“დასავლეთმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა” - უკრაინისთვის სტრატეგიული შეიარაღების გადაცემა იწყება

“დასავლეთი გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს და უკრაინას მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საბრძოლო ტანკებს უგზავნის.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დასავლეთმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა და არაა გამორიცხული, რომ გადამწყვეტი შეტევითი ოპერაციის დროს, დამატებითი შეტევითი იარაღის გაგზავნა კიდევ მოუწიოს. ამასთან, ექსპერტები ამბობენ, რომ კრემლს დიდი ალბათობით უკვე ნაფიქრიც ექნება “ლეოპარდებს” რა დაუპირისპიროს, მეტიც, მორიგი ბირთვული მუქარის ნაბიჯები უკვე გადადგა კიდეც. თუმცა, რამდენად შორს წავა, ეს უკვე ფრონტზე არსებულ მდგომარეობასთანაა კავშირში. აშშ მზადაა დაიწყოს პროცესი, რომელიც უკრაინისთვის “მ1 აბრამსი” ტანკების გაგზავნას ითვალისწინებს, გერმანული გამოცემა “შპიგელი” კი წერს, რომ გერმანია უკრაინას “ლეოპარდ 2” ტანკებს გადასცემს - საუბარია უკრაინისთვის “ლეოპარდ 2” ტანკების მინიმუმ ერთი შენაერთის გადაცემაზე, რაც ნატოს სტანდარტებით ტექნიკის 14 ერთეულს შეადგენს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “დასავლეთმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა” - უკრაინისთვის სტრატეგიული შეიარაღების გადაცემა იწყება.

 

“ტანკები ბუნდესვერის მარაგებიდან იქნება მიწოდებული. ამასთან, გამოცემა წერს, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებში შესაძლოა დამატებითი ტანკები იქნას გამზადებული გასაგზავნად იმ მარაგებიდან, რომლებიც გერმანულ მრეწველობას გააჩნია. გამოცემის თანახმად, გადაწყვეტილებას, აშკარაა, წინ უძღოდა მოკავშირეებთან მრავალდღიანი კონსულტაციები, განსაკუთრებით აშშ-სთან. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აღნიშნავდა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების გადაცემას მხოლოდ სხვა ქვეყნებთან კოალიციაში განიხილავდა. ნორვეგიული გაზეთები წერენ, რომ ნორვეგიის მთავრობა განიხილავს, გაუგზავნოს თუ არა უკრაინას მის საკუთრებაში არსებული “ლეოპარდ 2”-ის რამდენიმე ტანკი, მედიის ცნობით, რუსეთის მოსაზღვრე ნორვეგია ნატო-ს წევრი სახელმწიფოა, რომელსაც ამ ტიპის 36 ტანკი აქვს და უკრაინას შესაძლოა, ოთხი ან რვა აღნიშნული სახეობის საბრძოლო ტანკი გადასცეს. რუსეთი კი ემზადება აგრესიის ახალი ტალღისთვის იმ ძალებით, რომლის მობილიზებაც შეუძლია. ოკუპანტები უკვე ზრდიან ზეწოლას ბახმუტში, ვუჰლედარსა და სხვა მიმართულებებით და მათ სურთ გაზარდონ ზეწოლა უფრო ფართო მასშტაბით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, იმისათვის, რომ არ აღიარონ აგრესიის შეცდომა, რუსეთის ხელისუფლებას სურს, რომ ბრძოლაში მეტი თავისი ხალხი და აღჭურვილობა ჩააბას”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ეს ნიშნავს, რომ ყველამ, თავისუფალ სამყაროში, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, რათა არა მხოლოდ ვუპასუხოთ რუსეთის რეგულარულ დანაშაულებს, არამედ რუსეთის ახალი კრიმინალური ქმედებები შეძლებისდაგვარად აღვკვეთოთ. ჩვენმა ძალებმა უნდა შეინარჩუნონ ინიციატივა ომში”, - თქვა ზელენსკიმ. მან უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხზე მიმდინარე დისკუსიებზეც ისაუბრა - “სხვათა შორის, ტანკებზე ახლა ბევრს საუბრობენ. იმ თანამედროვე ტანკების შესახებ, რომელიც ჩვენ გვჭირდება და იმაზე, თუ როგორ უნდა შეივსოს ეს დეფიციტი. დიდი ძალისხმევა, ბევრი სიტყვა და დაპირებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია რეალობის დანახვა: ეს არ ეხება 5, 10 ან 15 ტანკს. საჭიროება უფრო დიდია. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა დეფიციტის შესავსებად და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამაში გვერდში გვიდგას, თუმცა, დისკუსია უნდა დასრულდეს გადაწყვეტილებით. ჩვენს მოკავშირეებს აქვთ ტანკების საჭირო რაოდენობა”, - აღნიშნა ზელენსკიმ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების შესაძლო მიწოდება რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია იქნება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. “აშკარაა, რომ ვაშინგტონი მიზანმიმართულად ცდილობს სტრატეგიული მარცხი განგვაცდევინოს. თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს ტანკების მიწოდებას, მაშინ მსგავსი ნაბიჯის გამართლება “თავდაცვითი იარაღის” არგუმენტებით ნამდვილად არ იმუშავებს. ეს იქნება კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ”, - აღნიშნა რუსეთის ელჩმა. თსუს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ეს დასავლეთის მთელი რესურსი არაა და გამორიცხული არაა, რომ დამატებით კიდევ გაგზავნოს, რადგან ფსიქოლოგიური ბარიერი უკვე გადალახა. საპირისპიროს ფიქრობს „რეზონანსთან სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, მას მიაჩნია, რომ ესაა ის კრიტიკული ზღვარი, რასაც დასავლეთი უკრაინაში აგზავნის”, - დასძენს გამოცემა.

