“ოპოზიცია ყველაფერს უკუღმა აკეთებს, ამიტომ შედეგს ვერასდროს მიიღებენ”
“ქუჩის გადატანა პარლამენტში რეალობას ვერ შეცვლის.
პარლამენტში ოპოზიციას სხვაგვარი სტრატეგია უნდა ჰქონდეს. შეიძლება ერთი და იგივე პირები იდგნენ ქუჩაშიც და საპარლამენტო ტრიბუნასთანაც, მაგრამ მათი რიტორიკა ქუჩაში სხვა უნდა იყოს, პარლამენტში - სხვა. შესაბამისად უნდა გამოიყენო ადგილობრივ არჩევნებში მოპოვებული წარმატებაც. ოპოზიცია ამბობს, ხალხში გავალთო. ჰგონიათ, თუ ხალხში გავლენ და პირისპირ დაელაპარაკებიან, მიიმხრობენ... მნიშვნელოვანი ხალხთან ლაპარაკი კი არა, ლაპარაკის შინაარსია. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის უინტერესო საკითხზე ტელევიზიიდან დამელაპარაკები თუ პირისპირ?!” - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია ყველაფერს უკუღმა აკეთებს, ამიტომ შედეგს ვერასდროს მიიღებენ.
“ოპოზიციის მთავარი შეცდომა ის არის, რომ რეალობის გაანალიზებასა და ამის მიხედვით სამოქმედო გეგმის შედგენას კი არ ცდილობს, თავისი შეხედულების მიხედვით ადგენს გეგმას და უნდა მისთვის სასურველი რეალობა მოახვიოს ხალხს თავზე. ყველაფერს უკუღმა აკეთებენ, ამიტომ შედეგს ვერასდროს მიიღებენ. დღემდე ვერ გაიგო ოპოზიციამ, რომ ხალხს საპროტესტო აქციებზე გამოსვლის განწყობა არა აქვს. არ უშველა ამ ამბავს არც სააკაშვილის ჩამოსვლამ, არც “ნაციონალების” წინასაახალწლო შიმშილობამ. შე დალოცვილო, გაარკვიე, როგორი რეალობაა, რა უნდა ხალხს და იმის მიხედვით იმოქმედე. როდესაც რაღაცას გეგმავ, გეგმას პერსონიფიცირება ხომ უნდა?! რაც თავი მახსოვს, ამ ქვეყანაში კორუფცია იყო, არის და როგორც ვატყობ, მომავალშიც იქნება. უბრალოდ, ფორმა იცვლება - იყო საყოველთაო, შემდეგ ელიტური გახდა, ახლა შერეულია. რატომ ვამბობ ამას? “ოცნება” ბიუჯეტის ფულს იპარავსო, უგულავა რომ იტყვის, ხომ არავინ მოუსმენს?! საზოგადოების 60%-ს ძალიანაც აღარ მოსწონს ეს ხელისუფლება, მაგრამ არც ოპოზიციის სჯერა და მის ბრძოლას კარიერისთვის, ახალი ბიზნესებისთვის ბრძოლად აღიქვამს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ოპოზიციას ერთი გამოკვეთილი ლიდერი არა ჰყავს, ხან ერთიანდებიან, ხან ერთმანეთს ლანძღავენ. მოდი, ისიც ვთქვათ, რატომ ცდილობენ “ნაციონალებთან” თანამშრომლობას, იმიტომ ხომ არა, რომ ეშინიათ, პარლამენტს მიღმა არ დარჩნენ? სიმართლე ის არის, რომ ვერ უძლებენ ვერც “ოცნების” და ვერც “ნაცმოძრაობის” ზეწოლას. ეს ორი ძალა ცდილობს წვრილ-წვრილი პარტიები გადაინაწილონ. ამას ვერ გაუძლეს პატარა პარტიებმა და ამან ამომრჩეველიც დააბნია... ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად, ვაშაძეს, “ლელოს” ლიდერებს ან “გირჩის” დეპუტატებს შეზღუდული აქვთ ტელესივრცე. კი, ოპოზიციური ტელევიზიები ქმნიან სააკაშვილსა და “ნაციონალებზე” მორგებულ დღის წესრიგს, მაგრამ შენც ხომ გითმობენ დროს? თუმცა რა აქვთ მათ სათქმელი? პრესაც ხომ არსებობს, ვხედავ, თქვენთან ხშირად იბეჭდებიან ოპოზიციონერი ლიდერები, რისი თქმა სურთ და ვერ ამბობენ? ხომ შევიდნენ პარლამენტში “ლელოც”, “სტრატეგია აღმაშენებელიც, ‘მოქალაქეებიც”, “გირჩიც”, რატომ არ არიან აქტიურები?”