რა იქნება მეხუთე რაუნდზე - მოლაპარაკება ახალ პოლიტიკურ რეალობაში

“მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ელჩების მონაწილეობით ორშაბათს გაიმართება.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილი ღიად ამბობს, რომ პარლამენტში დიდი ალბათობით შევა, აქვს თუ არა აზრი მოლაპარაკების გაგრძელებას და დარჩა თუ არა კომპრომისული შეთანხმების რაიმე შანსი? ოპოზიცია აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის მზად არიან. როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, ოპოზიცია მოლაპარაკებებში მონაწილეობას იქამდე აპირებს, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მიაღწევენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა იქნება მეხუთე რაუნდზე - მოლაპარაკება ახალ პოლიტიკურ რეალობაში.

 

“ჩვენ პრინციპულად დიალოგის მომხრე ვართ და დიალოგის ჩაშლას არ ვაპირებთ. თუ იქნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ და რაღაც შედეგებზე გავიდეთ, კი, ბატონო, მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ყველა ვარიანტში მოლაპარაკებებში ყოფნას ვაპირებთ მანამ, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. თუმცა, თუ გაირკვა, რომ შედეგი აღარაა მისაღწევადი და “ქართული ოცნების” პოზიცია ნათელი და შეუცვლელი იქნება და მედიატორებიც ჩათვლიან, რომ მოლაპარაკებას აზრი აღარ აქვს, ბუნებრივია, ამაზე საზოგადოებას ვეტყვით, რომ ასეთი მდგომარეობაა შემქნილი. მაგრამ მანამდე ის რეალობა უკვე დადგა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ერთპარტიული პარლამენტი მიიღო”, - განაცხადა კაპანაძემ. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” საუბარში მოლაპარაკებების სცენარს ასე განიხილავს, რომ შეთანხმება გარკვეული კანონების მიღებასა და 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გადამოწმების დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის კუთხით შედგება. თუმცა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის ნაწილი, რომელიც დღეს პარლამენტში შესვლას კატეგორიულად გამორიცხავს, მაინც არ შევა პარლამენტში”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჯერ ერთი, ის დამატებითი ფაქტები, რაც “სამართლიან არჩევნებს” უკავშირდება, მერე - უამისოდაც იყო ოპოზიციის წევრებში გაჩენილი ტენდენცია, რომ პარლამენტში შესვლაა საჭირო და მერე ეს ოპოზიციის მხრიდან სიჩუმე, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის გახმაურებულ აღიარებას მოჰყვა - აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიციას უფრო მორიდებული ინტონაციები აქვს, უფო უკან დახეულია და ამ ფონზე მგონია, რომ იმ პარლამენტარების ტენდენცია, რომლებსაც პარლამენტში შესვლა სურთ, ძირითადი ოპოზიციური ძალების მხრიდან, ნაკლებ წინააღმდეგობას წააწყდება. ვვარაუდობ, რომ “ნაცმოძრაობის” ტიპის ოპოზიცია გარეთ დარჩება, თუმცა აქაც მონასტერი აირია. მათთვის ამდენი ყვირილის მერე ძალიან სირცხვილი იქნება პარლამენტში შებიჯება. დანარჩენი ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევა, ოღონდ ალბათ შეთანხმება შედგება, დაწყებული გარკვეული კანონების მიღებიდან, დამთავრებული ჩატარებული არჩევნების შედეგების შემოწმების კომისიის თაობაზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

