"პუტინს ბელარუსის გაკონტროლება ყოველთვის შეუძლია"- Deutsche Welle

გერმანული რადიო „დოიჩე ველეს“ («Deutsche Welle») ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინს ბელარუსის გაკონტროლება ყოველთვის შეუძლია - ლუკაშენკოსთან ერთად და მის გარეშეც“, რომლის ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი კონსტანტინ ეგერტი თვლის, რომ პროტესტების მიუხედავად, ბელარუსი რუსეთის ორბიტაზე დარჩება, ვლადიმერ პუტინს აქვს ამის შესაძლებლობა.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

„ევროკავშირმა ალექსანდრე ლუკაშენკოს სტატუსი არალეგიტიმურად აღიარა. ახლა „ბატკას“ ხელები გახსნილი აქვს - მას შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც მოესურვება. ალექსანდრ გრიგორევიჩს უკვე აღარ ჭირდება დასავლეთს თავი მოაჩვენოს, რომ ბრიუსელის ხმას მისთვის მნიშვნელობა აქვს. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა (ყოფილმა - ევროკავშირის აზრით) კატეგორიულად მოითხოვა ძალოვანი სტრუქტურებისაგან, რომ ქვეყანაში უწესრიგობები შეწყდეს, რომლებიც, მისი აზრით, გარედან არის პროვოცირებული. ბელარუსის ელჩებმა უცხოეთის ქვეყნების ლიდერები უნდა გააფრთხილონ, რომ მათი განცხადებები ბელარუსის მოვლენებზე ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად იქნება აღქმული.

 

ალექსანდრე ლუკაშენკოს გააქტიურების ასეთ მიზეზს, როგორც ჩანს, მის კოლეგა ვლადიმერ პუტინთან ოთხი სატელეფონო საუბარი წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტი მისი ერთადერთი რეალური მოკავშირეა. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს მაინცდამაინც დიდ პირადი სიმპათიები არ აქვს ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ, კრემლის ბინადარი მაინც ყველაფერს გააკეთებს, რომ „ბატკას“ დაეხმაროს - პოლიტიკურად და, თუ საჭირო იქნება, ფიზიკურადაც - და ეს მწარე დღეები გადაატანინოს. ვლადიმერ პუტინი მსოფლიოში ყველა დიქტატურის დამცველ-დამხმარედ ითვლება, მაგრამ მის თვალში ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც ბელარუსის მმართველი რეჟიმი ითვლება.

 

თუ ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლება სახალხო რევოლუციის შედეგად დაეცემა, ეს ფაქტი ვლადიმერ პუტინის პრესტიჟს დიდ ზიანს მიაყენებს როგორც რუსეთის შიგნით, ასევე მის გარეთაც. რუსი ლიდერი შეშფოთებულია იმით, რომ ბელარუსული ოპოზიციის წარმატება მაგალითი გახდება რუსი ოპოზიციისთვისაც, რუსეთის მოსახლეობისთვისაც, რომელიც მისი ოცწლიანი მმართველობით დაიღალნენ. კიდევ უფრო მეტად საშიშია ვლადიმერ პუტინისათვის ის, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს დამხობით რუსული ელიტა მისი როგორც რუსეთის პრეზიდენტის სისუსტეს დაინახავს.

 

რუსეთმა ჯარიც რომ არ გაგზავნოს ბელარუსის ხელმძღვანელობისათვის „ძმური დახმარების“ გასაწევად (თუმცა ამ ვერსიის სრული გამორიცხვა არ შეიძლება), კრემლს „თეთრ რუსეთზე“ - ბელარუსზე გავლენის მოსახდენად სხვა ბევრი ინსტრუმენტებიც აქვს: დაზვერვის და დაკვირვების ელექტრონული საშუალებები, დიდი ფული და გიგანტური პროპაგანდისტული მანქანა - ეს ყველაფერი, ალბათ, უკვე ალექსანდრე ლუკაშენკოს განკარგულებაშია. ვრცელდება ცნობები, რომ ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის გაფიცული თანამშრომლები რუსეთიდან გადაყვანილმა „რაშა თუდეის“ ტელეოპერატორებმა და ტელერეჟისორებმა ჩაანაცვლეს. ისიც სიმპტომატურია, რომ მოსკოვიდან მინსკისკენ რამდენიმე თვითმფრინავი გაფრინდა, რომლის მგზავრები ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნები და თანამშრომლები იყვნენ, ანუ მოსკოვი მასშტაბურ დახმარებას უწევს ბელარუსის სპეცსამსახურებს და მილიციას. ეს არც არის გასაკვირი და ამაში ფორმალურად არანაირი უკანონობა არ არის - ორი სახელმწიფო ხომ იურიდიულად ერთმანეთთან სამოკავშირეო ვალდებულებებით არიან დაკავშირებულნი.

 

მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მოკავშირეობის მიუხედავად.

 

თუ ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლის დახმარებით ამ საშიშ დღეებს გადაიტანს, მას გადარჩენის სანაცვლოდ მნიშვნელოვანი ფასის გადახდა მოუწევს. სავარაუდოდ, მინსკი იძულებული იქნება ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში აღიაროს, [ასევე აღიაროს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა], მისცეს რუსეთს სამხედრო ბაზების შექმნის უფლება ბელარუსის ტერიტორიაზე და მოახდინოს ფინანსური პოლიტიკის უნიფიცირება. ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის ძველი მოთხოვნებია, რომლებსაც ალექსანდრე ლუკაშენკო არ ეთანხმებოდა, ახლა კი მოუწევს. მათი შესრულების შემთხვევაში ბელარუსი დე-ფაქტოდ გადაიქცევა რუსეთის რეგიონად.

 

თუ პროტესტების შედეგად ალექსანდრე ლუკაშენკო მაინც გახდება იძულებული მინსკში რესპუბლიკის სასახლე დატოვოს, ეს, ცხადია, ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტისათვის დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ მაშინ კრემლი, ალბათ, გეგმა „ბ“-ს განახორციელებს: ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მთელი ძალების გამოყენებით შეეცდება რომელიმე დამყოლი პრორუსი კანდიდატის გაყვანას, ვინც არ უნდა იყოს იგი.

 

განუსაზღვრელ დაფინანსებასა და რუსეთის მასმედიისაგან ენერგიულ მხარდაჭერას ბელარუსის ბიუროკრატიაში ყველა დონეზე არსებული მომხრეებისა და გავლენის აგენტების მუშაობაც დაემატება. ასეთი „მეხუთე კოლონის“ სწრაფი ნეიტრალიზება ძალიან რთული იქნება, თუნდაც ალექსანდრე ლუკაშენკო წავიდეს. ასე რომ, ვლადიმერ პუტინს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბელარუსი თავის ორბიტაზე დაიტოვოს, ოდნავ განსხვავებით ძველი კოორდინატებისაგან, მაგრამ მაინც“.

 

წყარო: რადიო Deutsche Welle - https://p.dw.com/p/3hDwz

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 580 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 21 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.