“გახარიას ხელისუფლებაში მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციაში“ -გია ხუხაშვილი

“ხელისუფლება წინა ხელისუფლების შპარგალკებით ხელმძღვანელობს, ანუ სისტემა არ შეცვლილა და ისინი იმავე ნაღმებზე ფეთქდებიან. 2007 წელს აღძრული სახელმწიფო გადატრიალების საქმის ფიგურანტი ვიყავი.

დღევანდელ ხელისუფლებას მას მერე არაფერი შეუცვლია. ის იმ სისტემას კი არ ებრძვის, პირიქით, ყველა მანკიერებას იმეორებს და მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის. ამ ყველაფერს თუ სახელმწიფოს პრიზმაში გავხედავთ, ეს დამანგრეველი შედეგების მომტანია - როდესაც მართლმსაჯულების პოლიტიზება ხდება, ანუ მისი გამოყენება პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად და გახმაურებული საქმეების გადასაფარად, ეს საბოლოოდ ანგრევს სახელმწიფოს და თვითონ ხელისუფლებას. ჩვენ ვიღებთ ურჩხულს, რომელიც, როგორც კი დაფრთიანდება, მისივე მშობელს შეჭამს. ასეთია ისტორიული კანონზომიერება, საქართველოს უახლესი ისტორიაა ამის დასტური. ადრე თუ გვიან, ეს მონსტრი თვითონ ამ ხელისუფლებას შეჭამს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „გახარიას ხელისუფლებაში მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციაში“.

 

“გახარია არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ ვთქვათ, მაინცდამაინც მას გადაეფარნენო. გახარიას ხელისუფლებაში მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციაში, ეს აშკარად ჩანს. ისინი იბრძვიან ძალაუფლებისთვის და მინისტრს იმიტომ კი არ წირავენ, რომ მოსწონთ, არამედ იციან, რომ გახარიას გაწირვამ შეიძლება სისტემური რყევები გამოიწვიოს. გახარია დღეს უფრო ხელისუფლების პრობლემაა, ვიდრე ოპოზიციის. ოპოზიციას ის უფრო უხარია, რაც მეტხანს იქნება გახარია, ეს პოლიტიკური კრიზისის გაგრძელების ინსტრუმენტს აძლევს. პოლიტიკური ლოგიკით, ხელისუფლებას ეს ნაბიჯი უკვე უნდა გადაედგა და პრობლემაც აღარ იქნებოდა. ბიძინას მმართველობითი სისტემა დომინოს ქვებით არის ნაშენი და ერთი ქვაც რომ გამოაცალო, ხუხულასავით დაიშლება. ამის ეშინია ივანიშვილს. ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი რომ გვქონდეს, გახარია უნდა წასულიყო და კრიზისიც აღმოიფხვრებოდა, მაგრამ ჩვენი მმართველობითი სისტემა ხომ არ არის რეალურად დემოკრატიული? ჩვენ ჯერ კიდევ ნომენკლატურული კაპიტალიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ხელისუფლება თვლის, რომ ყველაფრის დირექტორია. ოპერატიული თვალსაზრისით, ამ კრიზისის ჩაცხრობა რომც შეძლონ მისი დისკრედიტაციის გზით, რა გზაც აირჩია ხელისუფლებამ, ორ კვირაში ახალი კრიზისი იფეთქებს, რადგან პერმანენტული კრიზისების ეპოქაში ვართ შესული. ნავს, რომელშიც ხელისუფლება ზის, ძალიან ბევრი ხვრელი აქვს და ნელა, მაგრამ მაინც ჩაიძირება, მას თითებით დაგმანვა კი არა, გენერალური რემონტი უშველის, რისი სურვილიც ხელისუფლებას არა აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

ნიკა მელიას კი არა, ხელისუფლებას აქვს პრობლემა მელიას გამო. როცა პოლიტიკოსი პოლიტიკურ პროცესშია, ის ციხეშიც ჯდება, ამათ კი ერთი დამატებითი გმირი შექმნეს და ამით ისევ თვითონ გაიჩინეს პრობლემა… იმ დღეს ცარიელ შენობაში ცარიელი ხელებით 200 კაცი უნდა შესულიყო. სახელმწიფო გადატრიალება ფოსტა-ტელეგრაფის აღებით უნდა იწყებოდეს, ეს XX საუკუნის დამდეგის თემაა. XXI საუკუნეში პარლამენტის აღება არაფერს იძლევა. საინფორმაციო ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, ამ შენობის აღება არ ნიშნავს ხელისუფლების პარალიზებას. ყველა ინსტიტუტი ფუნქციონალურია და რომ შეცვივდებოდნენ, იმ შენობიდან მათი გამოყვანაც ადვილი იყო და დასაბუთებული სამართლებრივი შედეგებიც იქნებოდა. ანალოგიური და უფრო მძიმე ფაქტი მოხდა ჰონკონგში - პარლამენტში არმატურებით შეიარაღებული 100-მდე კაცი შევარდა და პოლიციამ გაზი გამოიყენა. ისინი შენობიდან გამოიყვანეს და სახელმწიფო გადატრიალება არც გამოუცხადებიათ. დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” რევოლუციური პოტენციალი აღარ აქვს. რევოლუციას ისევ ხელისუფლება თუ მოუწყობს თავის თავს, არა “ნაცები”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “რა შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას ისეთი, რაც ბრალდებას გაამყარებს?” – პასუხობს:

 

“შეიძლება აქვს, შეიძლება არა, მაგრამ გვაქვს გამოცდილება. საბურავების საქმეზეც ამბობდნენ, რაღაც საშინელებას აპირებდნენო, მტკიცებულებები გვაქვსო და სად არის? იყო მიშასა და წიკლაურის, სხვათა საუბრების ჩანაწერებიც, გვიმტკიცებდნენ, თითქოს გადატრიალებას და რაღაც საშინელებას აპირებდნენ, მაგრამ სადაა? რამდენჯერ შეიძლება დავუჯეროთ ხელისუფლებას, რომელიც, ფაქტობრივად, საზოგადოებას საკუთარი პოლიტიკური ამოცანის შესრულების ობიექტად თვლის და მერე დასცინის. დაცინვაა ყველა ის საქმე, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღიძრა. “ოცნების” სტრატეგიული ამოცანა იმაში მდგომარეობს, როგორმე გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, ამის მეტი ამოცანა აღარ აქვს და ცდილობს დაშინებისა და შეთქმულების თეორიების გზით მიიღოს შედეგი”.

წაკითხვა 840 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.