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ნაცმოძრაობა” სააკაშვილის საკითხს არ მოხსნის დღის წესრიგიდან. სანამ სააკაშვილია უპირველესი თემა, პატარა ოპოზიციური პარტიები განწირული არიან მარცხისთვის. გამოსავალი პატარა ოპოზიციური პარტიებისთვის არის გადაჯგუფება! რაც უფრო სწრაფად გადაჯგუფდებიან, მით უკეთესი მათთვის. “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” უნდა დატოვონ ცალკე ორბიტაზე და თავად შექმნან ახალი, ერთიანი ბლოკი ან ალიანსი. გასაგებია, რომ თავდაპირველად მათი ელექტორატი არ იქნება დიდი, არც ქუჩა იქნება მათი ასპარეზი, მაგრამ მომავლისთვის უნდა ეცადონ. მაშინ მიეცემათ შანსი იმისა, რომ 2024 წლის არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ”, - მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი და შეკითხვაზე - “ვნახეთ “ოცნების” რეაქცია, როდესაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჩხოროწყუს მსგავსად, საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია `საქართველოსთვის~ წარმომადგენელი აირჩიეს სუბარმა ეს ამბავი “ნაციონალებისა” და გახარიას ქორწინებად შეაფასა” - პასუხობს:
“ოცნების” ასეთი რეაქცია გასაკვირი არ არის - არ აწყობთ პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე სექტორის გამოჩენა. რეალობა ცოტა სხვაგვარია - ეს არის კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რაც საპარლამენტო მმართველობისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მე ხელისუფლებასთან მაქვს კითხვა - თუ 2024 წელს ვერ შეძლებს 50+1-ის მოპოვებას, არ დაიწყებს მოკავშირე პოლიტიკური ძალის ძებნას? ეს ხომ ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში?! გახარიას ჰქონდა ასეთი მოთხოვნა - საკრებულოს თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო მისი პარტიის წევრი. ვინც შესთავაზა, იმასთან ითანამშრომლა. ხელისუფლების შეცდომაა ასეთ თემებზე აპელირება, ისევე როგორც ოპოზიციის შეცდომაა ხელისუფლების მუდმივად დადანაშაულება პრორუსობაში”.
“მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსული გავლენისგან “ოცნება” თავისუფალია, ან “ნაცმოძრაობა” იყო თავისუფალი. ვფიქრობ, პროდასავლური ხელისუფლება ჯერ არც გვყოლია. ამიტომ ოპოზიციას ამაზე ლაპარაკი არაფერს მოუტანს. ისევე როგორც არაფრის მომტანია, უფრო სწორად, საზიანოც, როდესაც სააკაშვილის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობ და პარალელს ავლებ სულხან მოლაშვილთან. როგორ ამბობ ასეთ სისულელეს?! ამის მერე ვინ დაგიჯერებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში სამართლიანი იქნები?!” - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს და ჩვენ მხოლოდ საკუთარ წვენში ვიხარშებით. ვისაც ჰგონია, რუსეთი თუ უკრაინაში ჯარს შეიყვანს, ჩვენ განზე დავრჩებით, ძალიან გულუბრყვილო ყოფილა. ორი ტანკით დაამთავრებენ ჩვენთან ყველაფერს. ასეთი ამბავია ჩვენ გარშემო და ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს, ვინ იშიმშილებს და ვინ პარლამენტში შევა. ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია ხელისუფლებას უკრაინის მხარდასაჭერად... ეს ჩვენ გვსურს რეგიონული მოთამაშეები ვიყოთ, თორემ ასე თამაშის უნარი არც ამ ხელისუფლებას აქვს, არც წინას ჰქონია. უბრალოდ, დასავლეთისთვის პლაცდარმი ვართ და ოდნავ უკეთესი ვითარება გვაქვს სომხეთსა და აზერბაიჯანთან შედარებით, ისიც იმ თვალსაზრისით, რომ მათ ერთმანეთთან ომი აქვთ. “ოცნებას” ჰგონია, დუმილით ამ კონფლიქტის მიღმა ვიქნებით, მაგრამ ძალიან ცდება. დაბალანსების პოლიტიკა დღეს უსარგებლოა. შევარდნაძის პერიოდში ნეიტრალიტეტის არჩევის შესაძლებლობა იყო, დღეს სხვა ვითარებაა - თუ რუსეთი უკრაინაში შევა, ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს და ეს ფასი აღარ გაიზრდება, თუ უკრაინას საქართველოსაც მიაყოლებს - აი, აქ არის ხიფათი! გუშინ კიდევ შეიძლებოდა დუმილი, დღეს აღარაფრით აღარ შეიძლება!” - დასძენს რესპონდენტი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"