November 27, 2024

300 სამუშაო ადგილისთვის 95 000 კაცი იბრძვის - ეს კატასტროფაა!

“გერმანიაში ლეგალურად წასვლა და სხვა ქვეყანაში დასაქმება სულ უფრო მეტ ადამიანს სურს. ვაკანსიების რაოდენობა ძალიან ცოტაა, წასვლის მსურველი კი, თითქმის 100 ათასი ადამიანი.

“რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, აღნიშნული შეთავაზება რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია ქართველებისთვის და ქვეყნიდან მუშახელის გადინებით შეიქმნება თუ არა პრობლემები სოფლის მეურნეობაში. გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამის პლატფორმაზე სულ 95 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. თავად გერმანული მხარის მიერ კი, ამ დროისთვის, 300 ვაკანსია არის შემოთავაზებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 300 სამუშაო ადგილისთვის 95 000 კაცი იბრძვის - ეს კატასტროფაა! / “ესე იგი ჩვენ, ფაქტობრივად, ეკონომიკა არ გვაქვს... კიდევ კარგი, რომ ყველას არ წაიყვანენ”.

 

“დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რომ მომავალში ვაკანსიების რაოდენობის “მნიშვნელოვან მატებას” ელიან, თუმცა კონკრეტულ რიცხვს ვერ ასახელებენ. შესაბამისად, ამჟამად ერთ სამუშაო ადგილზე არსებული კონკურსი 315 ადამიანს აღემატება. პროგრამის ამუშავების შემდეგ, გერმანიაში მყოფმა არაერთმა ქართველმა ემიგრანტმა განაცხადა, რომ იქ სოფლის მეურნეობის კუთხით მუშაობა საკმაოდ რთულია და დიდ შრომას მოითხოვს. როგორც აღმოჩნდა, ქართველებისთვის არც ეს ფაქტორია შემაფერხებელი და წასვლის მსურველთა რაოდენობაც მატულობს და მატულობს. ბიზნეს სამართლის სფეროს სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი ფიქრობს, რომ “დაინტერესების ამ ტალღას სახელმწიფო ვერ შეაჩერებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“გერმანიაში ქართველების ლეგალურად დასაქმებას ვუყურებ, როგორც დადებითად, ისე უარყოფითად. ცუდი არ არის, რომ ქვეყნიდან სამუშაოდ ვიღაც წავა, მაგრამ სამწუხაროდ, ადამიანებს ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავთ თვალი და ამის ხელშეწყობა ხდება. ასეთი მიძალება კარგი არ არის და ეს ასახავს ჩვენი ქვეყნის რეალურ მდგომარეობას. საქართველოში გარკვეული სახით დაინტერესება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასე თუ ისე არის, კვალიფიციური მუშახელი კი ძალიან ჭირს. საქართველოშიც არის მიწაზე სამუშაო სეზონების მიხედვით. ამიტომ დროთა განმავლობაში ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რომ ადგილზე მუშახელის დეფიციტი შეიქმნება და სეზონური დასაქმების დროს გვექნება რეალური პრობლემა. დაინტერესების ამ ტალღას სახელმწიფო ვერ შეაჩერებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სტაბილური სამუშაო ადგილების გაჩენის შესაძლებლობა არ იკვეთება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ჩარგეიშვილი.

 

“ამიტომ, ადამიანები ყველანაირად ცდილობენ როგორმე ქვეყნის გარეთ გავიდნენ. თუკი ვაკანსიები იქნება ცოტა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქაოსურ გადინებასაც ექნება ადგილი, რაც უფრო ცუდია. ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ მეტი სამუშაო ადგილის შეთავაზება მოხდება და დროთა განმავლობაში წასულები უკან დაბრუნდებიან”, - თვლის ჩარგიშვილი და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თუ გერმანიაში ქართველების მიერ გამომუშავებული ანაზღაურება საქართველოშივე დაიბეგრება, რასაც ორმაგი ეფექტი ექნება. კორონავირუსის პირობებში, ადგილობრივ წარმოებას დიდი ყურადღება დაეთმო, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მეურნეობა იმაზე მეტად ამუშავდა, ვიდრე აქამდე. შესაბამისად, მუშახელი ქვეყანაშიც საჭიროა, განსაკუთრებით კი, სეზონური სამუშაოების დროს. როგორც სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტები აცხადებენ, გერმანიაში ქართველების სამი თვით წასვლით, საქართველოს სოფლის მეურნეობას პრობლემები არ შექმნება, მაგრამ აქ სხვა რამაა საყურადღებო. ჯუმბერ ფანჩულიძის თქმით, მთავარია, გერმანიაში წასულმა ქართველებმა ცოდნა შეიძინონ და უკან დაბრუნების შემდეგ იგი ქვეყანას მოახმარონ. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ მოსახლეობის ასეთი დაინტერესება, ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. სწორედ ამის შესახებ საუბრობს სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი, ბადრი რამიშვილი. აგრარული კუთხით არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი და ხაზს უსვამს, რომ საქართველოდან მოსახლეობა მიდის მაშინ, როდესაც ქვეყნის მიწების უდიდესი ნაწილი, 60-65% დაუმუშავებელია”, - დასძენს გამოცემა.

 

“კომისიაში უნდა იყვნენ პატრიოტები და საქმის მცოდნეები. მათ ქვეყნის წინაშე პასუხიმგებლობა უნდა აიღონ, რათა ისეთი ხალხი წავიდეს, რომ იქ არ შეგვარცხვინონ. მეორეც, აუცილებელია, ისინი ქვეყანაში დროულად დაბრუნდნენ და იქ შეძენილი ცოდნა საქართველოს მოახმარონ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კომისიაზეა დამოკიდებული, ვის გაუშვებს. ჩვენ მათი წასვლით პრობლემები არ შეგვექმნება. თუ სამი თვით ქართველი სოფლის მეურნეობას მოწყდება არა უშავს. მთავარია, გერმანიაში საქმიანი ადამიანი წავიდეს, ამ სამი თვის მანძილზე ცოდნა შეიძინოს”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ჯუმბერ ფანჩულიძე.

 

“ეს გარემოება ქვეყანას უქმნის პრობლემას და საქართველოში არსებულ საშინელ მდგომარეობაზე მეტყველებს. თითქმის 100 ათასმა ადამიანმა გერმანიაში წასვლის სურვილი გამოთქვა. ეს არის საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის, 15%. ესე იგი ჩვენ, ფაქტობრივად, ეკონომიკა არ გვაქვს. კიდევ კარგი, რომ ყველას არ წაიყვანენ. მე ვიცოდი, რომ 2-3 ათას ქართველს გაუშვებდნენ, მაგრამ ძალიან კარგია თუ 300 ვაკანსიაზეა საუბარი. როდესაც თითქმის 100 ათასი ადამიანი 300 ადგილისთვის “იბრძვის”, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა არ გვყავს, რომელიც დაკავებული იქნება ეკონომიკური პრობლემის მოგვარებით. სამუშაო ძალის 15-20% რომ ქვეყნის გარეთ გავიდეს, ესე იგი ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს და ეკონომიკას არავინ მართავს”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრსას ბადრი რამიშვილი.

 

“ჯერ კიდევ ბილ კლინტონის პრეზიდენობის დროს, დაყენებული იყო საკითხი, რომ საქართველოსთვის დაშვებულიყო კვოტა და ამერიკაში ქართველი გლეხები საგაზაფხულო სამუშაოებზე წასულიყვნენ. მაშინ, რატომღაც ეს საკითხი არ გადაწყდა. ახლა 95 ათასზე მეტმა ადამიანმა გააკეთა განაცხადი 300 ადგილზე. ეს კატასტროფაა, ხალხი გარბის მაშინ, როდესაც საქართველოს მიწების უდიდესი ნაწილი - 60-65% დაუმუშავებელია. არ არსებობს სწორი აგრარული პოლიტიკა, არ არსებობს სახელმწიფოს სწორი მხარდაჭერის პოლიტიკა, სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი. საქართვლოს სიძლიერე ყოველთვის იყო მიწასთან მარადიული კავშირი. ამიტომ მტერმაც ვერაფერი დაგვაკლო. ახლა ეს ურთიერთობა წყდება”, - დაასკვნის აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი.

წაკითხვა 513 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.