The Times - "აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემებს გზავნის და რუსეთს აფრთხილებს“
ბრიტანული გაზეთის „თაიმს“-ის («The Times») სტატიაში სათაურით „აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემებს გზავნის და უკრაინის გამო რუსეთს აფრთხილებს“ ყურადღება გამახვილებულია ვაშინგტონის და ნატოს მოქმედებაზე შავ ზღვაში გავლენის გაფართოების მიზნით, რაც რუსეთის შევიწროვებისკენაა მიმართული (ავტორი - ჰანა სმიტი).
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი შავ ზღვაში თავის ყოფნას აძლიერებს - ამჟამად ატლანტიკის უკიდურესად აღმოსავლეთ რეგიონში ორი ამერიკული სარაკეტო ნაღმოსანი და მათი დამხმარე გემი იმყოფება. ვაშინგტონი ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე რუსეთის მოქმედებამ აიძულა - ყირიმის ანექსიამ და შავი ზღვის რუსული ფლოტის ახალი გემებით აღჭურვამ. გარდა ამისა, ეს ხდება იმ ფონზე, როცა აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მოსკოვი გააფრთხილა - „ყოველნაირი აგრესიული ქმედება უპასუხოდ არ დარჩებაო“, - წერს „თაიმსი“.
შავ ზღვაში ერთდროულად სამი ამერიკული სამხედრო გემის ყოფნა ყველაზე მსხვილი ოპერაციაა 2017 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როცა რუსეთმა ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე საზენიტო რაკეტების კომპლექსი „ბასტიონი განალაგა“ და თავის შავი ზღვის ფლოტს სამხედრო ხომალდი „ადმირალი მაკაროვი“ მიუმატა.
საერთოდ კი რუსეთმა, რომელიც ერთ-ერთია იმ ექვსი ქვეყნიდან, რომლებსაც შავი ზღვაზე გასასვლელი აქვთ, მის აკვატორიაში ყოფნის გაფართოება 2008 წლიდან დაიწყო, როცა მოსკოვმა საქართველოს ორი რეგიონის, მათ შორის - აფხაზეთის შავიზღვისპირა პროვინციის ოკუპირება მოახდინა. მოგვიანებით კი ყირიმის მიტაცებით რუსეთმა შავი ზღვის სამხედრო ფლოტი გააძლიერა, რომლის მთავარ ბაზას სევასტოპოლი წარმოადგენს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი შავი ზღვის ფლოტს სირიაში განხორციელებული ოპერაციების მხარდასაჭერადაც იყენებს.
დღეს შავი ზღვის აკვატორია რუსეთის მიერ ძალიან არის მილიტარიზებული: მხოლოდ ყირიმში რუსული არმიის 30 ათასამდე ჯარისკაცია მუდმივად თავმოყრილი, აქ არის რამდენიმე სამხედრო აეროდრომი, სამხედრო-საზღვაო ბაზები, საზენიტო-სარაკეტო სისტემები. რუსეთმა ფაქტიურად გადაკეტა აზოვის ზღვა, როცა ქერჩის სრუტეზე ხიდი ააშენა.
გასულ კვირას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინისადმი მხარდაჭერას გააგრძელებს. ამრიგად, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკისაგან, რომელიც ხშირად ყურადღებას არ აქცევდა ვლადიმერ პუტინის აგრესიულ მოქმედებას შავი ზღვის რეგიონში“, - წერს ავტორი.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო