საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა - რაგბის მსოფლიო თასი
საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფის პირველი შეხვედრა ორგზის მსოფლიო ჩემპიონის, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა და 15:35 დამარცხდა.
საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფის პირველი შეხვედრა ორგზის მსოფლიო ჩემპიონის, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა და 15:35 დამარცხდა.
თამაში ავსტრალიის ნაკრებმა სწრაფად და აგრესიულად დაიწყო და უკვე მეორე წუთზე პეტაიამ ლელოს დადება მოახერხა. რამდენიმე წუთში, ავსტრალიელთა ნახევარზე ვასილ ლობჟანიძემ კარგად იბრძოლა, მეტოქის ბურთი ჩაჭრა, ავსტრალიელები იძულებულნი გახდნენ დაჯარიმებულიყვნენ, ჯარმა კი ლუკა მატკავამ ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე პირველი ქულები მოუტანა.
მე-9 წუთზე ავსტრალიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება შეძლო, მათ სწრაფ შეტევას ქართველმა მორაგბეებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და ნავაქანიტანასემ „ვოლაბების“ (ავსტრალიის ნაკრების მეტსახელი) უპირატესობა გაზარდა, დონალდსონმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რასაც ცოტა ხანში ზუსტი ჯარიმაც მიაყოლა და მე-15 წუთისთვის ავსტრალია 15:3 დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრებს საკუთარი თამაშის პოვნა უჭირდა, რითაც მეტოქე კარგად სარგებლობდა და საბოლოოდ პირველ ტაიმი 21:3 მოიგო.
მეორე ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა უფრო ორგანიზებულად დაიწყეს და შეტევაშიც უფრო აქტიურად წავიდნენ, რასაც შედეგიც მოჰყვა – 47-ე წუთზე ლუკა ივანიშვილმა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების პირველი ლელო დადო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 21:8.
ლელოს შემდეგ ქართველი მორაგბეები აქტიურად ათამაშდნენ და რამდენიმე კარგი შეტევის მცდელობაც ჰქონდათ. ერთ ეპიზოდში დავით ნინიაშვილმა საკუთარი ნახევრიდან კარგად წაიღო ბურთი, მეტოქის ხაზიც გაჭრა, საბოლოოდ ბურთი ავსტრალიელებს დარჩათ და კონტრშეტევაზე კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს.
69-ე წუთზე ავსტრალიამ საქართველოს ნაკრებს დიდი ძალებით შეუტია, მეოთხედაც მოახერხა ლელოს დადება და ბონუს-ქულა მოიპოვა.
შეხვედრის ბოლო წუთზე საქართველოს ნაკრების შეტევა ბექა გიგაშვილმა ლელოთი დაასრულა, რომელიც თედო აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 35:15 ავსტრალიის სასარგებლოდ.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:
23 სექტემბერი | საქართველო – პორტუგალია
30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო
7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"