 

“ეს ძალიან პატარა, მაგრამ ფსიქოლოგიურად და პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა, თუმცა, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ დასავლეთს მთელი თავისი რესურსები აქვს ჩადებული, ეს ალბათ დასაწყისია. სიტუაცია ფრონტზე ძალიან მყიფეა, აქედან გამომდინარე, ალბათ ყველა მიხვდა, რომ უკრაინას დღეს სასწრაფო დახმარება სჭირდება იმისთვის, რომ ფრონტის ხაზზე რაღაც გარდატეხა შეიტანოს და რაღაც შედეგებზე გავიდნენ, ეს გაჭიანურებული ომი არც დასავლეთს და არც არავის არ აწყობს. ეს დახმარება ალბათ ასე უნდა გავიგოთ, რომ ესაა პირველი ნაწილი. ამ იარაღს რაღაც გავლენის მოხდენა შეუძლია, მაგრამ, გარანტირებული არაფერია, რადგან მოსკოვის პასუხი რა იქნება, არ ვიცით, ის ყოველთვის ცდილობს ესკალაციის ფაზა ასწიოს, ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ დასავლეთს სხვადასხვა ტიპის იარაღის დამატებითი დახმარება კიდევ მოუწიოს. ესაა პირველი სერიოზული მცდელობა, როცა დასავლეთმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა, რომ შემდგომში შესაძლოა უკრაინას შეტევითი ხასიათის იარაღი კიდევ მიაწოდოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

 

“სავარაუდოდ შეტევითი ოპერაცია გაზაფხულისთვის იქნება და დასავლეთს კიდევ მოუწევს, რომ საჭირო შეიარაღება დამატებით გაუგზავნოს. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ეს სასიამოვნო არაა, ახლა ყველა ელოდება თუ რას დაუპირისპირებს ამას და სამხედრო პასუხი რა იქნება, ეს ჯერჯერობით გამოცანად რჩება. დარწმუნებული ვარ უკვე ნაფიქრიც აქვთ თუ “ლეოპარდებს” რა უნდა დაუპირისპირონ. რუსეთი ამბობდა, რომ ყველა ტანკი ფეთქდებაო, ეს კი მართალია, მაგრამ ადვილი განსახორციელებელი არაა. მით უმეტეს იმ ტექნოლოგიური შეზღუდვების ფონზე, რომელიც რუსეთს დღეს აქვს. ფაქტია, რომ ახლა სერიოზული თავსატეხი გაუჩნდათ”, - დაასკვნის კაკაჩია.

 

“ესაა შეიარაღების კრიტიკული ზღვარი, რასაც დასავლეთი უკრაინაში აგზავნის, უკვე საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა რჩება და იმედია დასავლეთი ამაზეც წავა. ცოცხალი ძალაც მონაწილეობს, მოხალისეებიც სერიოზულ როლს თამაშობს. ფაქტიურად ძალები გათანაბრებულია, უკრაინაში მთელი დასავლეთი წარმოდგენილია. უკვე დასავლეთსა და რუსეთს სშორის სამხედრო დაპირისპირების პოლიგონად გადაიქცა, ამ გადაწყვეტილების ფონზე ასეა. სიტუაცია როგორ შეიცვლება, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს წელი გარდამტეხი იქნება. კრემლი დიდი ალბათობით უკან არ დაიხევს და ის კი არა, შესაძლოა სხვა მიმართულებითაც გახსნან რამდენიმე ფრონტი. მაგალითად კავკასიის მიმართულებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“რაც შეხება ნატოს ქვეყნების მისამართით შესაძლო საფრთხეს, რუსეთმა ატლანტიკის ოკეანის მიმართულებით ფრეგატი ადმირალი “გარშკოვი” გააგზავნა, რომელიც სტრატეგიული დამრტყმელი ბალისტიკური რაკეტებით “ცირკონებითაა” აღჭურვილი და უკვე ბერმუდის კუნძულებს მიუახლოვდა, ამერიკისგან 1000 კილომეტრითაა დაშორებული და ამით ბირთვული დარტყმის იმიტაცია შეუქმნა. ეს უკვე რუსეთის ბირთვული მუქარაა, რაც ყველაზე საინტერესოა, რუსული, ჩინური და სამხრეთ აფრიკის რესპუბლკის სამხედრო საზღვაო ფლოტის წარმოადგენლები სამხედრო საზღვაო წვრთნებს გამართავენ, ამაზე მეტი გამოწვევა რა უნდა იყოს. ომი უკვე იმ ფაზაში შვიდა, რომ მხარეებმა ბოლო რესურსამდე უნდა იბრძოლონ, სამწუხარო რეალობაა და ამასთან საქართველო წითელ ზონაშია”, -დასძენს ვახტანგ მაისაია.

წაკითხვა 271 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.