November 23, 2024

"ჩემზე ზეწოლას ბესო ზედელაშვილი ახორციელებს, ხოლო ჩემი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის შვილს სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან“

„სახელმწიფო ძალადობს საარჩევნო სუბიექტებზე და არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას, ჩემზე ზეწოლას ახორციელებს ბესო ზედელაშვილი, ხოლო ჩემი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის შვილს სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქ რუსთავის მესამე ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა, გელა ზედელაშვილმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აბსოლუტურად უსაფუძვლოდ აღძრა და ბნელ ოთახში არარსებული შავი კატის ძებნაც უსაფუძვლოდ დაიწყო.

 

„შემიძლია, ახლავე მოგასმენინოთ, თუ რა სახის ზეწოლა განახორციელა ჩემ მიმართ რუსთავის მესამე ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა, ვინმე ბესო ზედელაშვილმა, თუ როგორ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც არც კი უნდა დაწყებულიყო და როგორ ოპერატიულად დაიწყეს ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა, სადაც კატა არც კი იმყოფებოდა. აუდიოჩანაწერში ისმის, თუ როგორ ძალადობს ზედელაშვილი ჩემზე. მეტიც, ჩანს როგორ ძალადობს გამომძიებელზეც, მაშინ, როდესაც გამომძიებელი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფიგურაა და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მის კომპეტენციაში,“ – აღნიშნა ტუსკაძემ.

 

მამუკა ტუსკაძის ინფორმაციით, ის ვერ არწმუნებს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, რომ ბესო ზედელაშვილი სახელმწიფო მოხელეა და მამუკა ტუსკაძე – საარჩევნო სუბიექტი.

 

„უწყებათაშორის კომისიაში შეტანილი გვქონდა განაცხადი, უნდა განეხილათ ჩვენი საკითხი, თითქოს განიხილეს კიდეც, მაგრამ ამ დროს კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მხოლოდ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებზე რეაგირებენ. ვერ ვარწმუნებთ კომისიის თავმჯდომარეს, გოჩა ლორთქიფანიძეს იმაში, რომ ბესო ზედელაშვილი არის სახელმწიფო მოხელე და მამუკა ტუსკაძე – საარჩევნო სუბიექტი. როდესაც მათ შორის რაღაც შეხება ხდება, ესაა ზუსტად საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. მაგრამ თქვენ იცით, რომელი კლანის წარმომადგენელია ბესო ზედელაშვილი… ზედელაშვილების, თამაზაშვილების და განყარაშვილების კლანის, რომელიც დღეს ცდილობს, არ მისცეს ახალ პოლიტიკურ ძალებს საშუალება, ნორმალურად ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. აქვე გეტყვით მეორე ფაქტსაც… ჩვენი ორგანიზაციის ლიდერის შვილი მონაწილეობდა კონკურსში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად და გაიმარჯვა. პრინციპში, ის იყო ერთადერთი მონაწილე, თუმცა დღეს საუბრობენ, რომ თითქოს 7 კაცი მონაწილეობდა. უთხრეს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ის გათავისუფლდებოდა სამსახურიდან. ორივე შემთხვევა – ბესო ზედელაშვილიც და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც – არის სახელმწიფოს მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის და საარჩევნო სუბიექტებზე ძალადობის ფაქტები,“ – აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

 

(NS)

წაკითხვა 759 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.