June 29, 2024

“ზალკალიანის ჩამოსვლის შემდეგ ჩვენზე ფაქტობრივად ნადირობა დაიწყო” - ქართველი მიგრანტები ესპანეთში

“მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში და ნადირობა არალეგალურად მცხოვრებ ქართველებზე. ასე აფასებენ ბარსელონელი ქართველები ესპანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას.

ემიგრანტები “რეზონანსთან” 4 აპრილის სპეცოპერაციაზე დეტალურად ყვებიან დ ამბობენ, რომ სკოლის მიტოვებულ შენობაში, სადაც თავშესაფრის მოთხოვნით იმყოფებიან, 300-მდე ესპანელი სამართალდამცველი მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ოპერაციას ატარებდა. მათი განცხადებით, ესპანეთში თავშესაფრის მოთხოვნით ჩასულ მოქალაქეებს სკოლის მიტოვებულ შენობაში უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება. ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში თავშესაფრის მიცემაზე ესპანეთის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს უარს ეუბნება. ამის მიზეზად კი ისინი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ესპანეთში ვიზიტს ასახელებენ. ემიგრანტები ამბობენ, რომ დავით ზალკალიანმა ესპანეთის მთავრობა დაარწმუნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ზალკალიანის ჩამოსვლის შემდეგ ჩვენზე ფაქტობრივად ნადირობა დაიწყო” - ქართველი მიგრანტები ესპანეთში.

 


“ამ ეტაპზე ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დაკავებული საქართველოს 66 მოქალაქე სამართალდამცველების გადაწყვეტილებას ელოდება. საქართველოს შსს-ს ინფორმააციით კი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ 11 ქართველს კრიმინალური დაჯგუფების წევრობას ედავებიან, დანარჩენებს - ესპანეთში არალეგალურად ყოფნას. საქართველოს მოქალაქეები ყვებიან, რომ მათ ქუჩაში გასვლის ეშინიათ, რადგან მათზე ნადირობაა გამოცხადებული. ესპანეთში მცხოვრები ქართველი დიანა ციხისთავი ყვება, რომ მიტოვებულ შენობაში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ, რომლებიც თავშესაფარს ეძებდნენ. მისივე თქმით, სპეცოპერაციის მიზანს ქართველების დაკავება წარმოადგენდა. ციხისთავი ამბობს, რომ შენობა, სადაც ოჯახები ბავშვებთან ერთად თავს აფარებენ 200-300 სპეცრაზმელისგან ალყაშემორტყმული იყო. მისი თქმით, ყველას ტელეფონები ჩამოართვეს და არაფრის უფლებას არ აძლევდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 


“არც დარეკვის უფლებას აძლევდნენ და არც ვიდეოს გადაღების. არ არსებობდა არანაირი თარჯიმანი და არავინ ჩვენს მოქალაქეებს საკუთარ უფლებებს არ უხსნიდა - რისთვის აკავებდნენ, რა უნდოდათ, არავინ უხსნიდათ. ბევრი ადამიანი სადეპორტოში გადაიყვანეს. ჩემი ცნობით, იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ ეს ოპერაცია ჩატარდა ქართველების ასაყვანად. ეს არ არის მოქმედი შენობა, ეს არის მიტოვებული სკოლის შენობა, რომელშიც შეჭრილი არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, ვისაც არ აქვს სახლი, ვისაც არ აქვს არანაირი კარი და ქუჩაში რომ არ დაიძინონ, იქ არიან თავშეფარებულები”, - აცხადებს ბარსელონაში მცხოვრები დიანა ციხისთავი. ბარსელონაში მცხოვრები ქართველები ჰყვებიან, რომ საქართველოდან ემიგრირებულ ოჯახებზე ნადირობა საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ესპანეთში გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო. “მინისტრ ზალკალიანის ჩამოსვლის შემდეგ ჩვენზე ფაქტობრივად ნადირობა დაიწყო” - აცხადებს ესპანეთში მცხოვრები ნანა ყურაშვილი - მისივე განცხადებით, ზალკალიანმა ესპანეთის ხელისუფლებას უთხრა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ერთგვარად მიანიშნა, რომ არ მიეღოთ საქართველოს მოქალაქეები”, - განაგრძობს გამოცემა.

 


“ზალკალიანის ჩამოსვლის შემდეგ აბსოლუტურად შეიცვალა ესპანეთში სიტუაცია, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და ნუ მიიღებენ ჩვენს მოქალაქეებს და ნუ მისცემენ თავშესაფარს. ამის შემდეგ, აქურმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და შემდეგ მედიაში დაიწყო ამაზე საუბარიც. გადიოდა სიუჟეტები ტელევიზიაში, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქ თავშესაფარს არ მისცემდნენ. დაიწყო ჩვენი შევიწროება და ფაქტობრივად ქუჩაში გამოგვყარეს. ეს კი ჩვენი ხელისუფლებსი დახმარებით მოხდა. არც ქვეყანაში გვაძლევენ სამუშაოს და სხვაგან ლუკმაპურის საშოვნელადაც ჩამოსულებს არსებობის საშუალებას არ გვიტოვებენ. რა, გვსიამოვნებს, რომ აქ ბავშვებთან ერთად მათხოვრებივით ვცხოვრობთ? რომ არ გვიჭირდეს, გიჟები ვართ ამ პირობებში ცხოვრება გვინდოდეს? კაციშვილი არ გვკითხულობს. ჩვენი საკონსულოდან არავინ მოდის. უპატრონოდ და ღვთის ანაბარად ვართ აქ დატოვებულები. რვა აპრილს ველოდებით რა პასუხს გვეტყვიან, ამ ყველაფრის შემდეგ არაფრის იმედი აღარ გვაქვს“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა ყურაშვილი.


“შსს-ში კი ამბობენ, რომ სპეცოპერაციისთვის მზადება ესპანელ სამართალდამცავებთან ერთად ერთი წლის წინ დაიწყეს. დაკავებულებს კი ესპანური კანონმდებლობით გაასამართლებენ - ბინის ქურდობა და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა. შენობა, სადაც საქართველოს მოქალაქეები აიყვანეს წელიწადზე მეტია ესპანეთში მცხოვრებ ემიგრანტებს აქვთ დაკავებული. საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 25 ქართველი. ესპანური მედია კი წერს, რომ ესპანელმა სამართალდამცველებმა 11 ქართველი დააკავეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბარსელონაში სპეცოპერაციისას საქართველოს მოქალაქეების დაკავებას ეხმაურება. მამუკა ბახტაძე ქართველი ემიგრანტების იმ განცხადებებს პასუხობს, სადაც ისინი ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ესპანეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა. პრემიერი ამბობს, რომ მომხდართან და ზოგადად ქართველების დეპორტაციას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს კავშირი არ აქვს - “ზალკალიანის ვიზიტი არაფერ კავშირშია მომხდართან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას ქვეყნაში. ტყუილია ის რომ პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან ადამიანები”, - განაცხადა პრემიერმა, რომლის თქმით “საქართველო ბევრმა ქვეყანამ აღიარა უსაფრთხო ქვეყნად,” - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 801 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.