November 23, 2024

„საქართველო ორჯერ გამოვიტირე - როდესაც სოხუმი დაეცა და როდესაც გია ჭანტურია მოკლეს“ - მამუკა ტუსკაძე

თამაში არ უყვარს. საკუთარ ამპლუაში თავს ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს. მითითებებით ვერ ცხოვრობს. რჩევების გათვალისწინებას ცდილობს, მაგრამ მაინც ისე იქცევა, როგორც გული კარნახობს. თვლის, რომ საზოგადოებას თავი ზუსტად ისეთად უნდა აჩვენოს, როგორიც სინამდვილეშია. ასე შეცდომაშიც ვეღარავის შეიყვანს. ემოციურობას და გამოხატვის თავისებურებას ნაკლად არ აღიქვამს. ფიქრობს, რომ ადამიანს გრძნობებიც უნდა გააჩნდეს და ადეკვატური რეაქციებიც უნდა ახასიათებდეს.

 

„ადამიანი ყველა დანარჩენი არსებისგან იმით განსხვავდება, რომ ინსტიქტით კი არ მოქმედებს, აზროვნებს, ყველაფერს აანალიზებს და ნაბიჯებსაც ისე დგამს...  ბევრს ფიქრობს და ემოციებიც აქედან მოდის... განიცდის, ბრაზდება, უხარია, უყვარს, ბედნიერია... ემოციები არ აქვთ მათ, ვისთვისაც ყველაფერი სულერთია. ხშირად მირჩევენ, რომ როგორმე „მოვთოკო“ საკუთარი თავი, მაგრამ არ გამომდის... ხანდახან ხდება რაღაც, რასაც გულგრილად ვერაფრით ჩაუვლი. იმის თქმა მინდა, რომ არ ვფიქრობ, ემოციურობა რომ ნაკლია, პირიქით.. ვთვლი, რომ ასე საკუთარი თავის გამოხატვაა შესაძლებელი. მთავარია, ასეთი ემოციურობით სხვებს შეურაცხყოფა არ მიაყენო და საქმე არავის გაუფუჭო, თორემ თვითგამოხატვა ასეთი ფორმით დანაშაული ნამდვილად არაა“

საკუთარი თავი ორჯერ - 2011-12 წლებსა და 2013 წლის დასაწყისში - იპოვა. პირველად სააკაშვილის რეჟიმმა თავისუფლება რომ აღუკვეთა და მეორე - როდესაც გათავისუფლდა. ამბობს, რომ საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა სწორედ მაშინ დაგეგმა. დღეს იმ წლებში ჩამოწერილ პუნქტებს მიყვება და სოციალური სამართლიანობისთვის იბრძვის. ზუსტად იცის, რა უნდა და მიზნამდე როგორ უნდა მივიდეს.

„მე და ჩემი თანაგუნდელები ვცდილობთ, დავუპირისპირდეთ სოციალური უსამართლობის ფაქტორებს, ვიბრძვით მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის... ჩვენს პოლიტიკური მოძრაობისთვისაც ზუსტად ის სახელი შევარჩიეთ, რა მიზნითაც მოვედით პოლიტიკაში. ბუნებრივია, სამართლიანობის პრინციპებს ვერასდროს გადავუხვევთ, რადგან არცერთი ადამიანი არ არის ჩვენთვის სულერთი. ჩვენი პროგრამაც სწორედ სოციალური თანასწორობის, სამართლიანობის საფუძველზე ავაგეთ. ვფიქრობ, ხალხის მხარდაჭერით და ჩვენი გუნდის ძალისხმევით მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“

ბავშვობაში პოლიტიკოსობაზე კი არა, კოსმონავტობაზე ოცნებობდა. ხეზე საკუთარი „კოსმოსური“ ხომალდიც მოიწყო. საკმაოდ მაღლა იყო. დასთან და მამიდაშვილებთან ერთად ხშირად ადიოდა. იმ დროს იური გაგარინობა თითქმის ყველა ბავშვს უნდოდა, თუმცა ერთ დღეს საშინელი ქარი ამოვარდა. ხომალდმა რხევა დაიწყო. ბავშვი შეშინდა. ხიდან რომ ჩამოიყვანეს, ბებია-ბაბუამ უთხრა, -შენგან კოსმონავტი არ გამოვაო.  მას შემდეგ იმ ხეზე აღარ ასულა. სიმაღლის შიში კი დღემდე გამოჰყვა.

„ბავშვობაშივე მივხვდი, რომ კოსმონავტობა ჩემი საქმე არ იყო. სიმაღლის შიში ახლაც მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პანიკაში ვვარდები. პირიქით. უკან არასდროს არაფერზე ვიხევ. უბრალოდ, უსიამოვნო განცდა მიჩნდება. თვითმფრინავშიც რომ ვზივარ, ილუმინატორში არ ვიყურები. გულს ვერაფრით ვიმაგრებ, არც ვსვამ, არც ვეწევი. ვცდილობ, თავი სოფლის ავტობუსში წარმოვიდგინო ხოლმე, ასე უფრო კომფორტულად ვარ. სიზმარშიც რომ დავფრინავ, ისიც დისკომფორტს მიქმნის. რომ გავიღვიძებ და აღმოვაჩენ, საკუთარ სახლში ვარ და ბედნიერი ვარ.“

ქუთაისში დაიბადა, ბავშვობა რუსთავში გაატარა, სწავლა წყალტუბოს რაიონის გუბისწყალის სკოლაში დაიწყო და რუსთავის 25-საშუალო სკოლაში გააგრძელა. საბოლოოდ ატესტატი ისევ წყალტუბოში, ამჯერად გვიშტიბის საშუალო სკოლაში აიღო.

„ჩემი გვარიც წყალტუბოდანაა. სოფელი - ცხუნკური. ბუნებრივია, რომ ჩემმა გენეალოგიამ დამაინტერესა და მისი შესწავლა დავიწყე. რამდენიმე თვე მოვუნდი. 1601 წლამდე ჩავედი. უფრო ადრე კი ჩემი წინაპრები ტუსკიების გვარით იყვნენ ცნობილნი.  პირველი ტუსკაძე ცხუნკურში ცხოვრობდა. გაბრიელი ერქვა. სასულიერო პირი იყო. ავტორიტეტი სოფელში ჩამოსვლისთანავე მოიპოვა. განათლებული ადამიანი იყო და სოფლის მაცხოვრებლებს წერა-კითხვას ასწავლიდა. სამწუხაროდ, მის შესახებ მეტი აღარაფერი ვიცი...

მე 1975 წლის აგვისტოში დავიბადე. ბავშვობიდან ბევრი რამ კარგად მახსოვს, მაგრამ არის მომენტები, რომელსაც ვეღარ ვიხსენებ. მაგალითად, მახსოვს 1978 წლის ნოემბერი, როდესაც ჩემი მამიდაშვილი დაიბადა. მაგიდასთან დაგვსვეს მაშინ მე და ჩემი და და პატარა გვაჩვენეს. მწარედ მახსოვს, წასული რომ იყო დედა. ხუთი წლის ასაკშიც მახსოვს, ძველ სახლს რომ ანგრევდნენ ჩემები. ახალს აშენებდნენ სანაცვლოდ. კიბე იყო მიდგმული და 5 წლის ბავშვი ავედი სახურავზე. ბაბუა იყო იქ. რომ დამინახა, შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია. მომეფერა, - ეს ვინ მოსულაო და ხელი მომკიდა... აი, სამშვიდობოს რომ ჩავედით, მერე ისეთი ამბავი ატეხა, რომ... ბავშვი ზემოთ როგორ ამოუშვითო...

5 წლის ასაკში უკვე ვკითხულობდი. მახსოვს, გაზეთი „კომუნისტი“ მეჭირა ხელში. პირველ გვერდზე ბრეჟნევის გარდაცვალებაზე წერდნენ. ფოტოც იყო, როგორ უშვებდნენ სამარეში. პუბლიკაციაში კრემლი იყო ნახსენები. მეც ბავშვური მიამიტობით ვიკითხე, - მეც ასე უნდა მოკვდე, რომ დავბერდები და კრემლთან უნდა დავიმარხო-თქო? ახლა მეღიმება, როდესაც ამ ამბავს ვიხსენებ და რუსეთთან ჩემს დღევანდელ დამოკიდებულებას ვადარებ.

ისიც მახსოვს, შვიდი წლის ასაკში მარტო რომ მინდოდა, მევლო სკოლაში. ვინ გამიშვებდა? დედ-მამას კიდევ ვუჯერებდი, მაგრამ მამიდაჩემმა რომ მომაკითხა რამდენჯერმე, გავუჯიუტდი, - ათი წლის ვარ, რატომ მაკითხავთ-თქო. რატომ იტყუებიო, - რომ შემომიბრუნა კითხვა მამიდამ, გავუპროტესტე, - ათ წლამდე რაღაა, სულ სამი წელი მაკლია-მეთქი.

ყველაზე მეტად კი ბებიასთან ერთად ტაძარში სიარული მომწონდა. მიხაროდა ყოველი ხუთშაბათი. სამი გაკვეთილის შემდეგ გამათავისუფლებდა და მივყავდი სკოლიდან. დანარჩენი გაკვეთილები ცდებოდა და ბედნიერი ვიყავი. ადგილზე მისული ბებია ფეხზე გაიხდიდა ხოლმე და ეკლესიას ურტყამდა წრეს. ჩვენც, მე და ჩემი და, მასთან ერთად ვიმეორებდით ყველაფერს. მართალია, ფეხზე არ ვიხდიდით, მაგრამ ეკლესიას ჩვენც გარშემო ვუვლიდით. მერე მღვდელი გვლოცავდა. მამალიც მიგყავდა პერიოდულად.  უკან დაბრუნებულებს ბებია საჩუქრებს გვყიდულობდა. ხელცარიელებს არასდროს გვაბრუნებდა სახლში. რა უნდა ბავშვს მეტი ბედნიერებისთვის?

პირველი სასიყვარულო წერილიც მახსოვს. ერთხელ მერხის უჯრაში შევყავი ხელი და ქაღალდი ვიპოვე. „მამუკა, მე შენ ძალიან მიყვარხარ, დიდი რომ გავიზრდები, ცოლად უნდა მომიყვანო“ - ეწერა ფურცელზე. ახლაც შენახული მაქვს წერილი. ვიცოდი, ვინც დაწერა, მაგრამ არაფერი მითქვამს. არც მას წამოსცდენია არაფერი.“

12 წლის იყო, როდესაც ძალოსნობაზე შევიდა და ვარჯიში დაიწყო. ვერჯიშის მიზნით, ხან რუსთავის დარბაზს სტუმრობდა, ხან - წყალტუბოს.. გამხდარი ბავშვი იყო, მაგრამ...  5 წლის განმავლობაში მოსწავლეთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც გახდა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის ტიტულიც დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშს თავი 17 წლის ასაკში დაანება, სპორტის სიყვარული დღემდე გამოჰყვა.

„პრინციპში, სპორტისთვის თავი არც დამინებებია. უბრალოდ, ვარჯიში შევწყვიტე. სანაცვლოდ, განვითარებაში სხვებს ვეხმარებოდი და ახლაც ვეხმარები. ძალოსნობის გარდა, ფეხბურთსაც ვემსახურები. ბიჭებს არაოლიმპიური სახეობისთვისაც ვამზადებთ. პირადად ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია სპორტმა. დამეხმარა ჩამოყალიბებაში. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პოპულარული ბიჭი ვიყავი, რაიონის საუკეთესო სპორტსმენი და ეს ძალიან მომწონდა, თავში არაფერი ამვარდნია. „ყურშა“ მაშინ „ყოყოჩდება“, თუ საკუთარი თავის ამოცნობას ვერ შეძლებს. მე ამ პრობლემის წინაშე არ აღმოვჩენილვარ.

ზოგადად, მაშინ სხვა შეგნების თაობა იყო. ჩხუბით ჩვენც ვჩხუბობდით, მაგრამ ერთმანეთს სასიკვდილოდ არ ვიმეტებდით. დღევანდელ რეალობას რომ ვუყურებ, ვერ ვხდები, რატომ არ ინდობენ ერთმანეთს ეს ახალგაზრდები? რამ გააბოროტათ ასე? ზოგადად, რატომ ვჩხუბობთ ადამიანები? უფრო მამაკაცები? სისხლი გვიდუღს, რაღაცის დამტკიცებას ვცდილობთ, ძალაც გვერჩის, მაგრამ  წაქცეულის ცემა, წყალში ჩაგდება და მიტოვება, ეს მართლა წარმოუდგენელი ამბავია ჩვენი თაობისთვის. 4 სკოლაში ვსწავლობდი და არცერთგან არ იყო ასეთი დაუნდობელი სიტუაცია, რაც დღევანდელ რეალობაშია. მეც მიცემია ადამიანი, მეც ვუცემივარ, მაგრამ... სასიკვდილოდ ერთმანეთი არ გაგვიმეტებია. ჩემი ნაცემი ადამიანი თვითონვე მოვასულიერე ერთხელ და მერე მე გავხდი ცუდად, ისე ვინერვიულე.“

იმ დროს ბიჭები, ძირითადად,  გოგოების გამო ჩხუბოდნენ. თინეიჯერობის ასაკში მეგობრები საწინააღმდეგო სქესს ხშირად ეპრანჭებოდნენ. სიყვარულითაც მარტივად უყვარდებოდათ. არც ბატონი მამუკა ყოფილა გამონაკლისი. ერთხელ რუსთავში კორპუსს ახედა, გოგო დაინახა და მოჯადოვდა. ტრფობა კარგა ხანს გაგრძელდა. სიყვარულმა ლექსების წერაც დააწყებინა. დღიურებსაც აწარმოებდა. ისტორია სტანდარტულად დასრულდა. წყვილი ერთმანეთს დაშორდა. შემდეგ მისი ახლანდელი მეუღლე, ლელა გაიცნო და ოჯახიც შექმნა.

„ძალიან საინტერესოა ბავშვობის წლები დღევანდელი გადმოსახედიდან. ადრე დავოჯახდით...  18 წლის ვიყავი. მახსოვს, 93 წლის 4 ივლისი იყო, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. ჩემი მანქანით გავიპარეთ. უცნაურია, მაგრამ მანქანა მყავდა მაშინ...  განებივრებული ბავშვი ვიყავი, მამიდას ბიჭი. ზოგადად, ჩვენს ოჯახს არასდროს უჭირდა, მაგრამ მამიდას ჰქონდა საკმაოდ მყარი ფინანსური ზურგი. ამიტომ მატერიალურ საკითხებში მამიდა მანებივრებდა.

თუმცა სხვა მხრივ, არც ბებია მაკლებდა. პენსიის ფულს მომცემდა და, - მშიერი არ იყო, რამე შეჭამეო, მეტყოდა. მე წიგნებს ვყიდულობდი. შენაძენს რომ შეხედავდა ხოლმე,  მსაყვედურობდა. მე თავზე ვიდებდი ხელს და, - აი, აქ მშია, ბებო-მეთქი, ვუებნებოდი... 

დღეს კი თუ რამეს წარმოვადგენ ჩემი მშობლების დამსახურებაა. ჩემი განათლებისთვის თავი არ დაუზოგავთ. მამა ყოველთვის თან დამყვებოდა. მანქანით დამატარებდა ხან სპორტზე, ხან - სკოლაში... მუშაობდა, მაგრამ როდესაც მჭირდებოდა, ყოველთვის გვერდით მედგა. მშობელიც იყო და მეგობარიც. არც მე და არც ჩემმა დამ სოფლის საქმეების არაფერი ვიცოდით. სწავლაში ხელი რომ არ შეგვშლოდა, არაფერს გვავალებდნენ. თავდაუზოგავად შრომობდნენ, რომ არაფერი მოგვკლებოდა და რამე დისკოფმორტი არ გვერგძნო. ასეც მოხდა. ჩვენ საკუთარი თავი ვიპოვეთ, საკუთარ ადგილზე დავმკვიდრდით და დღემდე საკუთარი მიზნებისთვის ვიბრძვით.

მიუხედავად იმისა, რომ ადრე დავოჯახდი, საწუწუნო არაფერი მქონდა. ლელა ძალიან კარგი მეუღლე აღმოჩნდა.  ახლაც ასეთია. სულ გვერდში მედგა წარსულშიც და მიდგას ახლაც. თუ ოდესმე რამე პრობლემა გვქონია ოჯახში,  ამის გარეშეც გამორიცხულია, ჩემ გამო იყო. ზედმეტი მისთვის არასდროს არაფერი მიკადრებია, მას ჩემთვის - მით უმეტეს. მადლიერი ვარ, რომ ჩემ გვერდითაა, იდეალური ცოლი და დედაა, საქმეშიც ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ერთი შვილი გვყავს, თორნიკე... მათთან ერთად მე ძალიან ბედნიერი ვარ“.  

პროფესია ორი აქვს - ერთდროულად პოლიტოლოგი და სამართალმცოდნეა.  იურისტის კარიერაც წარმატებულად აიწყო, მაგრამ უპირატესობა მაინც პოლიტიკას მიანიჭა. არც სვამს, არც ეწევა. ნარკოტიკულ საშუალებებზე არც კი საუბრობს. ამბობს, რომ მიზნისთვის ფხიზელი გონება, შემართება და ბრძოლისუნარიანობა სჭირდება.

„90-იანი წლები, გახსოვთ, ალბათ, როგორიც იყო. მთელი ჩემი სამეზობლო წამალს იკეთებდა. მე არც კი გავკარებივარ. ალბათ, დაოჯახებამაც თავისებურად იმოქმედა. შვილიც შემეძინა და სრული ოჯახური იდილია მოვიწყეთ. ჩემი მეუღლე სოხუმიდანაა. ქორწილიც იქ გადავიხადეთ. უკან დაბრუნება გაგვიჭირდა. ოჩამჩირიდან ენგურამდე, ფაქტობრივად, ფეხით ვიარეთ.“

პოლიტიკური კარიერა ედპ-დან დაიწყო. იქ მისმა კურსელმა, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა კახა მჭედლიძემ მიიყვანა. მაშინ ის პარტიის პრესსამსახურში მუშაობდა. გია ჭანტურიაც სწორედ მაშინ გაიცნო.

„ეს ის პერიოდია, ირინა სარიშვილი სახელმწიფო მინისტრი რომ იყო. 18 წლის ვიყავი. პარტიაში არ გავწევრიანებულვარ. ჯერ კახას ვეხმარებოდი, შემდეგ - ზურა ღონღაძეს, რომელიც დღესაც ედპ-შია. იქ გავიცანი ჯაბა სამუშიაც, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ. ძალიან კარგ ადამიანებს შევხვდი, მათგან ბევრი რამ ვისწავლე. გია კობახიძის თანაშემწეც ვიყავი. ის იყო ჩვენი დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მამა - ძალიან კარგი ადამიანი.  ბლოკნოტების გამოყენება მის ხელში დავიწყე. ახლა ბლოკნოტის გარეშე ვერაფერს ვაკეთებ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებდი, ვინმე ფულს გადამიხდიდა. მაგრამ ერთ დღეს პარტიის ბუღალტერმა, შალვა ჩხაიძემ დამიძახა და უწყისზე ხელი მომაწერინა. შემდეგ კუპონებიც (მაშინდელი ფული) გადმომცა. ორი კვირა მეყო ოჯახის სარჩენად. მაშინ გაიგეს, რომ ცოლ-შვილიანი ვიყავი. თანამდებობის პირებს  ტალონებსაც აძლევდნენ იმ პერიოდში - კარაქის, შაქრის და პურის. ჩემი დაოჯახების ამბავი რომ შეიტყვეს, გია ჭანტურიამ სთხოვა პარტიის წევრებს, რომ ჩემთვისაც გაენაწილებინათ. დღეს ირინა სარიშვილთან კარგი დამოკიდებულება აღარ მაქვს, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ის და ნოდარ ვეფხვაძე მთელი წლის განმავლობაში მითმობდნენ საკუთარ ტალონებს. ფაქტობრივად, ოჯახს პარტიაში აღებული კუპონებით და დათმობილი ტალონებით ვარჩენდი. ხელფასს ბავშვის საჭმელში ვიხდიდი. ტალონებს კი მაღაზიებში პროდუქტების სანაცვლოდ ვტოვებდი. ასე გავიტანეთ თავი იმ პერიოდში.

მერე გია ჭანტურიაც მოკლეს. ეს იყო საშინელი დარტყმა, ძალიან განვიცადე. ზოგადად, ორი ეპიზოდი მახსოვს ჩემს ცხოვრებაში. პირველი - 93 წელი, როდესაც შევარდნაძემ კაპიტულაციით ჩააბარა სოხუმი და კარგად მახსოვს, როგორ ვქვითინებდი იმ დღეს, მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ გამოვიტირე საქართველო და მეორე - 94 წელს, როდესაც გია ჭანტურია მოკლეს. მართლა ძალიან განვიცადე. ბავშვური, წრფელი სიყვარულით მიყვარდა. ყველას უყვარდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო. გუნდის შემკვრელი, გამწევი ძალა. მისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. გუნდიც დაიშალა. მეც წამოვედი.

შემდეგ სწავლაზე გადავერთე მთლიანად და არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებითაც გავაქტიურდი. ვიყავი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრიც. მაშინ დავით უსუფაშვილი იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე. ასოციაციაში ირაკლი ოქრუაშვილი, თინა ხიდაშელი, ნოდარ ჯიქია და სხვა მრავალი ადამიანი იყო გაწევრიანებული. რამდენიმე ხნის შემდეგ დავით  უსუფაშვილმა სამართლიანი არჩევნების ცენტრის დაფუძნება შემომთავაზა. ასე გავხდი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებელი. იმერეთის რეგიონი ჩამაბარეს. დამკვირვებლებიც თვითონ შევარჩიე და დარღვევებზე წიგნიც გამოვეცით. ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო ნუგზარ იანიძე, ახლა ნიჟარაძეა, მანამდე ლომჯარია, ბენიძე და ა.შ. ედგნენ სათავეში. მოგვიანებით რაიონში დაბრუნება დამჭირდა.  96-დან 2000 წლამდე იქ ვიყავი. გავიცანი ადამიანი, გურამ სოფრომაძე, რომელმაც ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი ითამაშა. სამსახური შემომთავაზა. დავთანხმდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობაზე. ჩვენთან ერთად იყო ოტია იოსელიანიც, როგორც საკრებულოს წევრი. ძალიან კარგად მახსენდება ის 2-3 წელი. ბევრი რამ მივიღე ამ ადამიანებისგან. გაზეთიც გამოვუშვი „ახალი წყალტუბო“ მაშინ. საფეხბურთო რეპორტაჟებს ვწერდი წყალტუბოს თამაშებზე. კარგი სტატიები გამოდიოდა, სპორტული მიმომხილველი ვიყავი.   რაც შეეხება კარიერას... წყალტუბოს გამგეობის აპარატში ვმოღვაწეობდი, იურიდიულ მიმართულებას ვკურირებდი, ვიყავი საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოადგილე, შემდეგ თამვჯდომარეც, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ა.შ. 2000 წლიდან დავბრუნდი თბილისში. ამ დროს გავიცანი მიშა სააკაშვილი. მანამდე მქონდა ურთიერთობა დავით კირკიტაძესთნ, ლადო ვარძელაშვილთან, დათო ტყეშელაშვილთან, ვახო ბალავაძესთან და ა.შ. ანუ მთელ იმ გუნდთან, რომელსაც „სმკ“ ერქვა. გავხდი სათათბიროს სპიკერი ცენტრალურ ოფისში. შემდეგ მოქალაქეთა კავშირი პროტესტის ნიშნად დავტოვეთ და მიშას გუნდს შევუერთდით. მიშა, ზოგადად, იყო არაორდინალური ტიპაჟი, გამოკვეთილი ლიდერი, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა მართვაში. ზოგადად, მიმტევებელი ვარ, მაგრამ მისმა პოლიტიკამ მარტო მე კი არა, ჩემს ოჯახს და უპირველს ყოვლისა კი ჩემს შვილს, თორნიკეს მიაყენა ზიანი. ეს ვერ ვაპატიე, ჯერ ვერ „გადავხარშე“, არ გასულა საკმარისი დრო... ვიცი, რომ მიტევებაა მთავარი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ტვინი ამისთვის მზად ნამდვილად არაა“

 თორნიკე 16 წლის იყო, როდესაც მამა დაიჭირეს, ძალიან განიცადა. გარდატეხის ასაკში მსგავს ფაქტებს ბავშვები განსაკუთრებულად განიცდიან. ისიც საკუთარ თავში ჩაიკეტა. დედა ცვლილებას ამჩნევდა, დახმარებისთვის სამედიცინო პერსონალსაც მიმართა, თუმცა მთლად ასეთი გართულების მოლოდინიც არ ჰქონდა. რამდენიმე ხანში პრობლემა ცხადი გახდა. ბავშვს ტვინი გაეთიშა. გარკვეული დროის შემდეგ მკურნალობამ შედეგი გამოიღო. თორნიკეს უკეთესობა დაეტყო, თუმცა ბოლომდე გამოჯანმთელებული მაინც არაა. მამუკა ტუსკაძე შვილის ასეთ მდგომარეობას ვერავის პატიობს. ამბობს, რომ გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, ის ტრავმა, რომელიც მის ოჯახს და განსაკუთრებით მის შვილს მიადგა, ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება.

„ეს ერთადერთი შვილი მყავს, თუმცა... რამდენიმეც რომ მყავდეს, მდგომარეობას მაინც ვერ შემიმსუბუქებდა. შვილი შვილია და თითოეული ისე გიყვარს, როგორც ერთადერთი. ჩემი დაჭერის ამბავი რთულად გადაიტანა. ასაკი ჰქონდა ასეთი. ბავშვს ფსიქიკა შეერყა. რისთვის დამიჭირეს? არაფრისთვის. ბრალდება შეთითხნეს. ვითომ რაღაც თანხები მივითვისე... ვითომ ვინმეს ვეხმარებოდი, ამან თქვა, იმან თქვას-გამო ჩამსვეს ციხეში. არანაირი რეალური საბუთი, არანაირი რეალური დოკუმენტი. ვითომ რაღაც იყო ყალბი და ა.შ. 30 წელი მომისაჯეს, არ ვითანამშრომლე პოლიციასთან და ამიტომ. მერე მივხვდი, რომ 30 წელს ვერ გაუძლებდა ჩემი ოჯახი და 13 წლამდე დავიდა სასჯელი. საბოლოოდ 1068 დღე გავატარე ციხეში. დადგა გამამართლებელი განაჩენიც. ეს ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოვედი. შემდეგ საპროტესტო აქციებშიც ვმონაწილეობდი, მათ შორის იყო 7 ნოემბერიც. ბუნებრივია, მეც მომხვდა ხელკეტი. კირკიტაძესთან და სხვებთან მეგობრობის გამო, დამიბარეს და გამაფრთხილეს, იურისტი ხარ და ამ მიმართულებას მიხედეო. თავიდან ასეც მოვიქეცი. წელიწადნახევარი იურიდიული ბიურო ვამუშავე. შემოსავალიც მქონდა. ბინაც ვიყიდე და მანქანაც, მაგრამ პოლიტიკური პასიურობის რეჟიმში ვერ გავძელი და ისევ გავაქტიურდი. გარდა ამისა, კლიენტი მყავდა, ვინმე იმერლიშვილი, რომელსაც დავა ჰქონდა ვანო მერაბიშვილთან. ამ უკანასკნელს მითვისებული ჰქონდა მისი ნაკვეთი. დავიწყე პროკურატურაში დავა. ანუ მათ წინააღმდეგ გამოვედი. მერაბიშვილი მაშინ იყო მოქმედი შს მინისტრი. მას ვინ მოსთხოვდა პასუხს? შესაბამისად, პასუხი მომთხოვეს მე.  ვერ მაპატიეს სიტყვის გატეხვის ფაქტორიც. დავპირდი ხალხს, რომ ჩემთვის, წყნარად ვიმუშავებდი იურიდიულ ბიუროში და დავრბოდი აქციებზე მაინც... მანამდე მონაწილეობა მივიღე კონკურსში, რომელიც გამოცხადდა ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე. 12 საუკეთესოთა შორისაც მოვხვდი, მაგრამ საბოლოოდ აირჩიეს ზურაბ ხარატიშვილი. ამ პერიოდში ვიცოდი, რომ საკუთარი აქტიურობით პრობლემებს ვიქმნიდი, სარჩელიც შეტანილი მქონდა მერაბიშვილის წინააღმდეგ და ბუნებრივია, ვხვდებოდი, რომ ამას ასე არ გაატარებდნენ. ამ პერიოდში შემხვდა ჯაბა სამუშია და ჩემი მდგომარეობა გავუზიარე. მათთან თანამშრომლობა შემომთავაზა. ასეც მოვიქეცი. ქრისტიან-დემოკრატებმა დამასახელეს მაჟორიტარობის კანიდატად გლდანში. არჩევნების დასრულებამდე ვეღარავინ მახლო ხელი. შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე გავედი. სამწუხაროდ, ვერ გავხვდი დეპუტატი. შედეგები გამოცხადდა თუ არა, იმ დღესვე დამაკავეს და 2 წლისა და 11 თვის შემდეგ გავთავისუფლდი. გედევან ფოფხაძემ და ეკა ბესელიამ გადაწყვიტეს, რომ ვიყავი უკანონო პატიმარი. პარლამენტმაც დაუჭირა მხარი. შემდეგ უზენაესმა სასამართლომ მიიღო ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება. მოგვიანებით დავაყენეთ გამამართლებელი განაჩენიც.“

ამდენი პრობლემის, იმედგაცრუების, სირთულეების მიუხედავად, მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტია. ამბობს, რომ  ცუდად დასრულებული დღე სასოწარკვეთის საბაბი არაა. მისთვის ყოველი დილა იმედისმომცემია და გონებაში ავტომატურად წარმატების მომტანად აღიქმება. ადამიანებს ენდობა. იმედგაცრუების მიუხედავად, თვლის, რომ ყველას მიმართ გარკვეული პოზიტიური დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოს.

„ზოგადად, პესიმისტური აზრები არ მახასიათებს. ჭიქაში მცირე ოდენობის წყალიც რომ ესხას, მგონია, რომ ჭიქა ნახევარად ცარიელი კი არა, ნახევრად სავსეა. ნებისმიერი ცუდად დამთავრებული დღის შემდეგ იმედიანად ვიღვიძებ. ვიცი, რომ მომდევნო დღე წარმატებული იქნება. საკუთარი შეხედულებები მაქვს ადამიანის სხეულზე. მაინტერესებს მეტაფიზიკა, ეზოთერიკა. ამ თემებზე კვლევები და ნაშრომებიც მაქვს. ვთვლი, რომ მარადისობა მეხსიერებაა. ემოციური, ექსცენტრული და სწრაფი ვარ. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება შემიძლია. მაგალითად, ახლა ჩემს ბიოგრაფიას ვიხსენებ, თან გესაუბრებით, თან გონებით ანგარიშვალდებულებებს ვანაწილებ და თან მეუღლეზე ვფიქრობ, მაინტერესებს, წავიდა სახლში თუ ქვემოთ ზის და ისევ მელოდება. ტვინი ამის გადახურდავებას ასწრებს, უბრალოდ, სალაპარაკო აპარატი ერთი მაქვს და ერთდროულად ყველაფრის გადმოცემას ვერ ვახერხებ. ამიტომ სწრაფად ვსაუბრობ ხოლმე ჩემდა უნებურად, რომ მივყვე გონებას.   

იმედგაცურებული ხშირად არ ვარ, უბრალოდ, ხანდახან გული მწყდება კონკრეტულ პირებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტს ველოდები ვინმესგან და შედეგი ისეთი არაა. აქედან მოდის იმედგაცრუებაც. ახლა იმ ასაკში ვარ და ისეთი გამოცდილება მაქვს, რომ აღარ უნდა ვცდებოდე. თუმცა ეს იმითაა განპირობებული, რომ ძალიან მინდა, ადამიანებს ვენდო. სხვაგვარად ურთიერთობა, მეგობრობა, ბიზნესის აწყობა და საერთო საქმის გაკეთება ძალიან ძნელია. 

არადა, ახლა მართლა მნიშვნელოვანი ეტაპი გვიდგას. ჩვენ ერთად სოციალური სამართლიანობისთვის, ინდივიდის თავისუფლებისთის, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის მშენებლობისთვის, ტერიტორიების დაბრუნებისთვის და ერთმანეთის პატივისცემისთვის, სიყვარულისთვის და ერთიანობისთვის ვიბრძვით. ამ დროს უნდობლობა დამღუპველი, ერთმანეთის ბრმა ნდობა კი ბევრად უფრო მისაღებია. ვფიქრობ, მხოლოდ ასე შეგვიძლია მივიღოთ სასურველი შედეგი.

 

(NS)

წაკითხვა 715 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 20 2020

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.