"გახარია ისტორიულად უკვე განწირულია" - გია ხუხაშვილი
გიორგი გახარიას, რეალურად რაც უნდა გაეკეთებინა, ეს იყო ადამიანური სახის ჩვენება. მას უნდა გამოეთქვა სინანული და დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ის ნანობს რაც მოხდა აუცილებელი მოგერიების ფაზის შემდეგ“, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მიერ „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუს“.
„საქმე იმაშია, რომ არავინ ედავება გიორგი გახარიას იმაში, რომ ძალის გამოყენება გახდა საჭირო“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
მისი თქმით, გახარია თავის ინტერვიუში ისევ იმ სეგმენტს მიმართავდა, რომელიც ისედაც იზიარებდა მის ნააზრევს 20-21 ივნისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენების უფლებას, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით გახარიას ნათქვამი - „წყალია“.
„ეს ყველაფერი წყალია. გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ, ის დარჩა იმ სეგმენტთან ერთად, რომელიც ამ ინტერვიუს გარეშეც მის მხარეს იყო. სამაგიეროდ, საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი, რომელსაც კითხვები აქვს და უნდა გაერკვეს სიტუაციაში, ეს ნაწილი მძიმე განწყობაზე დააყენა და მოიშორა. თქვა, რომ მე თქვენ არ მაინტერესებთ, მე მაინტერესებს მობილიზაცია იმ ხალხის, რომელიც ისედაც ჩემთან არის. ეს იყო მისი მთავარი პრობლემა. ფაქტობრივად, არ შედგა დიალოგი საზოგადოებასთან და მან მოახდინა ინტელექტუალური მონოლოგის დემონსტრირება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება შს მინისტრის განცხადებას, რომ მისი მხრიდან გადადგომა იქნებოდა „პასუხისმგებლობიდან გაქცევა, არათუ პასუხისმგებლობის აღება“, ხუხაშვილმა განაცხადა, რომ მან ლოგიკა თავდაყირა დააყენა.
„ეს არის პასუხისმგებლობის ცნების თავდაყირა დაყენება. პასუხისმგებლობა განისაზღვრება იმით, რომ შენ პოლიტიკურად მზად ხარ, რომ პასუხი აგო და პასუხისმგებლობის გრძნობა ზუსტად გადადგომაა. ის კი თავდაყირა აყენებს ამ ლოგიკას და საუბრობს იმაზე, რომ იმიტომ არ გადადგება, რომ ის მომხდარზე პასუხისმგებელია. აბსოლუტური აბსურდია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, დღეს თუ ხვალ, გახარიას პასუხისმგებლობის თემას ისტორია გამოკვეთავს.
„გახარია ისტორიულად უკვე განწირულია, მას ჰქონდა პოტენციალი, რომ გამხდარიყო გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე. დღეს თუ ხვალ, მისი პასუხისმგებლობის თემას ისტორია გამოკვეთავს. ხელების გადაგრეხვით თუ სხვა მეთოდებით, მას შეუძლია დარჩეს და ამის გამო ომს ხომ არ დაიწყებს ვინმე?! მაგრამ სამწუხაროდ, ის დღეს სუსტია და მისი ეს რიტორიკა აძლიერებს მის ოპონენტებს ანუ „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"