“ევროპერსპექტივა სახუმარო საქმე არ არის, მაგრამ...” - კახა გოგოლაშვილი
“თუ ისე შევხედავთ, რომ რაღაც მოგვანიჭეს, პესიმისტური ნამდვილად არ არის. ჩვენ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რისი იმედიც არ გვქონია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ევროპერსპექტივა სახუმარო საქმე არ არის.
პრინციპში, ეს ჩვენი შანსია, რომ მივაღწიოთ ინტეგრაციას და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რას დავამტკიცებთ. სანამ ევროპერსპექტივა აღიარებული არ არის, არანაირი გარანტია არა გაქვს, რომ ევროკავშირში ოდესმე მიგიღებენ ან დაიწყებენ თუ არა შენთან გაწევრებაზე მოლაპარაკებას. ამიტომ ევროპერსპექტივის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც ახლავს პირობები, რაც ჩაიწერა დასკვნაში. პრაქტიკულად, პირობების შესრულების შემთხვევაში, გარანტირებულია კანდიდატის სტატუსი. თუ შესრულება არ გინდა, მუშაობა გეზარება და ასე შემდეგ, მაშინ პესიმისტურად განწყობილი რატომ უნდა იყო?” - აცხადებს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ევროპერსპექტივა სახუმარო საქმე არ არის, მაგრამ...”
“ვფიქრობ, პესიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ პესიმიზმს სხვა რაღაც იწვევს, მაგალითად, შენიშვნები, რომლებიც ჩაიწერა ევროკომისიის დასკვნაში, ბოლო ორი წელია, ინტენსიურად შეგვახსენებდა ევროკავშირი და ჩვენ შეგვეძლო ყოველივე ადრე გამოგვესწორებინა.... მოსაზრებები და განცხადებები, რომ ჩვენ საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ტრიოს ჩამოგვაშორეს, რომ შავი ზღვის კონტექსტიდან ამოვვარდით ამ ყველაფრის აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციაა. ჯერ ერთი, სამეული ევროკავშირს არ შეუქმნია და მით უმეტეს, არავის ჩამოვუშორებივართ. თუ მოლდოვასა და უკრაინას ენდომებათ, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ სამეულის ფარგლებში. მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთში თანამშრომლობის ექვსი სხვადასხვა ფორმატია და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიც განიხილებიან როგორც ერთი ტალღის ქვეყნები გაწევრების კონტექსტში, მაგრამ ყველას განსხვავებული სტატუსი აქვს - ზოგს მოლაპარაკება დასრულებული აქვს, ზოგი მოლაპარაკების დასრულების სტადიაშია, ზოგი ახლა იწყებს, ზოგიც კანდიდატია, ხოლო ზოგი კანდიდატის სტატუსს ელოდება და ერთმანეთთან ძალიან კარგად თანამშრომლობენ. ამიტომ ეს აბსოლუტურად არასწორია. ისიც არასწორი გაგებაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან რაღაც დაბალ რანგში გადაგვიყვანეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტრთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
“აღმოსავლეთ პარტნიორობაში როგორც ვიყავით, ისევე ვრჩებით და არც შავი ზღვის კონტექსტიდან ამოვარდნას არ ნიშნავს, რადგან ვის აქვს პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში, რომელ ქვეყანას აქვს ჩვენ გარდა? ასე რომ, ამ ორი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღა დაიწყო და შეიძლება ითქვას, ჩვენ მათ გვერდით ვართ და ვიქნებით ამ ახალ ტალღაში, თუ იმ საკითხებს, რომლებიც პირობების სახით არის წარმოდგენილი, სწრაფად შევასრულებთ და შესაბამის რეფორმებს გავატარებთ. თუ პოლიტიკური ნება იქნება და რეფორმებს დავაჩქარებთ, შესაძლებელია მაქსიმუმ ერთ წელში ჩვენც მივიღოთ კანდიდატის სტატუსი ზუსტად ისე, როგორც მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს და დავეწიოთ მათ. სანამ ისინი დააკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, სანამ მოლაპარაკებები დაიწყება, არ არის გამორიცხული, ჩვენ გადავახტეთ და უფრო ადრე დავიწყოთ მოლაპარაკება. ასე რომ, თუ ამას სერიოზულად მოეკიდება მთლიანად საზოგადოება, მთავრობა, პარტიები, ოპოზიცია და ვიშვიშს კი არ მოჰყვებიან, არამედ მიზანმიმართულად დაიწყებენ ამ საკითხების მოგვარებასა და შესრულებაზე ფიქრს, აქტიურად იმუშავებენ, ძალიან რეალისტურია, რომ ასე მოხდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“თუ იმ რიტორიკას დავეყრდნობით, რომელსაც დღეს ვისმენთ, მაშინ 6 თვეში კი არა, 6 წელშიც არ შესრულდება, რადგან მთავრობის მთავარი მესიჯი არის, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რადგან უაზრობად ვთვლით. ევროკომისია კი ამას, როგორც პირობას, ისე აყენებს. შენ არ გეკითხებიან, ამას უაზრობად თვლი თუ არა, ეს უნდა გააკეთო, თუ გინდა მიიღო ახალი სტატუსი, თუ არ გინდა, კი ბატონო, ექვსი, ათი და მეტი წელი იქნები ასე. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია ეს ყველაფერი 6 თვიდან ერთ წლამდე გაკეთდეს, მაგრამ ამის ნება უნდა იყოს და ხალხსაც ეს განწყობა უნდა შევუქმნათ. თუ ისეთი მესიჯები წავიდა, მორჩა, ჩვენ უკვე დავხურეთ ევროპული ინტეგრაციის გზა, არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მაინც არ მიგვიღებენო - შესაძლოა მთავრობაში ზოგიერთს აწყობდეს კიდეც ეს - დიდი შეცდომა იქნება. ეს დაუშვებელია”, - მიიჩნევს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და შეკითხვაზე - “ვის გულისხმობთ, ვის უნდა აწყობდეს?" - პასუხობს:
“ვისაც ევალებოდა და არ გააკეთა ის, რაც აქამდე უნდა გაკეთებულიყო. ზოგიერთს აწყობს ასეთი მდგომარეობა, როგორშიც ვართ და საერთოდ არ სჭირდებათ დამატებითი რეფორმები. მაგალითად, ამბობენ, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებას სულ არ სჭირდება საარჩევნო კოდექსის შეცვლა, ძალიან კარგად გრძნობენ ასეც თავს, ევროკავშირი კი ეუბნება, უნდა შეცვალოთო. შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებას სთხოვენ, ესენი კი გავიდნენ. ევროკავშირი ითხოვს იმ რეფორმების გატარებას, რომლებიც შეთანხმებაში წერია. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე, როგორ მოსთხოვს მთავრობას, და დამოკიდებულია მთავრობაზე, როგორ შეასრულებს იმას, რასაც სთხოვენ და რისი ვალდებულებაც აქვს, რომ გააკეთოს”.
“დეოლიგარქიზაცია ყველაზე რთულად შესასრულებელი მოთხოვნაა და არ გაჩნდებოდა, რომ სხვა მოთხოვნები ადრე ყოფილიყო დაკმაყოფილებული. როგორც ჩანს, ევროკომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი იმიტომ არ სრულდება, რომ ოლიგარქების ან ოლიგარქის დაკვეთაა, თორემ მთავრობა რატომ უნდა იყოს წინააღმდეგი, რომ რეფორმა გაატაროს? ამიტომ შეიტანეს ასეთი მოთხოვნა. პრეზიდენტი მართალი იყო - საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დაჰბრალდა. ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობამ ყველაფრით უნდა დაამტკიცოს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ივანიშვილს არანაირი გავლენა არა აქვს. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ იმით, თუ ყველა იმ რეფორმას, რაც მანამდე იყო ნათქვამი, უმტკივნეულოდ და სწრაფად გაატარებენ. მე ისე მომეჩვენა, რომ სალომე ზურაბიშვილი ტაქტიკურად ცდილობდა ივანიშვილისთვის დაემტკიცებინა, რომ მთავრობა, რომელიც პრაქტიკულად მან დანიშნა, არ არის მისადმი სრულად ლოიალური და შეიძლება ზიანი მიაყენოს თავად ბიძინას. ამიტომ მან პრაქტიკულად საკუთარი თავი შესთავაზა იმისთვის, რომ ბიძინა მეტად იყოს დაცული არასწორი გადაწყვეტილებებისგან...” - თვლის კახა გოგოლაშვილი.
“ვფიქრობ, აბსოლუტურად რელევანტური გადაწყვეტილება მიიღეს - პერსპექტივის გარეშე არ დაგვტოვეს, არანაირი გარიყვა და მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ გაითვალისწინეს ისიც, რომ ბოლო ხანებში საქართველოს ხელისუფლება არ თანამშრომლობდა ევროკავშირთან, არ ითვალისწინებდა არაფერს და ამბობდა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევცვლით ამას და იმასო, ასეთ პირობებში კი ევროკავშირს უკეთესი გადაწყვეტილება როგორ უნდა მიეღო... პრაქტიკულად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ხალხი როგორ ნებას გამოავლენს. ხალხმა კატეგორიულად უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას, მაგალითად, სასამართლო რეფორმის გატარება. მეორე საკითხია, როდესაც ევროკავშირი ამას ითხოვდა, ხალხმა რატომ არ აიძულა ხელისუფლება, ეს გაეკეთებინა? აქციები იმართება, მაგალითად, ვიღაცის დაჭერაზე, აქციებზე ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რაც ზეწოლას არ ახდენს მთავრობაზე. ამიტომ ვამბობ, რომ ახლა ხალხზეა დამოკიდებული, მოსთხოვოს ხელისუფლებას რეფორმების გატარება”... - დასძენს რესპონდენტი.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო