Deutsche Welle - მოსკოვის ყოფნას სამხრეთ კავკასიაში დრო გაუვიდა, თურქეთის დრო დგება

გერმანული რადიოსადგურის „დოიჩე ველეს“ («Deutsche Welle») ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია რუსი ჟურნალისტის, პოლიტიკური მიმომხილველის კონსტანტინე ეგერტის კომენტარი სათაურით „მოსკოვის ყოფნას სამხრეთ კავკასიაში დრო გაუვიდა, დგება თურქეთის დრო“, რომელშიც იგი აანალიზებს რეგიონში არსებულ სიტუაციას და გარკვეულ პროგნოზებს აკეთებს.

 

„ვლადიმერ პუტინს არასდროს მიუცია ისეთი ფრთხილი და დელიკატური ინტერვიუ, როგორც ეს მან 17 ნოემბერს რუსულ მასმედიას მისცა მთიანი ყარაბაღის პრობლემატიკაზე. ოფიციალური მოსკოვი მუდმივად იმეორებს, რომ თურქები არ ჩაერევიან სამშვიდობო მისიის შესრულების პროცესში, მაგრამ აშკარაა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეები უკვე ოფიციალურად ასრულებენ სამხედრო-პოლიტიკურ ფუნქციას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიაში, რომელიც რუსეთისთვის ერთობ მგრძნობიარე რეგიონად ითვლება. თურქების მოქმედება იმის გამოხატულებაა, რასაც პუტინის რეჟიმი მუდმივად უფრთხოდა. ამისთვის კრემლმა თავისი ნეოიმპერიული „პრივილეგირებული ინტერესების ზონის“ კონცეფციაც შეიმუშავა.

 

ვლადიმერ პუტინის ინტერვიუ სიტუაციის შელამაზების მცდელობას წარმოადგენს: იგი ლაპარაკობს, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა, რომ რეჯეფ ერდოღანი ის კაცია, რომელმაც რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული ისტორიული ანტაგონიზმი გადალახო (კონრად ადენაუერისა და შარლ დე გოლის მსგავსად, რომლებმაც გერმანელები და ფრანგები შეარიგეს) და ერთგვარ სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ თავის დროზე სომხეთმა არ გააკეთა მთიანი ყარაბაღის მიმართ ის, რაც რუსეთმა ყირიმის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ განახორციელა.

 

რეჯეფ ერდოღანთან კრემლის მრავალწლიანი თამაშის მთავარ მიზანს ნატოს სამხრეთის ფლანგის დასუსტება და ალიანსში განხეთქილების შეტანა წარმოადგენდა. რასაკვირველია, თურქეთის პრეზიდენტს ეს ყველაფერი კარგად იცის და ისიც თავის მხრივ, ცდილობს სიტუაცია საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს. თურქეთის „კავკასიური ნახტომი“ და მისი ფაქტიური მონაწილეობა რუსეთის რეგიონული მოკავშირის წინააღმდეგ მიმართულ ომში - ეს არის ის, რაც ადასტურებს მოსკოვ-ანკარის [მტკიცე] პარტნიორობის იმიტაციას. კრემლის თურქეთთან თამაშები ვლადიმერ პუტინისათვის სამომავლოდ არასასიამოვნო შედეგების მომტანი იქნება.

 

აშკარაა, რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში თავის გავლენას გააძლიერებს და არა მარტო იქ. ანკარის ამოცანაა დომინირებული ძალა გახდეს შავი ზღვის რეგიონში. ამ საკითხში მას მხარს დაუჭერს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც, რომლის მიზანს ნატოს რიგების გამთლიანება წარმოადგენს. ჯო ბაიდენი, ალბათ, ბარაკ ობამას პოლიტიკას გააგრძელებს, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ნატოს რიგებში თურქეთის შენარჩუნებას.

 

როგორც თბილისში ჩემი კონტაქტების წყალობით ვიცი, სომხეთის (ანუ პუტინის) დამარცხებამ საქართველოში ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება გამოიწვია. ამ ფონზე საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა, რომელიც ბოლო ათწლეულებში დადებითად ვითარდებოდა, ალბათ, უფრო გაუმჯობესდება - კავკასიაში ხომ ძლიერებს და წარმატებულებს ყოველთვის პატივს სცემენ.

 

გავრისკავ და ვივარაუდებ, რომ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ (იგი მუდმივად ამბობდა, რომ მოსკოვის გაღიზიანება არ შეიძლებაო), ნატოს თავისუფლად შეუძლია საქართველოს „მაპი“ (Membership Action Plan) შესთავაზოს, მით უმეტეს, რომ ბოლო შავი ზღვის რეგიონს ბრიუსელი საკვანძო რეგიონად მიიჩნევს... თუმცა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამისთვის მზად. საერთო ჯამში, დონალდ ტრამპის შემდეგ გერმანია და საფრანგეთი შეეცდებიან ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ამიტომ დიდი შანსია იმისა, რომ ბუქარესტის სამიტზე დიდი ხნის წინ მიცემული დაპირება საქართველოს აუსრულდეს.

 

სხვათა შორის, თბილისმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ მიანიშნა ნატოს, რომ გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებაში საქართველო მზად არის სპეციალურად აღინიშნოს ერთი მომენტი: ალიანსის პასუხისმგებლობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე არ გავრცელდება. როგორ მოიქცევა ასეთ სიტუაციაში კრემლი? 2008 წელს, თეორიულად მაინც, რუსული ტანკებით თბილისზე შეტევა შეიძლებოდა, დღეს ამის განხორციელება საეჭვოა. არამარტო გარდაუვალი სანქციების შიშით. უბრალოდ, ახლა რუსეთს საქმე ექნება რეგიონის ახალ და ძლიერ მოთამაშესთან - თურქეთთან.

 

აცნობიერებს თუ არა ვლადიმერ პუტინი იმას, რომ დრო, როცა მოსკოვი პოსტსაბჭოთა სივრცეზე დომინირებდა, უკან მოუბრუნებლად წავიდა? ამ კითხვაზე შეიძლება პარადოქსული პასუხი გავცეთ: ალბათ, აცნობიერებს. „აზერბაიჯანი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა. მას უფლება აქვს თვითონ ამოირჩიოს თავის მოკავშირე, ვინ ეტყვის მას ამაში უარს?“, - ამბობს ვლადიმერ პუტინი ინტერვიუში. პარადოქსული ისაა, რომ მისი ნათქვამი თითქმის ზუსტი ციტირებაა იმისა, რაც ნატოს დოკუმენტებშია მოცემული. ეს თბილისსაც ეხება. და თუ საქართველო ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდება, ამაში რეჯეფ ერდოღანს უნდა უმადლოდეს.

 

წყარო: https://p.dw.com/p/3lVg4

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 555 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.