რა მოხდა მარიუპოლში და რატომ გამწვავდა რუს მებრძოლებში შიდა დაპირისპირება

“სამშაბათს ღამით რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში მასირებული სარაკეტო იერიში განხორციელდა.

სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ “ჰაიმარსის” სტანდარტული ჭურვებით ეს შეუძლებელი იქნებოდა და სავარაუდოდ, უკრაინამ უკვე მიიღო 150 კილომეტრზე მოქმედი მართვადი რაკეტები. ეს კი ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ მნიშვნელოვან სიახლეებს მოასწავებს. ამის პარალელურად “ვაგნერის” ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება მწვავე ფაზაში გადავიდა. ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა ეს დაპირისპირება იქამდე მივიდეს, რომ “ვაგნერი” ბახმუტის მისადგომებიდან სადმე სხვაგან გადაისროლონ, რათა თუ ქალაქი უკრაინულმა არმიამ მართლაც გეგმაზომიერად დატოვა, “გამარჯვების გვირგვინი” მას არ შეხვდეს, რაც დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინელები უკვე 150 კილომეტრში ურტყამენ - რა მოხდა მარიუპოლში და რატომ გამწვავდა რუს მებრძოლებში შიდა დაპირისპირება.

 

“რაც შეეხება ფრონტზე არსებულ სიტუაციას, ანალიტიკოსთა შეფასებით, ახლა სამი აქტიური მიმართულებაა, მაგრამ დიდი წარმატებები რუსებს არ აქვთ. 24 თებერვალს, ომის დაწყების წლისთავზე კი “სიურპრიზებს” როგორც ერთი, ისე მეორე მხარისგან უნდა ველოდოთ. გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ამჟამად ფრონტზე სამი ცხელი წერტილია და არსებულ ვითარებაში მაქსიმუმი, რაც შეიძლება ფრონტზე რუსებმა გააკეთონ, ისაა, რომ გაზაფხულამდე ბახმუტი აიღონ. “ფრონტზე სამი ცხელი მიმართულებაა - უგლედარი, ბახმუტი და კურდიმოვკა. რუსებს მცირედი წარმატებები აქვთ, ინიციატივა მათ აქვთ, ცდილობენ, რომ ბახმუტს ფართო ალყა შემოარტყან. ამავე დროს მცდელობა დაიწყეს, რომ მოკლე ალყაც განახორციელონ... ჩემი აზრით, რუსეთი გაზაფხულამდე მაქსიმუმ რასაც შეძლებს, ისაა, რომ შეიძლება ბახმუტი აიღონ, მეტი ვერაფერი”, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ პოზიციური ბრძოლები მიდის და არც ერთ მხარეზე სერიოზული გარდაქმნები არ შეინიშნება. ხოლო ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით “სიურპრიზებს” უნდა ველოდოთ როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში სამშაბათს ღამით 11 აფეთქება მოხდა. თავად რუსი მიმომხილველები აღიარებენ, რომ უკრაინელთა საჰაერო თავდასხმა მოულოდნელი და მასშტაბური იყო. უკრაინული წყაროების ცნობით, მათ იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგი ცოცხალი ძალისა და შეიარაღების კონცენტრაციის ადგილებზე. თვითმხილველები კი წერენ, რომ ქალაქში ამის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდების და კომუნიკაციის პრობლემებია. რუსები სამხედრო მიმომხილველები “ტელეგრამზე” უკვე წერენ, რომ მარიუპოლს უკრაინელებმა, სავარაუდოდ, შორი მოქმედების რაკეტებით დაარტყეს, რადგან 70 კმ რადიუსზე მოქმედი “ჰაიმარსის” სტანდარტული ჭურვებით მარიუპოლს ფიზიკურად ვერ მისწვდებოდნენ. “ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, დაახლოებით ორი კვირის წინ ამერიკელებმა უკრაინას დამატებით “ჰაიმარსის” ტიპის დანადგარისთვის 150 კმ-მდე მოქმედი რაკეტები გადასცეს. ახალი რაკეტებია, შესაძლოა ექსპერიმენტულიც, რომელთა მახასიათებლებიც მკაცრად გასაიდუმლოებულია. ეს არ ჰგავს GLშDB ტიპის ჭურვებს, რომელთა უკრაინისთვის გადაცემაც მანამდე იყო დეკლარირებული”, - წერს რუსული ერთ-ერთი “ტელეგრამ” არხი. როგორც ვახტანგ მაისაია აცხადებს, სავსებით შესაძლებელია, რომ შორი მოქმედების რაკეტები ფრონტზე უკვე იყოს, რომელიც რუსებს საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს. გენერალი ვახტანგ კაპანაძეც ფიქრობს, რომ ეს ვარაუდი რეალობასთან ახლოსაა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ჭურვები უკრაინულმა მხარემ უკვე მიიღო, მათ შორის გაუმჯობესებული ვარიანტიც. ეს ბომბი შეიძლება დაახლოებით 12 კილომეტრის სიმაღლიდან დაუშვა თავისუფალი ვარდნის პრინციპით, აერობომბის ვარიანტში ვარდება, ფრთები გამოსდის და შეუძლია მართვადი სისტემის მეშვეობით მიზანს მიაღწიოს. მისი მართვა “ჯიპიეს” სისტემიდან ხდება. ასეთი იარაღის გამოჩენა ოკუპანტებს საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს. როგორც ჩანს, ამის გადაცემა ზესაიდუმლოდ მოხდა. მარიუპოლს უკრაინელები ისე ვერ მიწვდებოდნენ, ფრონტის ხაზიდან 70 კმ-ზე მეტითაა დაშორებული. ვერც დრონებით მოახერხებდნენ”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“ეს თუ მართლა რაკეტებით იყო, რატომაც არა. ამითიც შეეძლოთ, თუკი ეს მართლაც დაბომბვაა და არა დივერსიული საქმიანობა და დივერსიული აფეთქებები. 150 კმ-ზე მოქმედი ჭურვების რაოდენობასაც გააჩნია, მაგრამ ეს ფრონტზე არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის, ვინაიდან ეს საარმიო სიღრმეა. შესაბამისად, თუკი უკრაინა დააპირებს კონტრდარტყმა განახორციელოს, ამით შეძლებს, რომ მოწინააღმდეგის ეშელონები ზურგს მოწყვიტოს, ხოლო თუ თავდაცვაში იქნება, მოწინააღმდეგეს სიღრმეში კონცენტრირების საშუალება არ მისცეს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

 

“ვაგნერის” ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება მწვავე ფაზაში გადავიდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “ეგზალტირებული” უწოდა განცხადებებს, რომ “ვაგნერელებს”, რომლებიც არტიომოვსკის (ბახმუტის რუსული დასახელება) “გათავისუფლების ამოცანებს ასრულებენ”, საბრძოლო მასალების მიწოდებას უბლოკავენ. ამის საპასუხოდ გავრცელდა პრიგოჟნის აუდიო კომენტარი, სადაც იგი თავდაცვის სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებს. მისი ცნობით, ბახმუტის რაიონში “ვაგნერის” გარდა არცერთი რუსული ქვედანაყოფი არ იმყოფება და მათ საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად მოთხოვნილი საბრძოლო მასალების 80%-ს არ აწვდიან. მეტიც, პრიგოჟინი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრო მათ საბრძოლო ავიაციის გამოყენებასაც უზღუდავს და ჩვეულებრივ მესანგრის ნიჩბებსაც კი არ აწვდის, რომლებიც აუცილებელია ახალი საბრძოლო პოზიციის დაკავებისა სანგრების ოპერატიულად გათხრისათვის”, - დასძენს გამოცემა.

 

“პრიგოჟინის ეს რადიკალური და ემოციური მიმართვა დროში დაემთხვა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყველწლიურ საანგარიშო გამოსვლას. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას ჩამოთვალა ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციებში ჩართული საბრძოლო შენაერთები, მათ შორის “როსგვარდიაც”, დონეცკელი და ლუგანსკელი მოხალისეებიც, მადლობა გადაუხადა მათ ხელისუფლების სახელით, მაგრამ ერთხელაც არ უხსენებია “ვაგნერი”. მეორე დღე კი პრიგოჟინმა ახალი ემოციური მიმართვა გაავრცელა, რომელსაც თან ახლდა რამდენიმე ფოტო. მათზე გარკვევით ჩანს ერთად თავმოყრილი რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცის ცხედარი. პრიგოჟიმის განცხადებით, ეს ის “ვაგნერელები” არიან, რომლებიც ბოლო 24 საათში ბახმუტთან დაიღუპნენ მხოლოდ იმის გამო, რომ საბრძოლო მასალები გაუთავდათ. ვახტანგ მაისაიას თქმით, ეს შიდა დაპირისპირებები ფრონტზე აუცილებლად აისახება, თუმცა კრემლი სიტუაციას ჯერჯერობით აკონტროლებს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ფედერალური სათათბიროს წინაშე გამოსვლისას პუტინმა “ვაგნერი” არ ახსენა, მაგრამ რა თქმა უნდა იუგულისხმა. არ მგონია პრიგოჟნი მოიშორონ, რადგან მის დაჯგუფებას თავისი ამოცანა და მისია აქვს. “ვაგნერის” დაფინანსება მილიარდობით დოლარს აღწევს. ალბათ შიდა კორუფციაა, პლუს დაპირისპირება, რადგან პუტინმა შესთავაზა, რომ დაქირავებული მებრძოლების მთავარსარდალი კადიროვი გახდეს. შიდა დაპირისპირებები ფრონტზე აისახება, მაგრამ ჯერჯერობით სიტუაციას აკონტროლებენ. თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს. პრიგოჟინი კრემლში პუტინის გამოსვლაზე არ მიიწვიეს, მაგრამ ე.წ. სპეცოპერაციის რეალიზაციის 60% მაინც “ვაგნერზე" მოდის”, - ამტკიცებს მაისაია. ვახტანგ კაპანაძე კი აცხადებს, რომ ბახმუტისკენ და ზოგადად დონეცკის ოლქში რუსების მხარეს მხოლოდ “ვაგნერი” არ იბრძვის და ნაკლებ სავარაუდოა, რომ თუ დაპირისპირება გაღრმავდა, ამან ფრონტზე იმოქმედოს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

 

“ფაქტია, რომ ვითარება დაძაბულია. პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს გენერლებს მოღალატეებიც კი უძახა, რადგან ამბობს, რომ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალას არ აძლევენ, დახმარებას არ უწევენ. არაა გამორიცხული, რომ ბახმუტის მიმართულებაზე ამოცანის შესრულების შემდეგ პრიგოჟინი საერთოდაც სხვაგან გადაისროლონ, რომ “გამარჯვების გვირგვინი” მას არ შეხვდეს. რაც შეეხება იმას, თუ ეს დაპირისპირება როგორ აისახება ფრონტზე, ბახმუტისკენ მხოლოდ ვაგნერი არ უტევს, აქ სადესანტო და სხვა დანაყოფებიც არიან. ზოგადად, დონეცკის რაიონში 160-ზე მეტი რუსული ბატალიონია. ერთი პერიოდი რუსეთს მითები სჭირდებოდა და “ბრწყინვალე გამარჯვებები” “ვაგნერს” მიაწერეს, მაგრამ ახლა აღარ სჭირდებათ და აღარც უნდათ, რომ ეს “გამარჯვებები” პრიგოჟნმა აიღოს”, - დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე.

წაკითხვა 284 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.