"რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ „გაყინულ“ კონფლიქტებს სათავისოდ იყენებს "
ამერიკული ჟურნალის „ფორინ პოლისი“-ს («Foreign Policy») ვებ-გვერდზე 17 ივლისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით:
„აშშ თვლის, რომ რუსეთი საქართველოში დასაყრდენს აძლიერებს“ // საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლება „საზღვრებზე“ გადასვლის წესებს ამკაცრებს და ხელს უშლის ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციების შესვლას“, რომელშიც საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკოსთა მიერ მომზადებული მოხსენების თაობაზე - თუ როგორ ისწრაფვის მოსკოვი შეაჩეროს საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ორგანიზაციებისაკენ და ამ მიზნით დახმარებას უწევს აფხაზ და ოს სეპარატისტებს (ავტორი - ჯეკ დეჩი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ „გაყინულ“ კონფლიქტებს სათავისოდ იყენებს - მოსკოვი ცდილობს ძირი გამოუთხაროს კავკასიური სახელმწიფოს სტაბილურობას და შეაჩეროს მისი სწრაფვა ევროპული თანამეგობრობისაკენ, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისაკენ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ მოხსენებაში კონგრესისათვის, - „რუსეთმა არ შეასრულა 2008 წელს აღებული ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და არ გაიყვანა თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, შექმნა სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელთა მეშვეობით კრემლი საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებას აგრძელებს. რუსეთი ფინანსურად ეხმარება აფხაზ და ოს სეპარატისტებს“.
ამერიკელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ მოხსენება მომზადებულია საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის პერიოდში. დემოკრატი კონგრესმენები ცდილობენ, რომ მოხსენებაში ასახული სიტუაცია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოიყენონ: ბოლო დროს მკვეთრად გაძლიერდა მათი ზეწოლა პრეზიდენტზე, თითქოსდა იგი რუსეთის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი. სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი კრის მერფი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვიერი კონფრონტაცია ისეთი მოკავშირეების მიმართ, როგორიც გერმანიაა, „რუსებისათვის სიხარულის მომგვრელია და კრემლს დიდ შესაძლებლობებს აძლევს თავისი ინტერესების გასატარებლად“. „რუსეთი გრძნობს, რომ საათი თეთრი სახლს დროს უთვლის. შესაძლოა ტრამპს პრეზიდენტობის დასრულებამდე მხოლოდ ექვსი თვე დარჩა. რუსები შეეცდებიან დარჩენილი დრო თავიანთი ინტერესებისა და გავლენის გასაფართოებლად გამოიყენონ“, - ამბობს სენატორი.
სახელმწიფო დეპარტამენტში სინანულით აღნიშნავენ, რომ შეერთებულ შტატებს პრაქტიკულად არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე. აფხაზეთში უცხოელი ტურისტების შესვლის წესების გამკაცრების ფაქტი ხელს უშლის იქ ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლების შესვლასაც.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-მა მნიშვნელოვნად გააფართოვა საქართველოსადმი სამხედრო დახმარება და ამით ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაშვებული შეცდომა გამოასწორა - საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები მიაწოდა. თავის მხრივ თბილისს დახმარებას ევროკავშირიც უწევს.
პუბლიკაციის თანახმად, ვაშინგტონში შეშფოთებას გამოხატავენ იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მათი კოლეგების დასახმარებლად იყენებს აღმოსავლეთ უკრაინაში. [სოხუმისა და ცხინვალის] ბანკებში ფულის გარეცხვა მიმდინარეობს და ამით ე.წ. დონბასის რესპუბლიკა თავიდან იცილებს საერთაშორისო სანქციების შედეგებს.
ამერიკელ პოლიტიკოსთა აზრით, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გაწეული დახმარება არასაკმარისია და შესაბამისად, თეთრი სახლი რისკავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აშშ-მა კავკასიის რეგიონში შეიძლება გავლენა დაკარგოს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ჯიმ ტაუნსენდი ჯეროვნად აფასებს რუსეთის ხელისუფლების მოქმედებას და ამბობს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარმატებებს მიაღწია ძიუდოში, სადაც ეშმაკური ილეთი ხშირად ფიზიკურ ძალაზე მნიშვნელოვანია.
„ასეთი სცენის პირობებში მე ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინი საკუთარ მდგომარეობას პოზიტიურად თვლის და მიაჩნია, რომ სწორედ დროა მსოფლიო პრობლემები მან სათავისოდ გამოიყენოს. იგი ძიუდოს ოსტატია, საკმარისია გვერდი გაიქნიოს და მისი მოწინააღმდეგე ძირს დაეცემა. თანაც მას ამისთვის დიდი ენერგიის დახარჯვაც არ დაჭირდება. ეს სწორედ ისაა, რასაც ახლა რუსები აკეთებენ“, - აღნიშნავს ჯიმ ტაუნსენდი.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://foreignpolicy.com/2020/07/17/u-s-sees-russian-push-to-consolidate-foothold-in-georgia/
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი