“ბოინგის” “უცნაურ” რაკეტას უკრაინელებს რუს ოკუპანტებზე გამოაცდევინებენ
“აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. პაკეტში გათვალისწინებულია GLSDB-ის მიწოდებაც. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს უფრო დიდი საბრძოლო სიშორე მოიპოვოს, ქვეყნის დასაცავი ოპერაციები ჩაატაროს და დაიბრუნოს სუვერენული ტერიტორიები, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული”, - განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა.
2023 წლის 3 თებერვალს ოფიციალურად გავრცელებულ ამ ინფორმაციას უკრაინაში გასული წლის ნოემბრიდან მოუთმენლად ელოდნენ. უკრაინის დამცველებს ჰაერივით სჭირდებათ ორ-სამ ასეულ კმ-მდე მფრენი მართვადი რაკეტები, რათა ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეებს მისწვდნენ და ზუსტად დააზიანონ რუსი ოკუპანტების საშტაბო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, რაც მძიმე პრობლემებს გაუჩენს რუსეთის არმიას ფრონტის ხაზის სხვადასხვა უბანზეც”, - წერს გზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “ბოინგის” “უცნაურ” ბომბრაკეტას უკრაინელებს რუს ოკუპანტებზე გამოაცდევინებენ...
“მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მიმდგარი უკრაინის არმია 300 კმ-მდე მფრენი ATACMS-ის რაკეტებით (რომლებიც სტარტს იღებენ “ჰაიმარსის” დანადგარებიდან) ბერისლავიდან (ნოვაია კახოვკასთან) ყირიმის ხიდამდეც მისწვდება და მთლიანად დაფარავს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ნებისმიერ წერტილს, ხოლო კრამატორსკის მიდამოებიდან გაშვებისას კი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებსაც “გამოთოფავს”... მიუხედავად არაერთი თხოვნისა (არა მარტო უკრაინის ხელისუფლების, არამედ თავად ამერიკელი კონგრესმენებისაც), პრეზიდენტი ბაიდენი, როგორც ჩანს, შეიკავებს თავს 300 კმ-მდე მფრენი ბალისტიკური რაკეტების გადაცემისგან იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ქალაქებზე მორიგი რუსული დაუნდობელი სარაკეტო დარტყმებით შურისძიების მიზნით უკრაინელმა სამხედროებმა საზღვრიდან 300 კმ-ში მდებარე რუსული ქალაქები: სმოლენსკი, ბრიანსკი, კალუგა, ორიოლი, კურსკი, ლიპეცკი, ვორონეჟი, ბელგოროდი ან დონის როსტოვი არ დაბომბონ ATACMS-ის ტონანახევრიანი ზეზუსტი ბალისტიკური რაკეტებით და პასუხის პასუხად კრემლიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება არ იქცეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აი, ასეთ სიტუაციაში საქვეყნოდ ცნობილი ამერიკული ავიაკოსმოსური კონცერნი “ბოინგი” თეთრ სახლს ძალზე საინტერესო გამოსავალს სთავაზობს, რითაც არც მწვადი დაიწვება და არც შამფური - ანუ მართალია, უკრაინელებს ექნებათ შორსმოქმედი ზუსტი იარაღი, მაგრამ ზემოჩამოთვლილ ბევრ რუსულ ქალაქს მაინც ვერ მისწვდებიან. ეს არის ამერიკული “ბოინგისა” და შვედური “სააბის” ერთობლივი არაორდინარული შეიარაღების სახეობა, რომლის ანალოგები მსოფლიოში, მგონი, არც არსებობს. თავად განსაჯეთ - წარმოიდგინეთ საავიაციო ბომბი, რომელსაც ბომბდამშენი თვითმფრინავი კი არ აგდებს, არამედ... "ჰაიმარსის" რაკეტა მიწიდან უშვებს და 130 კგ-იანი ბომბი 150 კმ-მდე მიფრინავს (პლანირებს) და უძრავ მიზანს ერთი-ორი მეტრის სიზუსტით ხვდება”, - განაგრძობს გამოცემა.
