რისთვის სჭირდება “ოცნებას” წინასაარჩევნოდ ამნისტია და რატომ არ მონაწილეობს ამაში ოპოზიცია

“იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “ოცნების” მიერ ინიცირებულ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

სხდომას ოპოზიცის უმრავლესობა არ ესწრებოდა. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროექტი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და პარლამენტში სიარულს აზრი არ აქვს. სხვების აზრით კი, ეს ასე რომც იყოს, ამაში ცუდი არაფერია და ოპოზიცია მიზეზს ეძებს. “ახლა პარლამენტის სხდომებს არანაირი აზრი არ აქვს, რადგან პრინციპში, წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვართ. ის გადაწყვეტილებები, რასაც უმრავლესობა პარლამენტში ღებულობს, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი “რეზონანსთან”. ედიშერ გვენეტაძის თქმით კი, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ამიტომაც რაღაცებს იგონებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რისთვის სჭირდება “ოცნებას” წინასაარჩევნოდ ამნისტია და რატომ არ მონაწილეობს ამაში ოპოზიცია.

“ოცნების” ინფორმაციით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. მათივე ცნობით, 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი 1 000 პატიმარს შეეხება. დაახლოებით 7 000 პირს ერთი წლით შეუმცირდება, ანუ საუბარია ერთი წლით გამოსაცდელი საპატიმრო ვადის მოკლებაზე. ამნისტია არ შეეხება დანაშაულებს: ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ჰუმანურ აქტს წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის გამოიყენებს. მმართველი პარტიის დეპუტატები კი ოპონენტებს ამნისტიის პროექტის პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოყენების მცდელობაში ადანაშაულებენ. “არ გამოვიყენოთ ეს კანონპროექტი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და არც ფუჭი მოლოდინები გავაჩინოთ”, - აცხადებს კომეტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი. სესიას ესწრებოდა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ამნისტია სამართლიანი არაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფაქტია, ამნისტია ეხებათ ზონდერებს! “რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციებზე ზონდერების მიერ ჩადენილ არც ერთ დანაშაულზე გამოძიება არ არის დაწყებული შესაბამისი უწყების მიერ და შესაბამისი კვალიფიკაციით. ყველა მათგანზე გამოძიებას აწარმოებს არაუფლებამოსილი უწყება - შსს და არასწორი კვალიფიკაციით. ყველა ამ დანაშაულს ამნისტია ეხება. ამ პირობებში რანაირად არის სამართლიანი ეს? ანუ ზონდერებს წინასწარ დაჰპირდით დაუსჯელობას?!” - მიმართა აქუბარდიამ „”ოცნებას”. პასუხად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა აქუბარდიას “არაკომპეტენტური” უწოდა და კოლეგას მიმართა, რომ მას რომ პროექტი წაკითხული ჰქონდეს, ასეთ კითხვებს არ დასვამდა. ხოლო აქუბარდიამ უპასუხა: “როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა!”. სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აქუბარდიას სიტყვა ჩამოართვა, “ოცნების” დეპუტატმა გრეტა წიწავამ კი მას “უზნეო” უწოდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ლელოს” დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, რამდენიმე ათასი ხმის გამოვაჭრების მიზნით ჩატარებულ ამნისტიას არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. “ფიქრობენ, ამნისტიის კანონს გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ, რომ რამდენიმე ათასი ხმა გამოივაჭრონ - ასეთ გაუბედურებულ დღეშია მამუკა მდინარაძის პარტია ელექტორალურად”, - აღნიშნავს სამადაშვილი. დავით ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ “ოცნებასთან” რაიმე სერიოზულ განხილვაში შესვლა შეუძლებელია და მათ მხოლოდ ხელისუფლებიდან წასვლით შეუძლიათ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება. ხოლო ედიშერ გვენეტაძის თქმით, ამნისტია ძალიან კარგი საქმეა და ამას ოპოზიცია უკუღმა ხედავს, რადგან ისინი მხოლოდ ქვეყნის დესტაბილიზაციაზე არიან ორიენტირებული”, - დასძენს გამოცემა.

“აქ იმ სიტუაციაში, როცა დაპირისპირება ისეთ ზღვარზეა მისული, როდესაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს მტრებს ეძახიან და რეალურად არჩევანი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორისაა, ასე განიხილავს ხელისუფლება და ოპოზიციაც, ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს პარლამენტში სიარულს? მგონი არანაირი. პირადად ჩემი დამოკიდებულებაც ასეთია, ამ ხელისუფლებასთან დიალოგის და რამის სერიოზულ განხილვაში შევლის რესურსი ამოწურულია. “ოცნებას” ქვეყანას მხოლოდ ერთი სამსახური შეუძლია გაუწიოს და ეს არის ხელისუფლების დატოვება არჩევნების წაგების შემდეგ. თუ არ წააგებს და ხალხი ამათ მისცემს ხმას ეგ სხვაა, თუმცა მე მგონია, რომ ვერ გაიმარჯვებენ. ამიტომ ამ სიტუაციაში მათთან საკანონმდებლო მუშაობაზე აბსოლუტურად შეუძლებელია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“ხელისუფლებამ სულ რომ საუკეთესო საქმეები აკეთოს, დღევანდელი ოპოზიცია მიზეზებს მაინც მოიგონებს, ესენი მხოლოდ ერთადერთ რაღაცაზე არიან ორიენტირებული და ეს არის ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამიტომ ისინი ყველაფერს უკუღმა ხედავენ და მე ეს არ მიკვირს. ამნისტია არის უდიდესი, ძალიან კარგი საქმე და ამას რომ ადამიანები უარყოფითად შეხვდებიან, რაზე შეიძლება მათთან ლაპარაკი?” - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

წაკითხვა 233 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.