"არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა მისცეს გერმანიამ უკრაინას „ლეოპარდები“ "- მაიორი ჯონ სპენსერი
არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა მისცეს გერმანიამ უკრაინას „ლეოპარდები“ - ეს აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ მაიორმა ჯონ სპენსერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ამერიკის სამხედრო ბაზაზე გერმანიაში, რამშტეინში, უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, „რამშტეინის ბაზაზე გამოცხადებული გადაწყვეტილება დამაიმედებელიცაა და ცოტა საწყენიც“.
„მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელი ტექნიკა, რასაც უკრაინა ითხოვდა, რაც უკრაინას შეტევისთვის და იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად სჭირდება, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, მათ შორის ქვეითი საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრასპორტიორები გადაეცემა. თუმცა, არაფერი თქმულა „M1 აბრამსის“ ტანკებზე. ბევრი მიზეზია, რატომაც მოხდა ასე. რა თქმა უნდა, შეიარაღების ნებისმიერი ნაწილის გადაცემა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამერიკის პოლიტიკაში არსებობს ელემენტები, რაც საშუალებას აძლევს ევროპას, რომ ლიდერი იყოს ამ გზაზე. ჩვენ პატივს ვცემთ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას [უკრაინაში] "ჩელენჯერ 2" გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა სულაც არაა დიდი.
M1-ებს საკმაოდ უნიკალური ლოჯისტიკური მოთხოვნილებები აქვთ, მათ შორის სჭირდებათ კონკრეტული საწვავი და ბევრი ისეთი რამ, რაც უკრაინას ტვირთად დააწვებოდა. მე სრულად ვუჭერ „M1 აბრამსების“ გადაცემას მხარს. თუმცა, ყველაზე მეტად იმედი გამიცრუა არა ამერიკის, არამედ გერმანიის გადაწყვეტილებამ-მისმა სურვილმა, რომ კვლავ არ გადასცეს “ლეოპარდები” უკრაინას. არავინ სთხოვს გერმანიას, რომ გადასცეს "ლეოპარდები". სხვა ბევრი ქვეყანაა, მაგალითად, პოლონეთი, ვისაც "ლეოპარდი" აქვს და ვინც მზადაა, რომ ისინი უკრაინას გადასცეს, როგორც კი გერმანია მათ ამის უფლებას მისცემს. ეს გადაწყვეტილება გერმანიამ თავად უნდა მიიღოს [ვინაიდან ლეოპარდი" გერმანული წარმოებისაა, ამიტომ სწორედ გერმანიამ უნდა გასცეს თანხმობა სხვა ქვეყნებზე, რომ ისინი უკრაინას გადასცენ].
არ არსებობს არანაირი რეალური მიზეზი იმისა, რატომ არ უნდა მისცეს გერმანიამ ამის უფლება. ასევე, "ლეოპარდი" გაცილებით უკეთესი [ტანკია] უკრაინის შესაძლებლობებისთვის. მას დიზელი სჭირდება საწვავად, უფრო მსუბუქია და ლოჯისტიკური მოთხოვნილებები გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე M1-ებს.
ასე რომ, ძალიან შემაშფოთებელია, რომ გერმანია ისევ უარს ამბობს მათ გადაცემაზე და თავად ის ფაქტი, რომ მათ უნდათ, რომ ჯერ ამერიკამ გადასცეს [უკრაინას] „M1 აბრამსის ტანკები“ და მხოლოდ ამის შემდეგ მისცემენ უფლებას სხვა ქვეყნებს [„ლეოპარდების“ გადაცემაზე], უბრალოდ სასაცილოა და გერმანიას ნამდვილად ისტორიის არასწორ მხარეს აყენებს“,- მაიორმა ჯონ სპენსერმა.
კითხვაზე, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ გერმანია „ლეოპარდების“ უკრაინისთვის გადაცემაზე ამ ეტაპზე უარს ამბობს, ჯონ სპენსერი ამბობს: „ეს აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ არსებობს რაიმე ტიპის სამხედრო მიზეზი [“ლეოპარდების”] უკრაინისთვის გადაცემის, ან სხვა ქვეყნებისთვის ამის გასაკეთებლად ნებართვის მიცემის ასაკრძალად“.
„გერმანიას, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ჰყავს, რომელთა ნაწილსაც არ სურს, რომ უკრაინას რაიმე გადასცენ. თუმცა, გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა უამრავი ლეტალური იარაღი, რომელიც მათ მფლობელობაში იყო. ასე რომ, უკრაინისთვის რაიმეს გადაცემა, მათთვის წითელი ხაზის გადაკვეთა სულაც არაა“,- განაცხადა სპენსერმა.
მისივე თქმით, „დამატებით იარაღის მიცემა არაჩვეულებრივია, მაგრამ უკრაინისთვის გაცილებით მეტი რამის მიცემა შეგვიძლია და არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს“.
„აბსოლუტურად ვეთანხმები იმ ანალიზს, რომ დასავლეთმა, მათ შორის, ამერიკამ, უკრაინას მისცა ყველაფერი, რაც მას სჭირდება იმისთვის, რომ არ წააგოს, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ გაიმარჯვოს. გამარჯვებაში ვგულისხმობ სუვერენული საზღვრების შენარჩუნებას და უკრაინიდან რუსი სამხედროების გასვლას“, - განაცხადა მაიორმა ჯონ სპენსერმა.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი