“კობახიძემ მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა"-გია ხუხაშვილი
“ვითარება, სულ ცოტა, არასასიამოვნოა - გვაქვს არა მარტო პოლიტიკური, არამედ მრავალვექტორიანი კრიზისი. საქართველოს წინაშე დგას სახელმწიფოებრივი გამოწვევები, დაკავშირებული სოციალურ რისკებსა თუ პანდემიასთან და რაც ყველაზე საყურადღებოა, რეგიონშია მძიმე ვითარება - გააქტიურდნენ რეგიონული მოთამაშეები და საფრთხე იმისა, რომ დასავლეთი რეგიონში თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს, ძალზე დიდია.
ამ ყველაფერს დამატებული პოლიტიკური კრიზისი და არასტაბილურობა ქმნის ერთგვარ კუმულაციურ საფრთხეს, რომ ამ ყველა ამ რისკმა შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იმუშაოს. თითქოს დღეს პოლიტიკური კრიზისის გადალახვის ფორმულა არ ჩანს - შესაძლოა ეს მძიმედ წარიმართოს - ქუჩაში წასულ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის სრულიად ბუნდოვანი სცენარებით, ასევე შესაძლებელია წარიმართოს შედარებით მსუბუქად - საპარლამენტო პროცესით, რაც ნაკლებ რისკებს უკავშირდება. შესაბამისად, ნაკლებად დაზიანდება სახელმწიფო ინტერესებიც. ჯერჯერობით ყველაზე ცუდი სცენარით მიდის პროცესები. ვნახოთ, კიდევ არის იმედი, რომ ამას თავს დავაღწევთ”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გვაქვს არა მარტო პოლიტიკური, არამედ მრავალვექტორიანი კრიზისი”.
“კობახიძემ ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა - ერთი მხრივ, ლაპარაკობდა კომისიაზე, მეორე მხრივ კი პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის მოხსნასა და დაფინანსების შეწყვეტაზე, რაც ძალიან მიუღებელიცაა და აბსურდულიც. ეს ანგრევს მოლაპარაკების სივრცეს და ძალიან ჰგავს შულერულ თამაშს. ვფიქრობ, ამ პოზიტიური შეთავაზების დროს თავი უნდა შეეკავებინათ მუქარისგან... ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს საგამოძიებო კომისია, რომელიც მხოლოდ ხმებს გადათვლის. მან უნდა შეისწავლოს ყველა გარემოება - წინასაარჩევნო მოსყიდვა-დაშანტაჟების შემთხვევებით დაწყებული, არჩევნების დღით გაგრძელებული და დაუბალანსებელი და ხელმოწერაგაყალბებული ოქმებით დასრულებული. თუ კომისიამ დაადგინა, რომ ამ დარღვევების მასშტაბი ისეთი იყო, რომ არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგი და ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვას დათანხმდება, ეს იქნება კარგი პრეცედენტი სამომავლოდაც. დღეს ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ დარღვევები და გაყალბება არ ყოფილა. არა, იყო და ამას მაინცდამაინც ხელისუფლებაც არ უარყოფს, მაგრამ ოპოზიცია ვერ ამტკიცებს, იყო თუ არა ეს იმგვარი მასშტაბის, რაც შედეგს არსებითად შეცვლიდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ამ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. კომისიის ამოცანა ზუსტი პროცენტის დათვლა კი არ უნდა იყოს, არამედ დარღვევების სისტემურობის დადგენა. ეს არის სახელმწიფოებრივად სწორი გზა, რაც აგვაცილებს რყევებს, გადაგვაგორებინებს რთულ ზამთარს, კრიზისი კი არ გადაილახება, მაგრამ ცოტა ხნით დაიხურება... ოპოზიციას შეუძლია დარჩეს ბოიკოტის რეჟიმში. აუცილებელი არ არის სრულფასოვნად დაიწყოს პარლამენტში მუშაობა. მას შეუძლია იმუშაოს მხოლოდ კომისიასთან და მის დასკვნამდე არ მიიღოს მონაწილეობა სხვა საპარლამენტო პროცესებში. გამოიყენოს ეს კომისია თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, თუ დაამტკიცა, რა თქმა უნდა... ხომ იცით, როგორც არის ჩვენი კანონმდებლობით? საგამოძიებო კომისიას ქმნის უმცირესობა. მასში უმრავლესობას ოპოზიცია უნდა წარმოადგენდეს. თუ ხელისუფლება კომისიის შექმნას დათანხმდა და ეს გაიზიარა ოპოზიციამაც, ვფიქრობ, ეს არის შანსი ქვეყნისთვის, რათა ის ღრმა კრიზისში არ გადაიჩეხოს. ამას განსაკუთრებით პატარა პარტიების გასაგონად ვამბობ. არ არის აუცილებელი “ნაციონალებზე” მიწებება. მიშას სურვილები გასაგებია, ის რევოლუციური სცენარით მიდის, “პარადის” წაყვანა სურს, რასაც სხვანაირად ვერ შეძლებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“სააკაშვილის, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის მართვის ფილოსოფია, დამყარებულია აბსოლუტურ ძალაუფლებაზე. ამის მოპოვება დემოკრატიულ საზოგადოებაში შეუძლებელია, ეს მხოლოდ რევოლუციას მოაქვს. ცივილიზებული გზა მულტიპარტიულობაა, ეს კი ბიძინასაც და მიშასაც მხოლოდ ფასადისთვის სჭირდებათ. ამიტომაც მიდის მიშას გზა რევოლუციისკენ. ის შეეცდება ბევრი ჩაითრიოს ამაში, გამოიყენოს ყველა, ბოლოს კი თვითონ მოაჯდება ყველაფერს. ასე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმაც - შექმნა ვითომ მულტიპარტიული სისტემა, საბოლოოდ კი მივიღეთ სრულიად უნიტარული მმართველობა, როცა ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას... საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება გაჩნდეს. შეიძლებოდა რევოლუციური სიტუაცია ყოფილიყო კიდეც, ამ რევოლუციის ბელადობას რომ არ იჩემებდეს ძალიან კომპრომეტირებული ბრენდი - მიხეილ სააკაშვილი. სხვა ლიდერი რომ გამოჩენილიყო, შეიძლება შექმნილიყო კიდეც რევოლუციური ვითარება, რადგან ამის ინდიკატორები, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე სხვა მიმართულებით, ჩანს. რა თქმა უნდა, ფიქრობენ და ოცნებობენ რევოლუციაზე, მაგრამ რევოლუციის ლიდერად მიშა და “ნაციონალური მოძრაობა” არ გამოდგებიან”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ის, რომ “სამართლიანმა არჩევნებმა” უხეში შეცდომა დაუშვა, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ არჩევნების ჩატარების ხარისხზე ნამდვილად ვერ მეტყველებს. ხელისუფლების განცხადებები, რომ არსებითი დარღვევები არ ყოფილა ეს წმინდა წყლის სპეკულაცია და პროპაგანდაა. არითმეტიკული შეცდომა დაუშვეს, როცა დათვალეს გაბათილებული ბიულეტენებიც, რაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო, უბრალოდ, საჭირო მომენტში გაახმაურეს. პარალელური დათვლისას ითვლიან ოფიციალურად გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით. როცა გაყალბებაზეა ლაპარაკი, მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად არის შედგენილი ოქმები, სად არის ხელმოწერა გაყალბებული. მნიშვნელოვანია, რა ხდებოდა არჩევნების დღეს - იყო თუ არა კარუსელები და ა.შ. პარალელური დათვლისას ამას ვერავინ გამოიკვლევდა... შესაბამისად, ეს პროპაგანდა მხოლოდ საზოგადოების გაუთვითცნობიერებელ ნაწილზე თუ იმოქმედებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროპაგანდაში ბევრი სერიოზულად არის ჩართული, მათ შორის ოპოზიციიდან”, - დასძენს გია ხუხაშვილი.
“რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან აგრესიული რიტორიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე და მასში მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” არ ვგულისხმობ. ხელისუფლებაც ასევე იქცეოდა, როცა მას დასავლეთი აკრიტიკებდა. ამ ხალხს პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის” მოსყიდულებს ეძახდნენ. ჩვენი უმწიფარი პოლიტიკური ელიტა თავისი ვიწრო ინტერესებიდან ამოდის. მიაჩნია, ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერიაო. მათთვის დასავლელი პარტნიორები მისაღები არიან მანამდე, სანამ მათ პოზიციას იზიარებენ. როგორც კი არ გაიზიარებენ, მათაც უპირისპირდებიან. ეს ორი პოლუსი ძალიან ჰგავს ერთმანეთს - “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” ვგულისხმობ. მათი დამოკიდებულებები, მენტალიტეტი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება”, - განმარტავს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “სავარაუდოდ, დასავლეთის ასეთი აქტიურობა იმ საფრთხეებითაც არის განპირობებული, რაც კავკასიაში მიმდინარე მოვლენებმა წარმოშვა...” - პასუხობს:
“რა თქმა უნდა. დასავლეთი მარტო ჩვენზე ნამდვილად არ ფიქრობს. მას თავისი ინტერესები აქვს და ამ პრიზმაში ოპერირებს. მას აშფოთებს საქართველოში შექმნილი ვითარება, რადგან აქ პოლიტიკური კრიზისი და დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება ისეთი ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც ამ დიდ გლობალურ ომში დასავლეთთან არის დაპირისპირებული - მარტო რუსეთს არ ვგულისხმობ”.
“ძალიან გააქტიურებული არიან სხვა რეგიონული მოთამაშეებიც. მას შემდეგ, რაც ყარაბაღის კონფლიქტმა დაარღვია არსებული სტატუს-კვო, ბევრს გაუჩნდა რეგიონზე თავისი გავლენის გაზრდის ამბიცია. ასეთი ტენდენციები შეიმჩნევა და დასავლეთი სწორედ ამ კუთხიდან უყურებს საფრთხეებს. თუმცა დასავლეთიც ძალიან აგვიანებს, იმიტომ, რომ ამ ბრძოლას არა აქვს მხოლოდ შიდაპოლიტიკური განზომილება. თუ დასავლეთი უახლოეს პერიოდში ჩვენთვის პოზიტიურად, მაგრამ საზოგადოდ აგრესიულად არ შემოვა რეგიონში, მათ შორის სამხედრო კომპონენტით, შესაძლოა ძალიან შეერყეს პოზიცია. ეს კი შეუძლია მხოლოდ საქართველოში გააკეთოს. შეიძლება ვამძიმებ ვითარებას, მაგრამ, ჩემი აზრით, შესაძლოა ამისთვის სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. როცა ჩამოდიოდა პომპეო, ვთქვი, აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ აშშ-ის სამხედრო ბაზის საქართველოში განლაგება-მეთქი. დღესაც ამ აზრზე ვარ - თუ აშშ-მა და დასავლეთმა აქ აქტიურად და დროულად არ იმოქმედეს, არ დააფიქსირეს კონკრეტული პოზიცია და არ დაანახეს ყველას, რომ აქ იმგვარია მათი ინტერესები, რომ მისი დაცვა იარაღითაც უღირთ, მალე შეიძლება ეს შეუძლებელი გახდეს”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"