"ბოლო საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა" - ბიძინა ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა, ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო,- ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ წერილში საუბრობს.
ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ეს გამარჯვება ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავო აღიარებაა და სწორედ ეს გამარჯვება ჩაუყრის საფუძველს ახალ ეტაპს საქართველოს ისტორიაში.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ბოლო საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა.
„ამ არჩევნებმა ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ დასრულდა ადამიანების გრძნობებით მანიპულირებისა და ხალხის ნების სხვადასხვა გზით შეცვლის მრავალწლიანი პრაქტიკა. ამ დამანგრეველმა პრაქტიკამ, რომელიც, გულწრფელად მწამს, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, ჩვენი სამშობლო ლამის უფსკრულში გადაჩეხა. ამ არჩევნებმა ნათლად გამოაჩინა დემოკრატიის მიმართ ქართული საზოგადოების
სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, კონსოლიდაციის, რაციონალური და კრიტიკული აზროვნების უნარი. ჩვენმა საზოგადოებამ გაუძლო უპრეცედენტო საინფორმაციო სიყალბესა და ქაოსს და არჩევანი გააკეთა პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც არასოდეს უღალატებს იმ ღირებულებებს, რომლებმაც 2012 წელს გააერთიანა და შეაკავშირა ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი.
ხალხმა საბოლოოდ ირწმუნა, რომ თავად არის საკუთარი მომავლის შემქმნელი, რომ ხელისუფლება მის ხელშია და მან უნდა მიიღოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც. ამიტომაც, განვლილი წლების ურთულესი პოლიტიკური პროცესების მთავარი გამარჯვებული არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ საზოგადოებაა, რომლის სიმწიფე და მდგრადობა ქვეყნის მომავლის ყველაზე მყარი საფუძველია“, – ნათქვამია წერილში.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