“საქმე ის არის, რომ “ჰაიმარსიდან” 45, 84, 150 და 300 კმ-ზე მფრენი სხვადასხვა კალიბრის მართვადი რაკეტების გაშვება შეიძლება, მაგრამ თითოეული ასეთი რაკეტა ძალიან ძვირად ფასობს, ამერიკელმა და შვედმა ინჟინრებმა კი საინტერესო გამოსავალს მიაგნეს - აიღეს "ჰაიმარსის" 227 მმ კალიბრის რაკეტის სამარშო-სარაკეტო ძრავა, მასზე დაამაგრეს პლანირებადი საავიაციო ბომბი GBU-39 და ასეთ სიმბიოზს უწოდეს GLSDB - ხმელეთიდან გასაშვები მცირე დიამეტრის ბომბი. რაკეტის ძრავისა და საავიაციო ბომბის “ნაჯვარი” სტარტს იღებს “ჰაიმარსის” დანადგარიდან, განსაზღვრული სიმაღლის მიღწევის შემდეგ 130 კგ-იანი ბომბი შორდება სარაკეტო ძრავას, ხსნის ორიგინალური კონსტრუქციის ფრთებს და იწყებს პლანირებას უძრავი მიზნისკენ, საითაც გზას GPS-ის დახმარებით მიიკვლევს. არსებობს ამ ბომბის გაუმჯობესებული ვარიანტებიც, რომლებიც აღჭურვილნი არიან ინფრაწითელი და აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების სისტემებითაც, რაც მოძრავი სამიზნის დიდი სიზუსტით დაზიანების საშუალებასაც იძლევა”, - დასძენს გამოცემა.
“ამ პლანირებადი საავიაციო ბომბის ჩვეულებრივი ვარიანტი კი, რომელიც დიდი რაოდენობით დამზადდა, მხოლოდ 40 ათას დოლარამდე ღირს, რაც ბევრად იაფია 150 კმ-ზე მფრენ “ჰაიმარსის” ER GMLRS-ის ტიპის თანამედროვე რაკეტაზე, რომლის ფასი 168 ათას დოლარს აღწევს, ხოლო 300 კმ ფრენის რადიუსის მქონე ოპერატიულ-ტაქტიკური მართვადი აერობალისტიკური რაკეტის ATACMS-ის ფასი კი ერთ მილიონ დოლარს აჭარბებს. GLSDB-ის კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რასაც “ჰაიმარსის” ყველაზე “ჭკვიანი” რაკეტაც ვერ შეძლებს - თუკი მოწინააღმდეგის პოზიცია მთის უკანა კალთაზეა, მისი დაზიანება რაკეტით ურთულესია, რადგან რაკეტის ფრენის ტრაექტორია ასე მკვეთრად ვერ შეიცვლება მთის წვერის გადაფრენის შემდეგ, GLSDB-ისთვის კი ეს პრობლემა არ არის, რადგან სარაკეტო ძრავას მოცილებული საავიაციო ბომბი პლანირებას იწყებს, შეუძლია მკვეთრი მანევრის შემდეგ გამობრუნდეს და მთის კალთაზე შეფარებულ მოწინააღმდეგეს ზურგის მხრიდან (საიდანაც არავინ ელოდება) დაეცეს”, - - წერს სტატიის ავტორი.
“PS. რუსეთთან უთანასწორო ომში მებრძოლი უკრაინელებისთვის ამ სასიამოვნო ინფორმაციაში მაინც არის ერთი დიდი მინუსი - “ბოინგი” მხოლოდ პენტაგონისგან შეკვეთის მიღების შემდეგ დაიწყებს უკრაინისთვის გადასაცემი GLSDB-ის დამზადებას, რასაც შეიძლება ცხრა თვეც დასჭირდეს და მხოლოდ ამ წლის ბოლოს მოესწროს, რაც შეიძლება ძალიან დაგვიანებულიც კი იყოს. მეორე მხრივ, ამერიკელები და ევროპელებიც ბოლო დროს სპეციალურად არასწორ ვადებსა და რაოდენობას ასახელებენ იმ სამხედრო დახმარების პარტიების შესახებ, რომელთა გადაცემას უკრაინის არმიისთვის აპირებენ, რითაც ცდილობენ დააბნიონ რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვის აგენტები და ანალიტიკოსები”, - დასძენს სტატიის ავტორი, სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი