდეს მოვლენები, დროულად შეიქმნას ეროვნული პროტოკოლი და როგორც დაპირება იყო მინისტრის, დროულად შემოვიდეს საქართველოში ეს მედიკამენტი“, - აცხადებს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი.
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, წამალი ვოსორიტიდი, რომლის ერთწლიანი დოზა დაახლოებით 200 000 დოლარი ჯდება, საქართველოში სულ 16 ბავშვს სჭირდება. წელიწად-ნახევარია, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას მოითხოვენ.
თუ ეს წამალი გამოიწვევს ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას, პასუხისმგებლობა იქნება სახელმწიფოსი, რაც არ გვინდა, მოხდეს - პრემიერი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს
ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ მედიკამენტი ჯერ საკმარისად გამოცდილი არ არის იმისთვის, რომ მთავრობამ მისი შემოტანის პასუხისმგებლობა აიღოს.
„ეს წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ და თვითონ ის ქვეყანა, სადაც გამოიგონეს ეს მედიკამენტი, ჯერ არ აფინანსებს ამ პროგრამას, ჯერ კიდევ ელოდებიან მეოთხე ფაზის დასრულებას, კვლევებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენას, უარყოფითი შედეგების გამოვლენას და ამის შემდეგ იმედი გვაქვს, ძალიან მალე გადაწყდება ეს საკითხი“, - აცხადებს პრემიერი.
სიახლეები
- 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"
