მზის ზედაპირის ყველაზე დეტალური ფოტო ისტორიაში — ახალი ტელესკოპის პირველი შემოქმედება
ასტრონომები აქვეყნებენ ფოტოს, რომელიც მათივე თქმით წარმოადგენს ჩვენი მზის ზედაპირისთვის ამ დრომდე გადაღებულ ყველაზე დეტალურ სურათს.
ფოტო ჰავაიზე სულ ახლახან გახსნილმა დენიელ კეი ინოუეს მზის ტელესკოპმა გადაიღო.
როდესაც შორიდან ვუყურებთ, ვარსკვლავები ნაზად ციმციმებენ, მაგრამ ამ ციმციმს მიღმა ისინი სამყაროს მრავალ საიდუმლოს მალავენ. ახლოს მისვლისას, მათი ამბავი სრულიად სხვანაირია.
ჩვენი დედავარსკვლავი დედამიწიდან 150 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს და მის წიაღში მიმდინარეობს მოვლენები, რომლებზეც მთლიანად არის დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჩვენ ნაკლებად ვხვდებით და ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ. მზის ცენტრში მიმდინარე თერმობირთვული რეაქციები ყოველ წამში 5 მილიონ ტონა წყალბადს სუფთა ენერგიად გარდაქმნის. ეს ენერგია გზას გარე მიმართულებით პოულობს, გამოივლის მდუღარე გაზს, სადაც წარმოქმნის მაგნიტურ შტორმებს, რომლებიც მორევივით გრუხუნებს და ბოლოს კოსმოსში იტყორცნება ელექტრულად დამუხტული ნაწილაკების წვიმისა და რადიაციის სახით.
ასეთ „წვიმებს“ კოსმოსურ ამინდს უწოდებენ; მას დედამიწისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, მაგალითად, ელექტროსისტემისა და ხელოვნური თანამგზავრების მწყობრიდან გამოყვანა. ინგლისის უორვიკის მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით, მზის უმძლავრესი სუპერშტორმები დაახლოებით 25 წელიწადში ერთხელ ხდება.
გარე კოსმოსში, მზიდან წამოსული ეს ნაკადები სერიოზული საფრთხეა ასტრონავტებისთვის. გარდა უწონადობისა და მოწყენილობისა, კოსმოსური ამინდისგან მომდინარე ასეთი რადიაციული საფრთხეები უდიდეს დაბრკოლებად მიიჩნევა ადამიანთა გასამგზავრებლად მარსზე და მის მიღმა.
მზის ზედაპირი თხილის გულის მსგავს უჯრედისებრ სტრუქტურებად არის დაყოფილი. თითოეული მათგანი დაახლოებით ტეხასის შტატის ზომისაა და ატარებენ სითბოს მზის წიაღიდან ზედაპირისაკენ. ცხელი გაზი ამ უჯრედების კაშკაშა ცენტრებში ამოდის, ცივდება და შემდეგ უჯრედების გამყოფ ბნელ ხაზებში იძირება.
მოცემული ფოტო ტელესკოპმა პირველი ტესტირებისას გადაიღო, რასაც ასტრონომები „პირველ შუქს“ უწოდებენ. ინოუეს ტელესკოპი აშშ-ის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ააგო; განთავსებულია უძველეს ვულკან ჰალეაკალას მწვერვალზე. ეს ვულკანი ადგილობრივთათვის წმინდა ადგილია და მისი სახელი ჰავაურ ენაზე „მზის სახლს“ ნიშნავს. ალბათ ძნელი იქნებოდა უკეთესი ადგილის მოძებნა მზის კვლევისათვის შექმნილი მსოფლიოს უდიდესი ტელესკოპის განსათავსებლად, არა?
ტელესკოპს სახელი ეწოდა ჰავაის სენატორ დენიელ ინოუეს პატივსაცემად, რომელიც 2012 წელს დაიღუპა და ხელს უწყობდა, რომ ჰავაი ასტრონომიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გენერატორად ქცეულიყო. ტელესკოპის ძირითადი სარკის დიამეტრი ოთხი მეტრია.
ტელესკოპის მიერ შეგროვებული მზის სიცხის გასაფანტად და ინსტრუმენტის გასაგრილებლად საჭირო გახდა კილომეტრობით სიგრძის მიწისქვეშა სისტემა. ტელესკოპი გამოირჩევა დიდი სარკითა და ატმოსფეროს ეფექტების შემამცირებელი ადაპტური ოპტიკით, რაც განაპირობებს წარმოუდგენლად მაღალ რეზოლუციას.
ინოუეს ტელესკოპი შეუერთდა ამჟამად მზის გარშემო მოძრავ ნასას ხომალდ „პარკერს“, სულ მალე კი წყვილს ასევე შეუერთდება ნასასა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი ხომალდი „სოლარ ორბიტერი“, რომელიც კოსმოსში შემდეგ კვირაში გაეშვება. ეჭვგარეშეა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ისინი ნამდვილად ბევრ საიდუმლოს გამოსტყუებენ ჩვენს დედავარსკვლავს.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი