"პრეზიდენტი გაცილებით მკაცრი იქნება" - რას ითვალისწინებს შეწყალების ახალი წესი?!
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა პატიმრების სკანდალური შეწყალების შემდეგ მორატორიუმი გამოაცხადა.
ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც გაირკვა, რომ მარიამობას შეწყალებულ 34 პატიმარს შორის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდადებული რამაზ დევაძე და გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდადებული ასლან ბეჟანიძეც ყოფილან. არადა, მათ სასჯელის ნახევარიც არ ჰქონდათ მოხდილი. საზოგადოების პროტესტის შემდგომ საქმის მოკვლევა გენპროკურატურამ დაიწყო, თუმცა გამოიკვეთა თუ არა ვინმეს ბრალეულობა, კომენტარი დღემდე არ გაუკეთებიათ. სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების მიზეზად შეწყალების ახალი წესის შემუშავება დაასახელა
- 2021 წლის 1-ლ იანვრამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური ელექტრონული პროგრამა დაინერგება, სადაც თავმოყრილი იქნება შეწყალების მსურველი ყველა პატიმრის შესახებ სრული ინფორმაცია და პროგრამასთან წვდომა უფლებამოსილ პირებს ექნებათ.
პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნის უფლება აქვს იმ პირს, რომელიც მსჯავრდადებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოში; ასევე იმ პირს, რომელიც მსჯავრდადებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოში. თუ მსჯავრდადებულს ერთხელ უარი ეთქვა შეწყალებაზე, შეუძლია 6 თვის შემდეგ ისევ მიმართოს პრეზიდენტს.
სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის იანვარში გააუქმა შეწყალების კომისია. ახალი დებულებით, პრეზიდენტისთვის მსჯავრდადებულის შეწყალების საქმეს განსახილველად ამზადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური. შეწყალების მიმართვიდან ერთ თვეში სამსახური უწყებებიდან გამოითხოვს დოკუმენტაციას, რომელშიც შედის განაჩენი, პირის ჯანმრთელობის ცნობა და სასამართლოს გადაწყვეტილებები.
პრეზიდენტს შეუძლია უვადო და ვადიანი სასჯელისგან პატიმრის გათავისუფლება, სასჯელის შემცირება ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, ან ნასამართლობის მოხსნა.
- მთავარი ცვლილება შეწყალების კომისიის გაუქმებაა. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ გარე ჩართულობა არ სჭირდება და გადაწყვეტილებას საკუთარი ადმინისტრაციის ძალებით მიიღებს.
პრეზიდენტი გაცილებით მკაცრი იქნება მძიმე კატეგორიის საქმეების მიმართ. ამ დებულების გვერდის ავლითაც პრეზიდენტს ნებისმიერ დროს ნებისმიერი მსჯავრდადებულის შეწყალება შეუძლია.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი