“ჩვენს საქმეს ვერავინ გააკეთებს... ივანიშვილი სანქციების დაწესების შემდეგ უფრო ჩაებღაუჭება ძალაუფლებას”

“ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთაც ყველამ კარგად იცოდა, რომ სხვაგვარი შედეგი არ იქნებოდა, რადგან ბოლო, სექტემბრის რეზოლუციის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ვითარების გასაუმჯობესებლად.

ასე რომ, რაღაც მოულოდნელი და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ერთადერთი, რაც გავიგეთ, ის არის, რომ ამას ხელისუფლება სპეციალურად აკეთებს, რათა რაც შეიძლება მეტად დაგვაშოროს ევროპას, იმ კონტურებს, რომლებიც გამოჩნდა. პირიქით, ევროკავშირის სტრუქტურებს აკრიტიკებენ და მათ “უსამართლოს” უწოდებენ, აბა, თავიანთ თავს ხომ არ გამოუტანენ განაჩენს?!წინა რეზოლუციის ტექსტი ამისგან დიდად­ არ განსხვავდებოდა. მას შემდეგ ვითარება უფრო გართულდა, 12 პუნქტის შესრულებაში ბევრი არაფერი გაკეთებულა. ექვსი თვის განმავლობაში ხელისუფლებამ­ სახალხო დამცველიც კი ვერ აირჩია, რადგან კონსენსუსით უნდა არჩეულიყო - ოპოზიციის ხმებიც უნდა ჰქონოდა და საზოგადოებასაც უნდა დაეჭირა მხარი, მაგ­რამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობა არ აინტერესებს”, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორი პოლიტიკური გაზაფხული ელის საქართველოს?!

 

“საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან, ევროპარლამენტისა და ევროკომისიისგან განსაკუთრებულს არც არაფერს ველოდი. ისინი გვიყურებენ ისე, როგორც ველურობის ზღვარზე მისულ ქვეყანას, რომლის ხელისუფლებაც არაცივილიზებული გზით იბრძვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ხელისუფლების შეცდომებსა თუ მიზანმიმართულ მავნებლურ მოქმედებებთან ერთად, ძალიან მაშფოთებს ისტერიკული შეტევა ოპოზიციაზე. ოპოზიციაშიც არასწორი მოლოდინი აქვთ. იმ პერიოდს მაგონებს, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ რომ დაიწყო ისტერიკა, ვიღაცები აცხადებდნენ, შედეგები გაყალბდაო, და თან რაღაც ნაწილში ეთანხმებოდნენ. ჩამოუყალიბებელი დამოკიდებულება ჰქონდათ. ამიტომ სულაც არა მგონია, რომ რაღაც აპოკალიფსური ხდება. თუ ვამბობთ, ავტორიტარული ქვეყანა ვართო, ასეთ ქვეყნებში ძლიერი ოპოზიციური პარტიები არ არსებობენ. ამიტომ ჩვენი ოპოზიციური სპექტრიც ისეთია, რისი შესაძლებლობაც არსებობს იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვართ. ძლიერ ოპოზიციას ბევრი რამ სჭირდება, მათ შორის ფინანსები, და როდესაც ბიზნესი ნაწილობრივ მაინც ტერორიზებულია, ისევე როგორც საზოგადოება, ეს შეუძლებელია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

 

“არც ინდივიდუალურ გმირობებს უნდა ველოდოთ. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ იაქტიურებს, ხელისუფლებას მაინცდამაინც დიდი რეაქცია არა აქვს, მაგრამ მოსახლეობის ის კრიტიკული მასა, რომელიც ვითარებას მეტ-ნაკლებად ცვლის, მაინც არ უნდა შეჩერდეს, თორემ სულ ამ მდგომარეობაში ვიქნებით. არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ქმედებების გამო ქვეყანა იღუპება, მაგრამ თითქოს პრიორიტეტები აგვერია, ოპოზიციას უფრო აკრიტიკებენ, ვიდრე ხელისუფლებას. ის, რაც “ნაცმოძრაობაში” ხდება, არ არის ცუდი პროცესი, პირიქით. ამ პარტიის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს დუღილი ქვეყანას აზიანებს. თუ პარტიაში წინააღმდეგობებია, უნდა დასძლიონ. ახლა ამისთვის კარგი დროა, რადგან არჩევნებამდე თითქმის ორი წელია დარჩენილი და ჯობია ახლა იყოს არეულობა, ვიდრე მერე, მიწურულს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ბოლო ხანებში მუდმივად მხსნელის ძებნა და ლოდინი დაგვჩემდა, რაც არა მგონია, ჯანსაღი პროცესი იყოს. ეს არის მთავარი მიზეზი იმ უბედურების, რაც გვჭირს - ის მხსნელი ჯერ მხსნელია და მერე გაგვიგიჟდება და ტირანად იქცევა. იქნებ დროა, საზოგადოებამ ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება იმ რეალობაში, რომელშიც არის, და იმ ფანტაზიით არ იცხოვროს, ერთ დღესაც ვიღაც თეთრ ცხენზე ამხედრებული შემოაბიჯებსო. ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება დაგვჩემდა და ეს როგორმე უნდა შევცვალოთ... ახლა ისეა დაძაბული ვითარება, შეიძლება ხელისუფლების ნებისმიერი შეცდომა გახდეს გარდამტეხი. ამის მაგალითია 2020 წლის 20 ივნისი, როდესაც სრულიად მოულოდნელად პროტესტი მასშტაბური გახდა. ასეთი შეცდომებისგან ეს ხელისუფლება დაზღვეული ნამდვილად არ არის. ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაზაფხული, რადგან ევროკომისია ანგარიშს სწორედ მაშინ გამოაქვეყნებს, მასში გაცემული რეკომენდაცია და ჩანაწერი კი შესაძლოა ხელისუფლებას ძვირად დაუჯდეს. იმედი არა მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება, რადგან ფუნდამენტურ ცვლილებებზეა საუბარი, ამ ხელისუფლებამ კი, სხვა პუნქტებზე რომ არაფერი ვთქვათ, სახალხო დამცველი ვერ აირჩია და ანტიკორუფციული სამსახური ვერ შექმნა”, - მიიჩნევს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

 

“თუ სახალხო დამცველად აირჩევენ “ქართული ოცნების” შემწირველს, ან პირს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი არასდროს ყოფილა, არ ჩაგვითვლიან. ამიტომ არა მაქვს იმედი, რომ გაზაფხულამდე ძირეული გარდატეხა მოხდება და კობახიძისგან ჯეფერსონს მივიღებთ. ბოსნია-ჰერცეგოვინა უკვე მიიწვიეს კანდიდატის სტატუსით და ამ ჯგუფში მხოლოდ ორი სახელმწიფო ჩავრჩით - საქართველო და კოსოვო. არადა, საქართველო ორივე ხელისუფლების დროს, სააკაშვილისა და ამ ხელისუფლებაში ჩვენი გუნდის ყოფნისას, ყველა მიმართულებით მოწინავე ქვეყანა იყო. სხვებს ვუზიარებდით გამოცდილებას, თუ როგორ მივაღწიეთ ასეთ შედეგებს, ახლა კი კოსოვოსთან ერთად ვართ. გაზაფხულის შემდეგ ერთი პატარა, ბოლო შანსი გვრჩება შემოდგომაზე. უკრაინასა და მოლდოვას უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი, ერთი ნაბიჯით ჩვენზე წინ არიან, რაც ჯერ ტრაგედიად არ ითვლება. თუ გაზაფხულზე კარგი შედეგები გვექნება, იოლად დავეწევით, მაგრამ თუ სტატუსი ვერც ამ დროისთვის მივიღეთ, უკრაინა და მოლდოვა კი უკვე გაწევრების ეტაპზე გადავლენ, უკვე ორი ნაბიჯით დაგვშორდებიან. ჯერ კიდევ ლაპარაკია ტრიოზე, რომელშიც ჩვენც ვიგულისხმებით, მაგრამ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ეს თემაც დაიხურება და არავინ იცის, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობის ფანჯარა კიდევ როდის გაიხსნება”, - დაასკვნის თინა ხიდაშელი.

 

“უარყოფითი რეკომენდაცია მთელი მოსახლეობის, ქვეყნის პრობლემა გახდება და ამიტომ ვამბობ, რომ ეს შესაძლოა ხელისუფლებისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდეს. სანქციები იქნება თუ არა, ჩვენს საქმეს ვერავინ გააკეთებს. მეტიც, ივანიშვილი სანქციების დაწესების შემდეგ შეიძლება უფრო ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას. ამიტომ, თუ გაზაფხულზე საიმედო პასუხი ვერ მივიღეთ, ეს მოსახლეობის მობილიზაციის წინაპირობა უნდა გახდეს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, არაფერი შეიცვლება. თავისი ამომრჩევლის გარდა, ხელისუფლება არც მედიას, არც ოპოზიციასა და არც ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას არ ელაპარაკება. ჩვენი აზრი არ აინტერესებს. ფოკუსირებულია მხოლოდ თავის ამომრჩეველსა და მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც სააკაშვილი ეზიზღება. დანარჩენი კობახიძესა და მის თანაგუნდელებს სულ არ აინტერესებთ. მათი მომხრეების, დაქირავებული ტროლების პოსტები, კომენტარები, სხვების კედლებზე შემოვარდნები გვაჩვენებს ხელისუფლების უსუსურობას. როგორც ყოველთვის, ხელისუფლება თავად აიჭრა საკუთარ პროპაგანდაში. ამიტომ, თუ დღევანდელ ოპოზიციას რამე შეუძლია, ყველაზე სწორი სტრატეგია იქნება ხელისუფლებას “ოცნების” ამომრჩევლის წინაშე დააშვებინოს შეცდომა”, - დასძენს ხიდაშელი და შეკითხვაზე - “ხელისუფლებამ გაააქტიურა ანაკლიის პორტზე საუბარი. რას ელით ამისგან?” - პასუხობს:

 

“2023 წელს ანაკლიის პორტის აშენება ზღაპარია, რადგან წელი უკვე მიიწურა და ჯერ ინტერესთა განაცხადიც არ არის გამოქვეყნებული. პროექტი საქმედ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა, თუ ვიღაცას აჩუქებენ. მაგალითად, ჩემს მოგვარეს, რომელსაც ჩემთან საერთო არაფერი აქვს, გარდა გვარისა. ამ შემთხვევაში ეს იქნება რუსეთის ინტერესების გამტარებელი პორტი, რაც საბოლოოდ ჩაგვაბეტონებს რუსულ ორბიტაზე. ასეთები კიდევ არიან. რუსეთში მცხოვრები სხვა ქართველი ბიზნესმენებიც რიგში დგანან. ამასთან, ჯაფარიძე-ხაზარაძის სასამართლო პროცესი დაიწყო და ამ პროექტზე საუბარი ამასაც ეხმიანება - მოსამართლეს შეახსენეს, რომ ხელისუფლება ამ საქმეს აკვირდება”.

წაკითხვა 317 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.