November 21, 2024

თბილისი სიძვირით უკვე დიდ ევროპულ ქალაქებს არ ჩამოუვარდება

“თბილისში ტურისტებისთვის ცხოვრება გაძვირდა და თითქმის წამყვან ევროპულ ქალაქებს დაეწია.

ფასი გაიზარდა მომსახურების კუთხითაც, რაც არა მხოლოდ სტუმრებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც უქმნის პრობლემას. ახლა, ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგში საქართველო 181-ე ადგილზეა. თბილისში ცხოვრება ყოველთვის უფრო ძვირი იყო, ვიდრე რეგიონის სხვა ქალაქებში. ტურისტულად ცხოვრების დონის გაძვირებას ერთი დადებითი შედეგი მოაქვს ეკონომიკური კუთხით, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ფასების მატება მოქმედებს ადგილობრივ მოსახლეობაზე, რაც მათ დისკომფორტს უქმნის. 2022 წლის რეიტინგში თბილისს სიძვირით 217-ე ადგილი ეკავა. წელს საქართველოს დედაქალაქმა რეიტინგში 36 ადგილით დაწინაურდა და 181-ე ადგილზე გადაინაცვლა. ცნობისთვის, უცხოელი სპეციალისტებისთვის წელს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქებია ჰონგ-კონგი, სინგაპური და ციურიხი. რეიტინგის ავტორებმა უცხოელებისთვის ყველაზე იაფ ქალაქებს შორის დაასახელეს ტაშკენტი, ანკარა, დუშანბე, ბიშკეკი და ჰავანა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თბილისი უკვე დიდ ევროპულ ქალაქებს არ ჩამოუვარდება სიძვირით / “ტურისტი რამდენიმე დღეში მიდის, თუმცა მაღალი ფასები, რაც ქვეყანაში იყო, არ მცირდება, რაც დიდი პრობლემაა ადგილობრივებისთვის”.

 

“როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს დედაქალაქში ცხოვრება ყოველთვის უფრო ძვირია, მისი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე. თბილისი უკვე დიდ ევროპულ ქალაქებს არ ჩამოუვარდება სიძვირით. “როდესაც ამა თუ იმ ქალაქში არსებულ სიძვირეზე ვსაუბრობთ ყურადღება ორ ასპექტს უნდა მივაქციოთ. ერთი - რამდენად ძვირია ქვეყანაში ცხოვრება ადგილობირივ მოსახლეობისთვის და მეორე - რამდენად ძვირია უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში გარკვეული ვადით არიან ჩამოსული. უცხოური ფაქტორი რომ გამოვრიცხოთ, თბილისში ცხოვრება ყოველთვის უფრო ძვირი იყო. ეს დაკავშირებულია ცხოვრების რიტმთან. ბიზნესისა და ეკონომიკური აქტივობის დიდი ნაწილი დედაქალაქზეა მიბმული. ბოლო მონაცემებით, ბიზნესის ბრუნვის ორი მესამედი და პროდუქციის გამოშვების ნახევარი თბილისზე მოდის. მთელ დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მეტი წილი უკავია ამ მაჩვენებლებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ასახვას ჰპოვებს ცხოვრების ღირებულებაზე”, - ამბობს არჩვაძე, რომლის აზრით, “მედლის მეორე მხარე ის არის, რომ შემოსავლები თბილისში უფრო მაღალია მოსახლეობის ერთ სულზე, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“უცხოელები, ვინც დაინტერესებული არიან საქმიანი ურთიერთობით, ინვესტიციებით, მათთვისაც საკმაოდ ძვირია აქ ცხოვრება. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ სამომხმარებლო დოვლათზე, არამედ იმაზე რამდენად არის დედაქალაქში მათი განთავსებისათვის საკმარისი და სასურველი სტანდარტების საცხოვრისი, უძრავი ქონება, რესტორნებისა და კაფეების ქსელი და ა.შ. როცა ნაკადი იზრდება და საკმარისი მიწოდება არ გაქვს, ამან შეიძლება ხელოვნური გაძვირება გამოიწვიოს. 1990-იანების დასაწყისში საქართველოში და თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ერთადერთი სასტუმრო იყო “შერატონ მეტეხი პალასი”, ხოლო დღეს ყველა ფეხის ნაბიჯზეა ასეთი ობიექტები. ტრადიციულად, თბილისში მომსახურების ღირებულება არასდროს ყოფილა დაბალი და ნამდვილად არ ჩამოუვარდება ევროპას სიძვირით”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.

 

“ფასების მატება პირველ რიგში ადგილობრივებს უქმნის დისკომფორტს, ამიტომაც საერთაშორისო ტურიზმის თანმდევი პროცესები მოსახლეობაზე არც თუ ისე კარგად აისახება. დედაქალაქში ცხოვრება ისედაც ძვირია, როგორც მომსახურების თუ პროდუქტების ღირებულების, ასევე სხვა კუთხითაც. ახლა როცა, თბილისში ცხოვრება გაძვირდა, ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს, განსაკუთრებით ტურისტულად აქტიურ პერიოდში. სოციოლოგ პაატა აროშიძის შეფასებით, საერთაშორისო ტურიზმს ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა ამ დროს ასევე იზრდება ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯიც”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ტურიზმისათვის სიძვირე დამახასიათებელია, განსაკუთრებით საერთაშორისო ტურიზმში ჩართული ქვეყნებისათვის. როდესაც უცხოელი ტურისტები ჩამოდიან და ჩამოაქვთ თანხა, რომელიც მათ ქვეყანაში არის გამომუშავებული და ეს უნდა დაიხარჯოს სხვა ქვეყანაში. სეზონურად აქტიურ პერიოდში საქართველოს კურორტებზე ცხოვრებისთვის უფრო მეტი თანხაა საჭირო, ვიდრე ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე. სეზონური თუ არასეზონური პროდუქცია, ხილი თუ ბოსტნეული თუ სხვა აქტიურ ზონებში მაგალითად, თბილისში, ბათუმში, ბორჯომი, გუდაურში უფრო ძვირი ღირს, ვიდრე იქ, სადაც ტურისტული აქტივობა ნაკლებია. როცა ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმი განვითარებულია, გარდა იმისა, რომ ამას ქვეყნისთვის ფული შემოაქვს, აქვს მეორე მხარეც - იზრდება ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯიც. ძვირდება ცხოვრება, კვება, მომსახურება და ა.შ. ტურისტი შემოდის და რჩება რამდენიმე დღე, შემდეგ მიდის, თუმცა ის მაღალი ფასები, რაც ქვეყანაში იყო, რჩება და არ მცირდება, რაც ნამდვილად დიდი პრობლემაა”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.

წაკითხვა 541 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.