უკრაინის მარცვლეულის გადარჩენის და გლობალური სასურსათო კრიზისის აცილების სასწრაფო გეგმა - საიდან გაიტანენ პროდუქციას

ქარ“მსოფლიო სასურსათო კრიზისის აღმოსაფხვრელად როგორც ჩანს დასავლეთს მასშტაბური გეგმა აქვს - 26-28 ივნისს დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება, სადაც აქტუალურ გლობალურ საკითხებს და მათი გადაჭრის გზებს განიხილავენ, მათ შორის მთავარი საკითხი სასურსათო და ენერგეტიკულ კრიზისი იქნება, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია.

სპეციალისტების შეფასებით, დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორიც 2008-2009 წელს საქართველოს ომმა გამოიწვია, მაგრამ, აქ მასშტაბები გაცილებით დიდია. თუმცაღა, მათივე თქმით, გეგმა არის, რომელიც არსებულ სასურსათო კრიზისს გარკვეულწილად თავიდან აგვარიდებს. მანამდე ჯო ბაიდენი იმ ალტერნატიულ გზაზე საუბრობს, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განხორციელებას შეუწყობს ხელს. ამბობს, რომ უკრაინის საზღვრის გასწვრივ, მათ შორის პოლონეთში, მარცვლეულის შესანახი დროებითი ნაგებობები აშენდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინის მარცვლეულის გადარჩენის და გლობალური სასურსათო კრიზისის აცილების სასწრაფო გეგმა - საიდან გაიტანენ პროდუქციას.

 

“ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს უკრაინიდან მარცვლეულის სარკინიგზო გზით გამოტანის გეგმაზე, მაგრამ, უკრაინის სარკინიგზო ლიანდაგები განსხვავდება ევროპულისგან, ამიტომ მარცვლეული საზღვარზე სხვადასხვა მატარებელში უნდა გადაიტანონ. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი დასძენს, მარცვლეულის გადატანა თავდაპირველად შესაძლებელია უკრაინის რკინიგზის ვაგონებიდან მარცვლეულის შესანახ ახალ ნაგებობებში, შემდეგ კი ევროპის სატვირთო ვაგონებში. მაგრამ ამას დრო სჭირდება. უკრაინა მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. უკრაინული პორტებისა და მარცვლეული კულტურების მარაგების ბლოკირება საფრთხის წინაშე აყენებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი რეალისტური უწოდა შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფნის შექმნის გეგმას და განაცხადა, რომ შესაბამისი მექანიზმი განიხილება გაეროს, რუსეთის, უკრაინის და თურქეთის მონაწილეობით. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სახმელეთო გზით მარცვლეულის გატანა, რაზედაც ბაიდენი საუბრობს, შესაძლოა დროში გაწელილი იყოს, თუმცა, კარგია, რომ დასავლეთი კრიზისის აღმოსაფხვრელად ალტერნატიულ გზებს ეძებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მოცემულ შემთხვევაში ბაიდენის განცხადებაში სახმელეთო გზა მოიაზრება, მათ შორის რუმინეთისა და პოლონეთის ტერიტორიების გავლით. როცა რუსეთის მიერ საზღვაო სივრცე ბლოკირებულია, ამით ჩნდება შესაძლებლობა, რომ ტვირთების გადაზიდვა სახმელეთო გზით მოხდეს. მსოფლიოში საზღვაო ტრანსპორტზე ტრანსპორტირების და ტვირთბრუნვის 60%-ზე მეტი მოდის. ხმელეთით ტრანსპორტირება შეიძლება შედარებით უფრო გვიანი იყოს და ძვირი დაჯდეს, არარენტაბელური იყოს და შედარებით უფრო ნაკლები ტვირთის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი, მაგრამ. კარგი ისაა, რომ ალტერნატივა არსებობს და ამ მხრივ მისაღებია, რომ სახმელეთო გზა იყოს გამოყენებული. საჰაერო სივრცეს რაც შეეხება, ეს პირველ რიგში საშიშია, რადგან შესაძლებელია რუსული ჭურვი მოხვდეს. მეორე ვარიანტი ისაა, რომ ძირითადად თვითმფრინავით მალფუჭებადი პროდუქტები გადააქვთ. მარცვლეული კულტურებს რაც შეეხებათ, მისი ტრანსპორტირება დიდი ხნის განმავლობაშიც შესაძლებელია. არის გარკვეული გეგმაც, რომ დამატებითი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაც იწარმოებოდეს, ასევე, საუბარია მიწების გაფართოვებაზე, განიხილება, როგორც ინტენსიური, ასევე ექსტენსიური მეთოდი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

