რატომ დამარცხდა სომხეთი?
საფრანგეთის გაზეთ „ლე მონდ“-ის («Le Monde») 18 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „რატომ დამარცხდა სომხეთი? ერევანმა ქრისტიანული რუსეთის მითი დაიჯერა“, რომლის ავტორია ოლივიე რუა - ცნობილი ფრანგი პოლიტოლოგი, რეალიგიათმცოდნე, ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
„აზერბაიჯანთან თავისი სამხედრო მიუხედავად, სომეხი ლიდერები, ისევე როგორც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, შეცდომით თვლიდნენ, რომ ქრისტიანული მოსკოვი დასავლეთის ბოლო საყრდენად რჩება ისლამთან დაპირისპირებაში. სინამდვილეში კი ასეთი რწმენა ილუზია აღმოჩნდა.
რატომ მოხდა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთი საკმაოდ იოლად დამარცხდა? რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით ტექნიკური მიზეზები: საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში სომხებს, რომელთაც ხანგრძლივი სამხედრო ისტორია გააჩნდათ ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი საბჭოთა არმიაში სამსახურით, საომარ ტრადიციებში უპირატესობა ჰქონდათ, ვიდრე მსგავსი ტრადიციების არმქონე აზერბაიჯანელებს. შესაბამისად, 1994 წელს სომხებმა გააკონტროლეს მთიანი ყარაბაღი და მის ირგვლივ დამატებითი აზერბაიჯანული ტერიტორიებიც დაიკავეს. მაგრამ სომეხთა სამხედრო უპირატესობა თანდათან გაქრა 2003 წლიდან - აზერბაიჯანის ხელისუფლებაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოსვლის შემდეგ: ბაქოს სამხედრო ბიუჯეტმა სომხეთისას თითქმის 7-ჯერ გადააჭარბა. აზერბაიჯანის არმიის რიცხოვნება კი, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, სამჯერ მეტად გაიზარდა. ეს იმ დროს, როცა სომხეთს დემოგრაფიული პრობლემები გაუჩნდა, 1990-იანი წლებიდან.
მაგრამ ყველაფერი ამით ვერ აიხსნება. ყველა ხედავდა, რომ აზერბაიჯანი არმიის გადაიარაღებას ახორციელებდა და ემზადებოდა იმ ტერიტორიის დასაბრუნებლად, რომელსაც თავისად მიიჩნევდა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც დისტანცირება მოახდინა მამისაგან - ჰეიდარ ალიევისგან, ანუ დამარცხებული პრეზიდენტისაგან - ქვეყნის გამთლიანება თავისი პირად მიზნად გაიხადა და მისი რეალიზებისათვის მატერიალური და ფინანსური რესურსებიც დააგროვა. გულახდილად რომ ვთქვათ, განა აზერბაიჯანის არმიის შეტევას რაიმე მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა? არაფერი ამის მსგავსი. ყველა ხედავდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე დაძაბულობა ორი წლის განმავლობაში მატულობდა. თავის მხრივ, ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ რუსებმაც, რომლებსაც ორივე ქვეყანაში მტკიცე პოზიციები ჰქონდათ. ამიტომაც გასაკვირია, რატომ არ ელოდებოდა სომხეთი აზერბაიჯანის არმიის შეტევას, რატომ ვერ გათვალა ერევანმა ბაქოს ტაქტიკა და სტრატეგია.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კიდევ ერთმა ფაქტორმა: სომხეთს იმედი ჰქონდა, რომ მოსკოვი ძველებურად ურყევად დაუჭერდა მხარს ერევანს „თურქული“ და მუსლიმანური მუქარების წინააღმდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, სომხებმა დაიჯერეს რუსეთის ქრისტიანული სახე, რომელიც დასავლეთის უკანასკნელ ბურჯად ითვლება იმ დიდი რღვევის ხაზზე, რომელიც მას ისლამისაგან აშორებს და სადაც სომხეთი შეიძლება ავანგარდში აღმოჩნდეს. რუსეთს შეეძლო აზერბაიჯანისთვის ანტისომხური შეტევა გადაეთქმევინებინა.
ქრისტიანული რუსეთის სახე 20 წლის განმავლობაში დასავლელ გეოპოლიტიკოსებს ტვინს უფორიაქებდა, განსაკუთრებით უკიდურეს მემარჯვენეებს, რომელთაც უყვართ მიგრაციის პრობლემის დაკავშირება გეოსტრატეგიასთან: „არიქა, ისლამი დასავლეთს ემუქრება როგორც შიგნიდან, ისევე გარედან... დასავლეთის უკანასკნელ იმედს ქრისტიანული რუსეთი წარმოადგენს“. ასეთი თვალსაზრისი არასწორია და ხელს არ უწყობს რუსული ხედვის გაგებას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება რუსული რეალური ძალის ბალანსს და არა გეოსტრატეგიის „დასავლურ“ და მით უმეტეს, „ქრისტიანულ“ კონცეფციას.
რუსეთს სურს თავისი სანუკვარი მოქმედების სივრცე დაიბრუნოს. მოსკოვისათვის მუსლიმანები დაბრკოლება კი არ არის, არამედ მისი ერთ-ერთი კოზირია, რომელიც მან ერთხელ უკვე გაათამაშა საქართველოს დასამცირებლად, როცა მან მხარი დაუჭირა აფხაზეთს, როცა დაიბრუნა კონტროლი ჩეჩნეთზე. სხვათა შორის, ჩეჩნეთი ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ერთადერთი ტერიტორიაა, სადაც შარიათი მოქმედებს და იმავდროულად აქებ-ადიდებენ, შეიძლება ასე ითქვას - სრულიად რუსეთის „ქრისტიან“ მეფეს, რაც, თავის მხრივ, ხელს არ უშლის მოსკოვის მასმედიას მთელ მსოფლიოს გასაგონად დასცინოს ფრანგული ქალაქების გარეუბნების ისლამიზაციას.
თურქეთი, როგორც ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე, უკვე აღარ ითვლება რუსეთის დაუძინებელ მტრად და თუმცა რეჯეფ ერდოღანი ხალიფას როლს ასრულებს, მისი პოლიტიკა შედარებით უფრო ნაკლებ ოსმანურია. სამ ფრონტზე - სირიაში, ლიბანში, აზერბაიჯანში - თურქეთის ჯარები და მათი მოკავშირეები რუსეთის ჯარებთან ერთად არიან და ზოგჯერ ზუსტად ვერ გაიგებთ, ვის მხარეზე გამოდიან ან თურქები და ან რუსები. ის დანაკარგები და ზარალი, რომელსაც ზოგჯერ ისინი ერთმანეთს აყენებენ, მოსკოვი და ანკარა შემთხვევითობად მიიჩნევენ. ორივე მნიშვნელობას ანიჭებს პრაგმატულ მიდგომებს - კონფლიქტის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ეს ნორმალურად უნდა აღვიქვათ. სტრატეგიაზე ლაპარაკის დროს ჩვენ კონფლიქტების მიმართ ნაკლებად კულტურალისტური და უფრო მეტად რაციონალური წარმოდგენები უნდა გვქონდეს. ასეთ მომენტებში რუსული ცინიზმი შეიძლება დაგვეხმაროს, ან უბრალოდ ამის გაკეთებას გვაიძულებს“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო