“მიშა მოდის” მეჩვიდმეტედ...
“საქართველოს მესამე პრეზიდენტი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კვლავაც გვპირდება, რომ საქართველოში ჩამოვა. მსგავსი პირობა არაერთხელ დადო, თუმცა ქვეყნის საზღვარი ჯერ არ გადმოუკვეთავს. რა მოხდება, მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს / “მეორედ მოსვლა თუ გინდა, ციხეშიც უნდა გაძლო!”? - ამ კითხვით რამდენიმე პოლიტოლოგს მივმართეთ”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “მიშა მოდის” მეჩვიდმეტედ...
“ვფიქრობ, სააკაშვილი არ ჩამოვა. უამრავი მიზეზი აქვს, რომ არ ჩამოვიდეს, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ხალხის წინააღმდეგობაა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რისთვის უნდა ჩამოვიდეს? დავუშვათ, მოითხოვეს ვადამდელი არჩევნები მიშელის დოკუმენტის გათვალისწინებით. ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, დღევანდელი გამოკვლევებით, ვინ იმარჯვებს? “ქართული ოცნება”... შეიძლება მას უნდა შტურმით ძალაუფლების აღება, რადგან იცის, რომ არჩევნებით, გინდ ვადამდელით, გინდ უვადოთი, ვერაფერს მიიღებს. რევოლუციის დროს ძალაზე მიდგება საქმე და დღეს, საბედნიეროდ, “ნაცმოძრაობას” არა აქვს საიმისო ძალა, რომ ხელისუფლება ამ გზით დაიბრუნოს. არც ხალხი ჰყავს იმდენი, ფერადი რევოლუციების სტილით, ხალხის რაოდენობით წალეკოს ხელისუფლება. არც იარაღი აქვს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი წამოიწყოს - ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ რადგან გამორიცხული არაფერია, უნდა დათვალო, არის თუ არა იარაღი მეორე მხარეს. იყო საფრთხე, რომ შეიძლებოდა მეორე მხარე შეიარაღებული ყოფილიყო; იყო საფრთხე საჯარისო ან პოლიციური ფორმირებების მიზიდვის, მაგრამ ამაზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ. მერე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. მათ შორის იყო ღარიბაშვილის მინისტრად დანიშვნა, რამაც ძალოვან სტრუქტურებში ასეთი ქაოსური პროცესები¬ შეაჩერა. დღეს აღარ არის მოსალოდნელი ქაოსი ძალოვან სტრუქტურებში, მაგრამ როცა გაქვს საქმე ხალხთან, ვინც გამუდმებით რევოლუციას გაიძახის, ასეთი საფრთხე მუდამ უნდა გვახსოვდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა. მაშინ მას, ადრე თუ გვიან, დაიჭერენ და ჩასვამენ. აი, ამის მერეა საინტერესო - რამდენ ხანს შეინარჩუნებს ციხეში სიმშვიდეს და მხნეობას. თუ ციხეს რამდენიმე კვირა გაუძლო, შეიძლება ქვეყანაში რაღაც ტალღა აგორდეს, ქვეყნის გარეთაც ზეწოლა გაიზარდოს. უკრაინაში აშკარად ვერ გაუძლო და ამიტომ მალევე გამოუშვეს. როგორც ამბობენ, პოროშენკოს დაუკავშირდა და იმან გამოუშვა. არ ყოფილა არასდროს ციხეში და მისთვის ჩაკეტვა რისკია. მთავარი გამოწვევა ეს არის მისთვის. მისი მთავარი იმედი იქნება ზეწოლა გარედან, ამ ზეწოლას კი დასჭირდება დრო და ამდენ ხანს გაძლებს ციხეში მშვიდად? თუ ვერ გაძლო და მოითხოვა, ჩქარა გამომიშვითო, მისი ეს მცდელობა ჩაფლავდება. არ იქნება ლამაზი მისი ასეთი საქციელი. იტყვიან, ჩამოვიდა და ვერ გაუძლოო, არადა, ციხეში გაძლეს მერაბიშვილმა, უგულავამ, ახალაია აქამდე უძლებს... რაღა ლიდერია, თუ ასეთ პრობლემებს ვერ გაუმკლავდება?! ლიდერობა, მესიობა, მეორედ მოსვლა თუ გინდა, ციხეშიც უნდა გაძლო!” - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
“ რა მოხდება, თუ მიშა ჩამოვა საქართველოში? უსათუოდ დააპატიმრებენ. ის ვერ შემოვა ვერც სომხეთიდან, ვერც აზერბაიჯანიდან, ვერც აფხაზეთიდან, ვერც რუსეთიდან. რუსეთიდან შემოსული სააკაშვილი თავის პროევროპულობას ბოლოს მოუღებს, სომხეთი და აზერბაიჯანი ამით ჩვენთან ურთიერთობას არ გაირთულებენ, ამიტომ ერთადერთ გზად თურქეთი რჩება, თუმცა, არც თურქეთი დაუშვებს ამას, ამიტომ ყველაზე რეალური, თუ ჩამოსვლას გადაწყვეტს, საჰაერო გზაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც პრობლემებს ვერ გაექცევა. საქმე ის არის, რომ ეს თემა ისეთი პოლიტიზებულია, მისი მუქარა და გამოხდომები - ისეთი არაადეკვატური, რომ ხელისუფლება იძულებული იქნება, ის დააპატიმროს. განაჩენი არსებობს და ის უნდა აღსრულდეს. სხვაგვარ მოქმედებას ნეიტრალური ამომრჩეველიც და სააკაშვილის მომხრეც ხელისუფლების მარცხად მიიჩნევს, ამიტომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას არჩევანი არ აქვს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“დასავლეთი სააკაშვილს მხარს არ დაუჭერს იმიტომ, რომ დასავლეთისთვის სააკაშვილი არის გაჭრილი პოლიტიკური ფიგურა. მისი ერთადერთი საყრდენია ის ამომრჩეველი, რომელიც მას ყოველთვის მხარს უჭერდა. ისინი ცოტანი არ არიან, მაგრამ არც იმდენი, რომ მათმა აქტიურობამ საზოგადოება აიყოლიოს და ევროპა ამას ხედავს... ერთ-ერთ ინტერვიუში ვურჩიე სააკაშვილს, ლეხ ვალენსას ბიოგრაფიას გაეცნოს, რომელიც მასთან შედარებით გაცილებით მაღალი დონის პოლიტიკური ფიგურა იყო, სოლიდარობის თავკაცი, პატიმრობაში ნამყოფი, ანტიკომუნისტური მოძრაობა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოშიც ვალენსას სოლიდარობის ტალღით იყო გამოწვეული, მაგრამ ხუთწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ ურჩიეს, რომ მისთვის ეს საკმარისი იყო და შემდეგ არჩევნებზე კენჭი აღარ ეყარა, რადგან პოლონეთში უკვე სხვა პოლიტიკური რეალობა იყო და ვალენსასნაირი ფიგურა იქ აღარავის სჭირდებოდა. ამიტომ ვამბობ, რომ სააკაშვილს დასავლეთი მხარს არ დაუჭერს”, - განმარტავს რესპონდენტი.
“არც იმაზე ფსონის დადება გაამართლებს, რომ თუ დააპატიმრებენ, მას ხალხი გაათავისუფლებს. დარწმუნებული ვარ, თუ მართლაც გადაწყვიტა ჩამოსვლა, ის გამართავს კონსულტაციებს პარტნიორ ქვეყნებთან და ამ კონსულტაციებზე მას ამას დაუფარავად ეტყვიან, ისევე, როგორც 2012-ში ურჩიეს, ხელისუფლება გადაებარებინა. რაც შეეხება ამდენი ფუჭი დაპირების გავლენას მის მხარდამჭერებზე - ეს რომ გავაანალიზოთ, მაშინ ის კორპუსი უნდა განვიხილოთ, რომელიც სააკაშვილს უჭერს მხარს _ ვინ არის ეს ხალხი და საზოგადოების რა ნაწილია. დავიწყოთ იმით, რომ დღეს გაჩნდა რაღაც გაუგებარი წარმონაქმნი - ვგულისხმობ “ნაცმოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს”, ხოშტარიასა და კიდევ არის ვიღაც ერთი, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებზე ხან ერთად გამოდიან, ხან ცალ-ცალკე. ეს წარმონაქმნი გაუგებარია იმიტომ, რომ თუ გინდა 43% არ აიღოს ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ჯობია პარტიებმა ცალ-ცალკე იყარონ კენჭი... განსხვავებული ამომრჩეველი ამ გუნდს მაინც არ შეუერთდება”, - ამბობს პოლიტოლოგი.
“ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი შეიძლება სამი ნაწილისგან შედგებოდეს: 1. ყოფილი ხელისუფლება, ანუ ის ადამიანები, ვინც იყვნენ თანამდებობებზე, მუშაობდნენ ბიუროკრატიულ აპარატში და ჰქონდათ ყველაფერი. ისინი ფიქრობენ, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა, ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ ადგილებს; 2. ბიზნესსისტემა, ანუ ისინი, ვინც იგებდნენ ტენდერებს და ჰქონდათ შემოსავალი; 3. ყველა ქვეყანაში არის ამომრჩეველთა კატეგორია, რომელიც მკაცრი პოლიტიკის მომხრეა, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გაატარებს ამ პოლიტიკას: სააკაშვილი, სტალინი თუ ჰიტლერი. არის კიდევ პატარა ჯგუფი, რომელიც სააკაშვილს აღმერთებს. აი, სულ ეს არის... ამ ჯგუფების ნაწილმა შეიძლება დაიწყოს აქტიურობა, მაგრამ ეს არ იქნება განსაკუთრებული მოძრაობა. ამ ჯგუფებმა, განსაკუთრებით ელიტამ, მშვენივრად იციან, რომ სააკაშვილთან ურთიერთობა განსაზღვრავს, მაგალითად, მომავალი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიაში მათ ადგილს, ამიტომ ეს არ არის ის კატეგორია, რომელიც შეიძლება პოლიტიკური პროცესის დამწყები და გამგრძელებელი იყოს”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
“ფანატიკურად განწყობილი და რეპრესიების მომხრე მხარდამჭერთა ნაწილი შეიძლება გულგატეხილი აღმოჩნდეს, მაგრამ ისინი თვლიან, რომ სააკაშვილი რეგიონული მნიშვნელობის კი არა, როგორც თვითონაც ამბობს, უზენაესისგან მოვლენილი ფიგურაა და მათი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ისინი იტყვიან, რომ მათი ლიდერი ვერ ჩამოვიდა რაღაც მიზეზის გამო, მაგალითად, თვითმფრინავმა მარშრუტი შეიცვალა და თბილისის მაგივრად, ვთქვათ, ერევანში დაჯდა, თუმცა ასეთი ხალხი ცოტაა... დარწმუნებული ვარ, ყოფილი ნომენკლატურა და ყოფილი ბიზნესგარემო ისედაც მშვენივრად ხვდებიან, რა და როგორ ხდება, მაგრამ ხმამაღლა არაფერს იტყვიან. ასე რომ, თუ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გაუცრუებს მოლოდინს თავის მხარდამჭერებს და არ ჩამოვა, მისი რეიტინგი შემცირდება, თუმცა არ განულდება...”, - დასძენს ძაბირაძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"