"საქართველოში, ვირუსული საფრთხის შესუსტების კვალობაზე, კაფეების და სავაჭრო ცენტრების კარი ისევ იღება"- «The Peninsula»
ყატარის გაზეთ „პენენსულა“-ში («The Peninsula») გამოქვეყნებულია სააგენტო „ფრანს-პრესის“ მიერ მომზადებული სტატია სათაურით „საქართველოში, ვირუსული საფრთხის შესუსტების კვალობაზე, კაფეების და სავაჭრო ცენტრების კარი ისევ იღება“.
„საქართველოში კაფეებმა, რესტორნებმა და სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს: შავიზღვისპირა სახელმწიფო, სადაც კორონავირუსის მხოლოდ 800-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული, კორონავირუსის გამო დადგენილ შემზღუდავ ზომებს ამარტივებს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. მასში გადმოცემულია რეპორტაჟი თბილისის ძველ კვარტალში მდებარე ერთ-ერთი კაფედან: „ნაშუადღევია. თბილისის ძველ კვარტალში არსებულ მოდერნისტულ და შუასაუკუნეების შენობა-ტაძრებს მზე დაჰნათის. კარგი ამინდია, მაგრამ ქუჩები ძირითადად ცარიელია. „ვირუსის მიმართ შიში ჯერ კიდევ არის, დღეს ჩვენ მხოლოდ ორი კლიენტი გვყავს“, - ამბობს „ფრანს-პრეს“-ის კორესპონდენტთან კაფეს ოფიციანტი ნათია გაგუა.
ჟურნალისტი ესაუბრება კაფეში მყოფ სტუდენტებს მაია ბერიძეს და ნინო კუპატაძეს, რომლებიც „ოპტიმისტურად არიან განწყობილნი“: „საბედნიეროდ, საქართველო „კოვიდ-19“-ით ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყნების რიცხვში შედის. დადგა დრო, რომ ცხოვრება მეტ-ნაკლებად ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს“, - ამბობენ სტუდენტები.
პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა მიმოხილული საკარანტინო ზომების გაუქმება-გამარტივებისაკენ მიმართული ღონისძიებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის, ვაჭრობის, სამრეწველო საწარმოების მუშაობის აღდგენის მიზნით. „საქართველოში „კოვიდ-19“-ით დაავადებული ავადმყოფების 80% უკვე გამოჯანმრთელდა, პირველი ივნისათვის სტაციონარებში მხოლოდ 158 ინფიცირებული იყო დარცენილი. მთავრობის განცხადებით, ქვეყანა უცხოელ ტურისტებს პირველი ივლისიდან მიიღებს“, - ხაზგასმულია მასალაში.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვის
- "უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადვილი არ არის, ევროკავშირმა რეგლამენტი უნდა შეცვალოს" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უსამართლო დაპატიმრებიდან 100 დღე გავიდა - ის პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა"