"კრედიტების გადავადება იყო კარგად შეფუთული სიკეთე "საბანკო სექტორის“ მხრიდან“ – მამუკა ტუსკაძე
„კრედიტების გადავადება იყო კარგად შეფუთული სიკეთე „საბანკო სექტორის“ მხრიდან“ – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ პარტიის ოფისში გამართულ მორიგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კომერციულმა ბანკებმა სიტუაციით ისარგებლეს და პანდემიამდე აღებული სესხის თანხა მსესხებლებს მნიშვნელოვნად გაუზარდეს.
„გახსოვთ, რომ პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის გამო, საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციით მიმართა ეროვნულ ბანკს და ეროვნულმა ბანკმა – კომერციულებს, რომ ექვსი თვით (ჯერ სამით და შემდეგ კიდევ სამით), გადაევადებინათ საბანკო ვალდებულებების შესრულება. მოქალაქეებს, რომლებსაც კრედიტი აქვთ აღებული, თითქოს და გაუკეთდათ შეღავათი და მიეცათ საშუალება, არ გადაეხადათ გადასახადი და ვალდებულებების შესრულება გაეგრძელებინათ პანდემიის შემდეგ. მაგრამ „სიკეთე“, რომლის გაკეთებაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ, გამოვიდა ძალიან ცუდად. მაგალითად, ადამიანს კომერციულ ბანკში პანდემიამდე ჰქონდა 45 ათასი ლარი, ისარგებლა საშეღავათო პერიოდით და გააგრძელა გადახდა გარკვეული დროის შემდეგ, მაგრამ აღებული თანხის ნაცვლად დახვდა გაზრდილი, კონკრეტულად კი 50 000 ლარი გაცილებით მაღალი პროცენტით. მივმართავთ ხელისუფლებას, მიაქციოს ყურადღება მსგავს ფაქტებს და გადაამოწმოს, რამდენად ჯდება კომერციული ბანკების ქმედება იმ ნომერ პირველ დადგენილებაში, რომელიც საგანგებო სიტუაციაში გამოსცა ხელისუფლებამ. ვთხოვთ სამთავრობო გუნდს, გადაამოწმონ ვითარება და ზედმეტ პრობლემებს ნუღარ შეუქმნიან მოსახლეობას.“ – აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.
პარტიის ლიდერის თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი, მზადაა, პირადად ჩაერთოს პროცესში და დააკვირდეს მოვლენათა განვითარებას.
„ეს ადამიანები შეცდომაში არიან შეყვანილები, არიან მოტყუებულები… მთავრობის მხრიდანაა ეს თუ კომერციული ბანკების მხრიდან, გაარკვიონ ერთმანეთში. მთავარია, მოქალაქეებს მიეცეთ დაპირებული შეღავათი. ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ. ვნახოთ, რა იყო ეს – მთავრობის მორიგი ბლეფი, თუ ეროვნული და კომერციული ბანკების მიერ ლამაზად შეფუთული ტყუილი…
პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ დგას და მომავალშიც დადგება ჩვენი მოქალაქეების სოციალური სამართლიანობის სადარაჯოზე. ვფიქრობ, ახლა ბანკირების, მევახშეების და ხალხის მომტყუებლების დრო არ არის, დრო არის განვითარების, თანასწორობისა და სოლიდარობის,“ – აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.
(NS)
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი