გაუჩნდა თუ არა საქართველოს ნატოში შესვლის რეალური შანსი - ყარაბაღის ომის “გვერდითი მოვლენები”

“საქართველოს ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, დაცულობის განსაკუთრებული გარანტიები სჭირდება და ასეთი შესაძლოა იყოს ან შეერთებულ შტატებთან ორმხრივი შეთანხმება, ან ნატო, ან ორივე ერთად. ვერ გეტყვით, რომ შანსები გაიზარდა, მაგრამ გაიზარდა აუცილებლობა”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” ექსპერტი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე ყარაბაღის ომისა და ამის შედეგად რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ საქართველოს ნატოში შესვლის შანსებს.

ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ შანსებზე შეიძლება გარკვეული გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმაც. მათი შეფასებით, ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისათვის უფრო ადვილი იქნება ევროპელი პარტნიორების, პირველ რიგში კი საფრანგეთისა და გერმანიის დაყოლიება საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, ვიდრე ეს მისი წინამორბედის, პრეზიდენტ ტრანპის ადმინისტრაციის პირობებში იყო შესაძლებელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გაუჩნდა თუ არა საქართველოს ნატოში შესვლის რეალური შანსი - ყარაბაღის ომის “გვერდითი მოვლენები”.

 

“ეუობსერვერმა”კი გამოაქვეყნა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალის, გენერალ-ლეიტენანტის ბენ ჰოჯესის წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღის მოვლენების ფონზე, აუცილებელია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევა (მაპ) გაეგზავნოს. “ჩვენ დავუთმეთ კრემლს ინიციატივა და ამიტომ დღეს განზე ვდგავართ და ვაკვირდებით შედეგს. მოდით, ავაშენოთ ახალი, გაცილებით მყარი ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. გავაძლიეროთ ჩვენი ადრინდელი კავშირი თურქეთთან და გავამყაროთ ჩვენი ყოფნა საქართველოში, მათ შორის ინფრასტრუქტურით სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის და აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებისთვის. ჩვენ ასევე, საქართველოში უნდა გავგზავნოთ მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატო-ს. დასავლეთმა სამხრეთ კავკასიაში უნდა იასპარეზოს, ვიდრე შესაძლებლობა გაგვაჩნია, თუკი გვინდა ავირიდოთ ორ უდიდეს სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი”, - აღნიშნავს ჰოჯესი. ფხალაძის თქმით, იმისათვის, რომ ნატოში გაწევრიანების შანსები გაიზარდოს, აუცილებელია მუშაობა არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ისეთ ქვეყნებთანაც, რომლებიც ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს სკეპტიკურად უყურებდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საქართველოს ყარაბაღის მოვლენების შემდეგ დაცულობის განსაკუთრებული გარანტიები სჭირდება და ასეთი შესაძლოა იყოს ან შეერთებულ შტატებთან ორმხრივი შეთანხმება, ან ნატო, ან ორივე ერთად. ვერ გეტყვით, რომ შანსები გაიზარდა, მაგრამ გაიზარდა აუცილებლობა. შანსებს რაც შეეხება, ბუნებრივია, გენერალ ჰოჯესის განცხადებას მივესალმები, მაგრამ საქმე ისაა, რომ ნატოში გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება და იმისათვის, რომ შანსები გაიზარდოს, აუცილებელია არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ ჩვენს ყველა პარტრნიორთან აქტიური მუშაობა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, რაც ახლა გამოცხადდა, განსაკუთრებით ახალი სახელმწიფო მდივანი, ესენი იქნებიან ძალიან აქტიურები იმისათვის, რომ ამერიკამ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ნატოში ლიდერობა აიღოს, რაც ესოდენ საჭიროა. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ნატოში შესასვლელად მხოლოდ ამერიკასთან მუშაობა საკმარისი არაა, დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შორის ისეთ ქვეყნებთან მუშაობას, როგორებიცაა საფრანგეთ გერმანია და სხვები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე და შეკითხვაზე - “რამდენად გაუადვილდება ბაიდენის ადმინისტრაციას გერმანიისა და საფრანგეთის დათანხმება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თაობაზე”? - პასუხობს:

 

“დღეს ამისი თქმა ძალიან ძნელია. გერმანიაში, როგორც მოგეხსენებათ, მალე არჩევნებია და გერმანიის კანცლერი მერკელი აღარ იქნება. თავის მხრივ მაკრონიც მომავალი არჩევნებისთის ემზადება, ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის ყოფნა სასტარტოდ და აქტიური მუშაობის დასაწყებად კარგია, მაგრამ ეს გზა საკმაოდ რთულია და ჩვენ ამისთვის ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშავოთ”.

წაკითხვა 928 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 25 2020

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.