“საყვარელიძის თქმით, შეთანხმება რაღაც ეტაპზე პრაქტიკულად ჩაიშალა, პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია ვერაფერს ვერ იზამს, რადგან ახლა ხალხში საპროტესტო ტალღას ვერ გააღვივებს. “დღეს ხალხში ის განწყობა არაა, რომელიც რევოლუციის წამოწყებას ასე ადვილს გახდის. “ნაციონალურ მოძრაობაშიც” და “ევროპულ საქართველოშიც” შეიძლება შიგნით მოხდეს იმ ადამიანების გააქტიურება, ვისაც ისეთი განცხადებები არ გაუკეთებია (პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით). შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობა წინა განცხადებებზე არ აქვთ და ხელფეხი თავისუფალი აქვთ იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდნენ”, - თვლის საყვარელიძე. განსხვავებული მოსაზრებისაა ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე. იგი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ შესაძლოა მოლაპარაკებების კიდევ რამდენიმე რაუნდი გაიმართოს, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგეს, რადგან “შეხების წერილი არ ასებობს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ასე მგონია, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი და ხელისუფლება ვერ შეთანხმდებიან. თუ პარლამენტში ვინმე შედის, მცირე ნაწილი, ისიც ბოლომდე არაა გადაწყვეტილი. ამიტომაც ჯერჯერობით ამ შემთხვევაში რაიმე გამოსავალს ვერ ვხედავ, რომ რაღაცნაირად ეს საკითხი გადაჭრილ იქნას. როგორც ასეთი, შეხების წერტილი არ არსებობს. მოლაპარაკებები კი იმართება და მომავალშიც გაიმართება, მაგრამ ჯერ ეს ერთი, დრო ყველაფრის მკურნალიაო და ხელისუფლებაც თუ მიხვდება, რომ, ვთქვათ, ეს პარლამენტი ვერ ფუნქცინირებს ისე, როგორც საჭიროა, შესაძლოა თვითონ მერე იძულებული გახდეს, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. ორივე მხარე თითქოს დროს იგებს. ოპოზიციაც იმის იმედზეა, რომ თუ პარლამენტმა უუნარობა გამოავლინა, შესაბამისად ხელისუფლება დათმობაზე წამოვა. ხელისუფლება კიდე ელოდება, რომ იქნებ ოპოზიციამ დროთა განმავლობაში დაინახოს, რომ, ვთქვათ, მათ საპროტესტო ტალღას ის რეალური შედეგი არ მოაქვს. თითქოს ორივე მხარე რაღაცნაირად დროის მოგებას ცდილობს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

“თუ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, ვთქვათ, ელისაშვილი და კიდევ ორი-სამი ადამიანი, მგონია, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი მაინც პარლამენტის გარეთ დარჩება. თუ მოლაპარაკებები ჩაიშალა, პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციის პროტესტი გაგრძელდება - ან საპროტესტო დემონსტრაციის მოწყობა, ან პარლამენტის ფარგლებს გარეთ მუშაობა. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდიან, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამამტკიცებელი სხვადასხვა საბუთების წარმოდგენა მოხდება. შესაძლოა ოპოზიცია ჯერჯერობით კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას დაელოდოს და მერე საპროტესტო აქციები განაახლოს. არ მგონია, რომ ხელისფლებას დღეს შექმნილმა სიტუაციამ არგუმენტები ძალიან გაუმყარა. “სამართლიანი არჩევნები” უკვე არსებული ბიულეტენების პარალელურ დათვლას ახორციელებდა, მაგრამ ამ ბიულეტენებში შეიძლება იგივე ძალადობის გზით შემოხაზული ბიულეტენები იყოს, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვით და ა.შ. ფაქტია, რომ ისინი ითვლიდნენ იმ ბიულეტენებს, რომლებიც უკვე ჩაყრილი იყო და რა გზით იყო ჩაყრილი, ამას “სამართლიანი არჩევნები” ვერ დაადგენს”, - განმარტავს რესპონდენტი.

 

“ეს უფრო “სამართლიან არჩევნებს” უქმნის რეპუტაციის პრობლემას იმიტომ, რომ ეს ცნობილი ორგანიზაციაა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში არჩევნებს თითქოს ობიექტურად აკვირდებოდა. არ მგონია, რომ ამ ფაქტმა ხელისუფლებას არგუმენტები გაუმყაროს და ოპოზიციას შეუმციროს. ელისაშვილმა კი თქვა, რომ თითქოს ოპოზიცია რთულ მდგომარეობაში ვარდებაო, მაგრამ ელისაშვილის საკითხი კიდევ სხვაა”, - დაასკვნის ჩიტაძე.

წაკითხვა 511 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.