“ექსტენსიურია, როცა კონკრეტული ტერიტორიის ფართობი იზრდება, სადაც შემდგომში კონკრეტული კულტურების დარგვა და მოსავლის მიღება ხდება. ინტენსიურია, როცა კონკრეტული სასოფლო სამეურნეო ნაკვეთის გაფართოვება არ ხდება, მაგრამ იქ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენებით მიწა ნაყოფიერდება და მოსავლიანობა იზრდება. დასავლეთის ქვეყნები ამ მიმართულებითაც მუშაობენ. დიდი შვიდეულის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სასოფლო-სამეურნეო პრობლემის გადაჭრა იქნება. გარდა ამისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქტიურ როლს თამაშობს, გაეროს ფარგლებში მსოფლიო სასურსათო პროგრამა ფუნქციონირებს, ასევე, არსებობს გაეროს სპეციალიზირებული დაწესებულებები, როგორიცაა: მისი სოფლის მეუნრეობის ხელშეწყობის სააგენტო, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციაც. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მოსახლეობა ყოველწლიურად 80-85 მილიონი ადამიანით იზრდება და ახალი დასახლებები ჩნდება, მიწის ფონდი მაინც არსებობს. მსოფლიოში მიწის ფონდის ფართობი დაახლოებით 13 მილიარდ ჰექტარს შეადგენს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გამოსადეგ მიწებზეა საუბარი”, - განმარტავს რესპონდენტი.

 

“უკრაინის ომმა მსოფლიოში გარკვეულწილად ფასების ზრდა გამოიწვია, განსაკუთრებით ფასები მარცვლეულის პროდუქციაზე და ნავთობზე გაიზარდა. ეს პროპორციულად ტრანსპორტირების ხარჯებს ზრდის, რაც საქონლის თვითღირებულების ფასის ზრდაზე აისახება, მათ შორის საქართველოშიც. საბედნიეროდ, მსოფლიოში მარცვლეული კულტურები არსებობს და ალტერნატიული ბაზრების ძიება შესაძლებელია. თურქეთი ცდილობს პორტებთან დაკავშირებით შუამავლის როლი შეასრულოს, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე გარკვეული ტვირთები გაატაროს, მას ოთხ ზღვაზე გასასვლელი აქვს” - დაასკვნის ნიკა ჩიტაძე. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ივნისის ბოლოს დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი გლობალური სასურსათო კრიზისის აღმოფხვრის გზებზე იქნება საუბარი და კონკრეტულად იქ გახდება ცნობილი, თუ რა გეგმა აქვთ ამ მხრივ დიდ ქვეყნებს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ბაიდენს აქვს იდეა. რომ უკრაინიდან კანონიერი ექსპორტი განახორციელოს და უკრაინის ხელისუფლების თანხმობით საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდოს, რომ რუსეთმა არსებული მარცვლეული ვერ გაიტანოს და შემოსავალი ვერ მიიღოს. ანალოგიური წინადადება თურქეთმაც წამოაყენა, ოღონდ ის რუსეთთან, უკრაინასთან და გაეროსთან აპირებს, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს, შექმნას საგზაო რუკა, რათა საშუალება მიეცეს, რომ უკრაინული პორტებიდან მარცვლეული გაიტანონ. მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა, ჯერჯერობით სიტუაცია გაურკვეველია. 27-28 ივნისს დიდი შვიდეულის სამიტი იქნება, რომელიც ამ თემატიკას ეძღვნება, იქ ალბათ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჯერჯერობით ამ საკითხზეა საუბარი, რაც ბაიდენმა თქვა, რომ უკანონო ხორბლის გატანას დაბლოკავენ და შეეცდებიან, რომ ხორბალი ბაზარზე გაიტანონ. ზოგადად უკრაინის ომმა ფასების ზრდა გამოიწვია, ნავთობზე, ენერგორესურსებზე, ასევე მარცვლეულზე. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით. სერიოზული ეკონომიკური კრიზისია რუსეთშიც, ასევე აზიურ ბაზრებზე საკმაოდ სერიოზული კრიზისის ტალღას ელოდებიან. ალბათ 2008-2009 წლის მსოფლიო კრიზისის ანალოგი იქნება, მაშინაც აგვისტოს ომმა გამოიწვია, ახლა მითუმეტეს მასშტაბები დიდია”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“ორშაბათს, ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ გლობალურ დონეზე სურსათის, საწვავისა და ფინანსური კრიზისის გამო, მილიონობით ადამიანი სასურსათო დაუცველობისა და სიღარიბის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. მიშელ ბაჩელეტმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეულ ქაოსსა და ნგრევაზე ისაუბრა. “მას შემდეგ, რაც ჩვენ ბოლოს შევიკრიბეთ, უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ ანადგურებს მრავალი ადამიანის სიცოცხლეს. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული საშინელება წარუშლელ კვალს დატოვებს, მათ შორის მომავალი თაობებისთვის. ომის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები რეგიონში და გლობალურ დონეზე ვრცელდება და მას დასასრული არ უჩანს”, - თქვა მიშელ ბაჩელეტმა. მსოფლიო სასურსათო პროგრამის მონაცემების თანახმად, მოსალოდნელია, რომ მძიმე სასურსათო დაუცველობის პირობებში მცხოვრები ადამიანების რიცხვი 2022 წლის დასაწყისში 276 მილიონიდან წლის განმავლობაში 323 მილიონამდე გაიზრდება”- წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 409 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 16 2022

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.