რას უპასუხებს ევროპა ღარიბაშვილის გზავნილს დავოსიდან - “საქართველო უკრაინას ამ შემთხვევაშიც გვერდში დაუდგა”
“საქართველომ იცის, რომ ეკუთვნის ევროპას, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები” -ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპული კონსტიტუციის თანაავტორის მიხეილ მუსხელიშვილის სიტყვებით დაასრულა გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და დამსწრე საზოგადოებას აუწყა, რომ საქართველოს ევროკავშირისგან სწრაფი მოქმედების ხილვა სურს; რომ საქართველოს ევროპისგან სჭირდება სიცხადე, ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პრემიერის გამოსვლა იყო მკაფიო და პოზიციების გასამაყარებლად ნაბიჯების გადადგმა საჭირო იყო. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, პრემიერმა თავი დაიზღვია იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს. ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მიღწევა არა დეკლარირებით, არამდე საშინაო დავალების ხუთიანზე შესრულებით იქნება შესაძლებელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას უპასუხებს ევროპა ღარიბაშვილის გზავნილს დავოსიდან - “საქართველო უკრაინას ამ შემთხვევაშიც გვერდში დაუდგა”.
“ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს იდეას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. საქართველო ევროკავშირთან დაახლოებას საუკუნეების განმავლობაში ესწრაფვის. ეს არ იწყება 2014 წელს, როცა ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან ლოიალურები ვართ ევროპული პრინციპების და ღირებულებების მიმართ, ვახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს. ჩვენ ვაკეთებთ ყველა საჭირო საქმეს, რაც არის ასოცირების შეთანხმებაში. ჩვენ შევასრულეთ ასოცირების შეთანხმების 45 პროცენტზე მეტი. გვაქვს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი 2014 წლიდან და გვაქვს გაუმჯობესება ყველა მიმართულებაში. იქნება ეს კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების რეფორმა. ღია მთავრობა. ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი და ხალხი ამას ხედავს. ახლა კითხვა არის შემდეგი, ვზრდით თუ არა ამ მოლოდინებს რომ ვუთხრათ ხალხს, საქართველო მიიღებს პოლიტიკურ დეკლარაციას და აღიარებას, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი ან მათ უნდა ავუხსნათ, რომ ახლა არ რის შესაბამისი დრო, უნდა მოვიცადოთ. ჩვენ გვჭირდება დავინახოთ ქმედება ახლა და დღეს, რადგან ეს უკვე განსხვავებული მსოფლიოა. რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გამოწვევა. ეს არის მთელი ევროპული არქიტექტურის გამოწვევა”, - განაცხადა დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა” , - აღნიშნავს გამოცემა.
“მე მსურს გაგახსენოთ ომი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2008 წელს. სამწუხაროდ ჩვენ არ გვინახავს ისეთი ერთობა, როგორიც დღეს არის. ჩვენ მივესალმებით ამ ერთობას. ქართველებმა გადავიხადეთ ძალიან მაღალი საფასური, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. გადავიტანეთ ორი ომი, ერთი აფხაზეთში და მეორე ცხინვალში. 2008 წელს კი ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან. ამ ომის შემდეგ არის ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია. ჩვენ გვესმის ეს წუხილები, რაც არსებობს ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ უნდა გვესემოდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობის მიღემას. ეს ხანგრძლივი პროცესია. ჩვენ ეს გვესმის. ჩვენ გვაქვს საშინაო დავალება, რომელიც არის ასოცირების შეთანხმება. ჩემი აზრით, ჩვენ გვჭირდება სიცხადე, ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია ევროკავშირისგან. მსურს გავიხსენო ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპული კონსტიტუციის თანაავტორის, მიხეილ მუსხელიშვილის, იგივე მიშელ მუსხელის სიტყვები. მან თქვა: “საქართველომ იცის, რომ ეკუთვნის ევროპას, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები” - ასე დაასრულად გამოსვლა საქართველოს პრემიერმა”, - დასძენს გამოცემა.
“საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, პასუხამდე კრიტიკული სამი კვირა დარჩა და ევროკომისია სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნას წარადგენს, თუმცა, ევროპის ლიდერები ახალ გაერთიანებაზეც საუბრობენ, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნები შევლენ. აქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რომ უალტერნატივოა, ამაში მმართველი გუნდი ღრმად არის დარწმუნებული. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის გზაზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პასუხი “კი”, - წერს სტატიის ავტორი.
“გამოსვლა იყო მკაფიო და ამ სტილით საუბარი დღეს მეტნაკლებად მიღებულია, ამაში კი ლომის წილი უკრაინას მიუძღვის. ღარიბაშვილის სიტყვა შეიძლება ჩაითვალოს, რომ უკრაინის პოზიციების გამყვარებაა, რომელიც მკაფიოდ მოითხოვს ევროკავშირის კანდიდტის სტატუსს. საქართველო უკრაინას ამ შემთხვევაშიც გვერდში დაუდგა. უკრაინის, საქართველო მოლდოვას მდგომარეობა ერთმანეთს უთანაბრდება და ალბათ, რეაქციაც სამივე ქვეყნის მიმართ ერთიანი უნდა იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ევროკავშირში შეხვედრების დროს ირაკლი ღარიბაშვილმა კრიტიკა დაიმსახურა და ნიადაგს ამზადებს, რომ შესაძლებელია საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამაში ოპოზიცია არის დამნაშავე. დაიწყო კიდეც ოპოზიციის დადანაშაულება, თუმცა ხელისუფლებაც და ოპოზიცია ორივე ცდილობს, რომ ევროპას აჩვენოს რომელი უფრო დიდი ევროპელია. მთავარი არის ქვეყანამ სასურველი შედეგი მიიღოს, ამისთვის დეკლარირება კი არა საჭიროა საშინაო დავალება შესრულდეს ხუთიანზე” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო