“ოპოზიცია ქუჩის პროტესტს გააგრძელებს თუ პარლამენტში შევა, ფინალი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”
“მოდი, ფართო მასშტაბით შევხედოთ მიმდინარე პროცესს. ამ ტიპის პროტესტი გვინახავს ადრეც და სამწუხაროდ, ამას ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგი არასდროს მოუტანია, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ, ჩემი აზრით, დღეს უფრო შემაშფოთებელი ვითარებაა.
ჯერ ერთი იმიტომ, რომ დღეს ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი არ გვაქვს, ჩვენს საზოგადოებას დღეს აქვს ორი მთავარი - სიკვდილისა და შიმშილის შიშთან დაკავშირებული უსერიოზულესი პრობლემები, ანუ პანდემია და უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება. ამას კომპლექსური ეფექტი აქვს, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს მოვლენების გაცილებით მძიმე განვითარება, ვიდრე ასეთი დაპირისპირებების დროს აქამდე გვინახავს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეს ჩვენს საზოგადოებას ორი მთავარი შიში აქვს” / “თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მართალია და შეცდომები ადამიანური ფაქტორით არის გამოწვეული, მაშინ რა უშლის ხელს, პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად ადგეს და ბიულეტენები ხელახლა დათვალოს?!” / “როგორც ჩანს, ოპოზიცია მზად არის გრძელვადიანი პროცესისთვის, მაგრამ დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ პროცესში მათი მთავარი იარაღი აქციები იქნება”.
“დღეს ძალიან ბუნდოვნად ჩანს მოვლენების განვითარების პერსპექტივა. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა ის მანკიერი ტექნოლოგია, რაც ჩვენს უახლეს ისტორიაში არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით დაგროვდა, გადმოიღო და გამოიყენა, არაფერზე თქვა უარი და შექმნა საფუძველი, რომ ისედაც დაძაბული ვითარება გაუარესებულიყო. ჩემთვის ყველაზე აღმაშფოთებელი ის არის, რომ ხელისუფლებას ეს არ სჭირდებოდა. მას რომ სწორი ტაქტიკით ევლო და ოდნავ მაინც ეფიქრა სახელმწიფოზე, არ ჩატეხდა ყველა ხიდს თითქმის ყველა მიმართულებით და არ მიიღებდა დღევანდელ ვითარებას. რაც შეეხება 8 ნოემბრის აქციას, აქ ჩემთვის მნიშვნელოვანი ორი გზავნილი გახმიანდა. პირველი ის, რომ ეს აქციები იქნება მშვიდობიანი და რევოლუციური სცენარი არ განიხილება; მეორე გზავნილად კი ჭკვიანურად აიტაცეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რომ ის არ ყოფს ადამიანებს ფერებად, გაიმეორეს იგივე, მიმართეს რა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს და თქვეს, რომ პატივს სცემენ მათ არჩევანს. ულტიმატუმი და რაღაც დროის დათქმა, ვფიქრობ, არაფრის მომტანია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“არავის აქვს ილუზია, რომ მათ მოთხოვნებს ასე დათქმულ დროში შეასრულებს ხელისუფლება. როგორც ჩანს, ოპოზიცია მზად არის გრძელვადიანი პროცესისთვის, მაგრამ დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ პროცესში მათი მთავარი იარაღი აქციები იქნება. აქციის ტონალობა მისაღები იყო, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს. თუ ამბობენ, არჩევნები გაყალბდაო, ამას მხოლოდ ემოციური განცხადებებით ვერ დაასაბუთებენ, ამას სჭირდება სერიოზული არგუმენტების მოგროვება, მით უფრო - ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ამ არჩევნებში “ქართული ოცნება” ყველაზე უკეთეს შედეგს აჩვენებდა, მაგრამ ვერ გავიზიარებ აზრს, რომ აუცილებლად გადალახავდა 40%-იან ჩამკეტს... საქმე ის არის, რომ ყველა წინასწარ კვლევაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა კრიტიკულზე მაღალი იყო. ამ ამომრჩევლის უმრავლესობას არც “ნაციონალური მოძრაობა” უნდოდა და არც - “ქართული ოცნება”. ამ ხალხს სურდა ეპოვა ალტერნატიული ძალა, მაგრამ პროცესმა მათ ამის საშუალება არ მისცა. ისევ ეს ორპოლუსიანი სივრცე შეიკრა, რაც ბოლო წლების მთავარ უბედურებად გვექცა. ჩვენ დღემდე არ ვიცით, რეალურად რა შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებზე. თუ ვილაპარაკებთ 4-5%-იან გაყალბებაზე, პოლიტიკური მოზაიკიდან გამომდინარე, შეიძლება სწორედ ეს პროცენტები ყოფილიყო მნიშვნელოვანი, ანუ ამ მონაცემებს ხელისუფლების ფორმირების საკითხი შეეცვალა და “ქართული ოცნება” წასულიყო ოპოზიციაში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თუ არ იქნება სამართლიანობა, ვერ იქნება მშვიდობა. გეთანხმებით, რომ სახელმწიფო ინტერესები უნდა დადგეს პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ ოპოზიციის მიმართ არ უნდა გვქონდეს. ეს, უპირველესად, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, რომელმაც, ფაქტობრივად, თვითონ დააყენა ეჭვქვეშ საკუთარი ლეგიტიმაცია. ჩვენ შეიძლება პრეტენზია გვქონდეს ოპოზიციასთან, მაგრამ არანაკლები პრეტენზია უნდა გვქონდეს ხელისუფლებასთან, რომელიც კი ცდილობს, ხელი შეაწმინდოს ოპოზიციას - პანდემია, ლარის კურსი და ყველაფერი მას გადააბრალოს, მაგრამ ეს აბსურდია, რადგან ნებისმიერ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. თითის სხვისკენ გაშვერა არ არის სახელმწიფოებრივი ქცევა და ხელისუფლების არაკეთილსინდისიერებაზე მეტყველებს. თუ ხელისუფლება არ გააჩენს სამართლიანობის განცდას, ისევ ეცდება საზოგადოების გახლეჩას და ილაპარაკებს ფარულ ჩანაწერებსა თუ სახელმწიფო გადატრიალებაზე, მისთვისვე იქნება ცუდი”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“გუბაზ სანიკიძე რომ სააკაშვილის ბიძას ელაპარაკება და ამაზე შეთქმულების თეორიის აგებას ცდილობ, ეს საქმის შეკერვის ძალიან დაბალი დონის მცდელობაა. აღარაფერს ვამბობ სალომე სამადაშვილის სატელეფონო საუბრის მოსმენაზე, რაც მართლაც ამაზრზენია. ამ ხელისუფლებამ ამაზეც კი არ თქვა უარი. ჩემი აზრით, დღევანდელი “ქართული ოცნება” ჩამოყალიბდა ხელისუფლებაში მყოფ “ნაციონალურ მოძრაობად”. არაფერზე თქვეს უარი გარდა ციხეებისა და ცოცხებისა... დღევანდელი ვითარებით ისე გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიანაც მოსწონდა ის სისტემა, ამიტომაც წაართვა სააკაშვილს და ახლა თვითონ თამაშობს. ჩემი აზრით, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები - ოპოზიცია ქუჩის პროტესტს გააგრძელებს თუ პარლამენტში შევა, ფინალი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რადგან ქვეყანაში მარტო ეს არ არის პრობლემა. მხოლოდ ეს რომ იყოს, შეიძლებოდა ხელისუფლებას ჰქონოდა ილუზია, რომ მას სხვადასხვა მეთოდით გადატეხდა, მაგრამ ფონი ძალიან მძიმეა - პანდემია და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რომელთა მოგვარების პოზიტიური გეგმა მათ არა აქვთ”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“ეს ყველაფერი შექმნის კუმულაციურ ეფექტს, ამას დაემატება პოლიტიკური რყევები და ვერც ერთი ხელისუფალი, მით უფრო - ასეთი მყიფე ლეგიტიმაციის, ამას ვერ გაუძლებს. აქ მთავარია, ჩვენ, საზოგადოებამ, ნაკლები ზიანის მომტანი რეკომენდაციები მივცეთ პოლიტიკურ სპექტრს. მიმაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნებამდე ნაკლები დანაკარგით მისვლა შესაძლებელია ოპოზიციის პარლამენტში შესვლით. არ მესმის, რატომ არ განიხილავს ოპოზიცია ამ სცენარს. კი ბატონო, ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ პარლამენტში შესვლით ოპოზიციას შეუძლია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოსაძიებლად კომისია შექმნას. იქ მათ უფლება ექნებათ, დაჰკითხონ ყველა _ ჟვანიათი დაწყებული, სუს-ის წარმომადგენლებით დამთავრებული და ამ საგამოძიებო პროცესის შედეგად გამოაქვეყნონ შესაფერისი არგუმენტებით, დაკითხვის ოქმებითა და კონკრეტული რიცხვებით გამყარებული დასკვნა. ამის შემდეგ, თუკი დასაბუთებული ბრალდებები იარსებებს, მათ შეუძლიათ ბევრი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვონ...”, - განმარტავს რესპონდენტი.
“ოპოზიციას შეუძლია წარმართოს ძალიან სერიოზული პროცესი, რომლის შედეგად გამოჩნდება, იყო თუ არა გაყალბება იმ მასშტაბის, რომ ის აისახა არჩევნების შედეგზე. თუ ეს დადასტურდება, შეუძლიათ პარლამენტშივე მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები და თუ ხელისუფლება ამას არ დათანხმდება, მაშინ დატოვონ პარლამენტი. ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც უფრო გასაგები და მისაღები ნაბიჯები იქნება. “ქართულ ოცნებასაც” შეუძლია დათმობა, მაგალითად, ამგვარი საგამოძიებო კომისიის შექმნა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებით. შეიძლება ხელისუფლებამ შესთავაზოს ოპოზიციას, თუ მათ ეჭვი ეპარებათ რამეში, შექმნან კომისია, ოღონდ საპარლამენტო საქმიანობის რეჟიმში და თუ ამ კომისიის მუშაობით გამოვლინდა, რომ დადასტურებული დარღვევები არსებითად ცვლის არჩევნების შედეგებს, მაშინ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ცივილიზებულ ტაქტიკას რომ თავი დავანებოთ, ამგვარ ქმედებას სხვა ძალა ექნება. ასე არც სახელმწიფო დაზარალდება. წინ ისედაც უმძიმესი ზამთარი გვიდევს, ეს პოლიტიკური რყევები კი საფრთხეს ზრდის და ეს, უპირველესად, მოქალაქეებზე აისახება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი ოპოზიციას დავაბრალო, მაგრამ ბოლოს ისე გამოვა, რომ ამაში მათი წილი ბრალეულობაც იქნება. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ ოპოზიციის არგუმენტი ასეთია - ამბობენ, ამას ჩვენი ამომრჩეველი ვერ გაიგებსო, მაგრამ ამ მოსაზრებას მე არ ვიზიარებ”, - თვლის ექსპერტი.
“სწრაფ შედეგზე ორიენტირებული ამომრჩეველი შეიძლება დღეს გაბრაზდეს, მაგრამ ხვალ პროცესის გაგრძელებას რომ დაინახავს, აღიარებს, რომ სახელმწიფოს ინტერესებისა და პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით მხოლოდ ეს არის სწორი გზა. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება დღეს არის პოლიტიკურ ბუნკერში. ოპოზიციაც პრობლემურია, მაგრამ არ შეიძლება ოპონენტებს არ ელაპარაკებოდე. მეტიც _ ხელისუფლება არც სამოქალაქო საზოგადოებას ელაპარაკება, პოზიტიური დღის წესრიგი არა აქვს, არ აქვს გეგმა არც პოლიტიკური კრიზის დაძლევის და არც _ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების. ისინი არიან აბსოლუტურ თვითიზოლაციაში და მათი ერთადერთი საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ხელისუფლება, რომელიც არავის ელაპარაკება, მხოლოდ ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს და ვიღაცის შეშინებას ან მოსყიდვას ცდილობს, საშიშია”- ამბობს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ. შეიძლება მათი შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები შედეგიანი იყოს?” - პასუხობს:
“ჩემი აზრით, ჯერჯერობით ეს არარეალურია. საქმე ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილის მართვის კონსტრუქცია, ისევე, როგორც მისი წინამორბედი სააკაშვილისა, დგას აბსოლუტურ ძალაუფლებაზე. ეს არის არა პოლიტიკური, არამედ რაღაც რელიგიური კონსტრუქცია, სადაც არიან ღმერთი და მისი მრევლი, ის კი, ვინც ამ მრევლის წევრი არ არის, ერეტიკოსია. ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების 1%-ის დამთმობიც ვერ არის, რადგან დომინოს პრინციპით აშენებული კონსტრუქცია შეიძლება ძალიან იოლად დაეშალოს და ამის ეშინია. დღეს მას პრობლემა არ ექნებოდა, ერთი-ორი პოლიტიკური პარტნიორი რომ გაეჩინა, არ გამოეცხადებინა, რომ “ქართული ოცნებისთვის” მიუცემელი ყოველი ხმა, თურმე, რევანშისტული ყოფილა... ასეთ შემთხვევაში 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის პირობებშიც ადვილად მოახერხებდა კოალიციის შექმნას და დღეს ასეთი დაძაბულობა აღარ იქნებოდა”.
“ვერ გამოვრიცხავ, რომ თუ დასავლეთი ჩაერევა, პრობლემა დღესაც მოგვარდეს, მაგრამ ესეც იძულებითი ნაბიჯი იქნება და არა - ხელისუფლების სურვილი. თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ისეთივე კატეგორიულობით მოითხოვენ შეთანხმებას, შეიძლება ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუხდეთ, მაგრამ `ქართულ ოცნებასა~ და ოპოზიციას შორის პირდაპირი დიალოგის არ მჯერა ახლა ქვეყანა სახიფათო ზღვარზეა... ამ ვითარებაში ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ხმების გადათვლა საერთაშორისო პარტნიორების დაკვირვების ქვეშ. თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მართალია და შეცდომები ადამიანური ფაქტორით არის გამოწვეული, მაშინ რა უშლის ხელს, პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად ადგეს და ბიულეტენები ხელახლა დათვალოს?! ეს ხელისუფლების საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა, ოპოზიციის საუკეთესო გადაწყვეტილება კი იქნება პარლამენტში შესვლა და ბრძოლის იქიდან გაგრძელება. ოპოზიციას შეუძლია პარლამენტში შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც არჩევნების პროცესს შეისწავლის. თუ კომისიამ დაადასტურა, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, მაშინ უკვე სხვა საქმეა...” - დასძენს ხუხაშვილი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"