როდის ამოქმედდება საქართველოში “მწვანე” საშვის მექანიზმი

“ვაქცინაციის ყოველდღიური ტემპი კვლავ დაბალია, პარალელურად ქვეყანას მეხუთე ტალღა უტევს - სპეციალისტები შიშობენ, რომ თუ ქვეყანას ფიზიკური განადგურების საფრთხე დაემუქრება, შესაძლოა მთავრობა იძულებული გახდეს და საგანგებო მდგომარეობის მსგავსად სავალდებულო აცრები შემოიღოს.

ასევე, მიიჩნევენ, რომ ე.წ. მწვანე საშვის მექანიზმი, რომელიც უკვე ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, შესაძლოა საქართველოშიც დღე-დღეზე ამოქმედდეს, რადგან მათი აზრით, რაღაცა გზა უნდა მოინახოს და საზოგადოების ნაწილი მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ აცრა აუცილებელია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს მიაჩნია, რომ ან მოსახლეობა შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პანდემია საერთოდ არ დამთავრდება თუ ვაქცინაცია ნორმალურად არ წარიმართა” - როდის ამოქმედდება საქართველოში “მწვანე” საშვის მექანიზმი.

 

“ამასთანავე, ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს აღარ შემოიღებს, ხოლო სავალდებულო ვაქცინაციის ვერსია განიხილება, თუმცა უარყოფილია და “ჯერჯერობით მთავრობის მზაობა არ არის”. საკითხზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ კორონავირუსის ტესტი ფასიანი გახდეს, ცერცვაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ გახდება. “პუტინმა გამოაცხადა ერთი კვირა არასამუშაო დროდ და მოსკოვში “ლოკდაუნი” შემოიღო, ეს გვინდა? ამას ჩვენი მთავრობა დარწმუნებული ვარ, არ გააკეთებს, რადგან ხალხი ისედაც გამწარებულია, უკვე ორი წელი სრულდება რაც კოვიდის პირობებში გვიხდება ცხოვრება”, - განაცხადა ცერცვაძემ. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ეპიდვითარებასთან და ვაქცინაციის შემცირებულ ტემპთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ყოველდღიური რაოდენობა მიზერულია, ადამიანები პირველად აცრაზე თითქმის არ მიდიან. მისივე თქმით, მოსახლეობა ვაქცინაციისკენ უნდა შემობრუნდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ერთი თვის წინ დღიურად 25-30 ათასი ვაქცინაცია გვქონდა, მოველოდით რომ ეს რაოდენობა 40 ათასი გახდებოდა, ყველა პირობაა ამისთვის შექმნილი - 2 მლნ-ზე მეტი ძალიან ეფექტური ვაქცინა, “ფაიზერის” ჩათვლით, 500-ზე მეტი ვაქცინაციის ცენტრი, მობილური ავტობუსები, მობილური ჯგუფები რეგიონებში, ე.წ. ვაქცინაციის მარათონი, უამრავი წამახალისებელი ღონისძიება მათთვის, ვინც აიცრება და ვინც დაარწმუნებს სხვებს, რომ აიცრან. ამის მიუხედავად, ბოლო 5 დღეა ვაქცინირებულთა რაოდენობა 4-5 ათასია, რაც მიზერულია, კატასტროფაა... ეს უკვე ანტივაქსერული განწყობაც აღარაა, ეს უკვე სამწუხარო, დაუჯერებელი რამაა. საქართველოს მოსახლეობა თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და საბოლოო ჯამში ქვეყანას საბოტაჟს უწყობს. კატეგორიულად დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. მოსახლეობა კატეგორიულად არ ამბობს უარს ხალხმრავალ ქორწილებზე, ქელეხებზე და ამას დაემატა პოლიტიკური მიზნით შეკრებები. 14-ში იყო 30 თუ 40 ათასიანი მიტინგი, მობილობა იყო, მიკროავტობუსებით ჩამოდიოდნენ ადამიანები. ნახევარზე მეტს პირბადე არ ეკეთა. სხვას რას უნდა მოველოდეთ? მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფოს ფიზიკური განადგურების საშიშროება დაემუქრა, მაშინ მთავრობა იძულებული გახდება, რომ სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს”, - დასძენს გამოცემა.

 

“თუ სახელმწიფოს ფიზიკური განადგურების თვალსაზრისით საშიშროება შეექმნება, ისევე როგორც ხდება საგანგებო მდგომარეობის შემოღება, ასევე შემოიღებს სავალდებულო აცრას. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ასეთ დროს არავისი უფლებები გათვალისწინებული არ იქნება, რადგან პირველ ადგილზე სახელმწიფო, ქვეყანა და სამშობლოა, რომელიც შენობებისგან კი არ შედგება, არამედ ხალხისგან და თუ ხალხი ფიზიკუირად განადგურდა, იმ მიწა-წყალს რაღა აზრი აქვს?” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

 

“რაც შეეხება საქართველოში მწვანე საშვების მექანიზმის ამოქმედებას, რომელიც ევროპის ბევრმა ქვეყანამ შემოიღო, “რეზონანსი” საკითხის გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ: “ამ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს”. მანამდე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, გადაწყვიტოს, ვაქცინას გაიკეთებს თუ არა. თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა (როდესაც მიდის სამუშაო და ბიზნესგარემოში თუ სოციალურ ღონისძიებაზე), ეპიდემიური რისკებისგან იყოს დაცული. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე კი ფიქრობს, რომ შესაძლოა “მწვანე საშვი” მალე ამოქმედდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“აქ მწვანე საშვები ყოველ დღე შეიძლება ამოქმედდეს, რადგან თუ აცრების რაოდენობამ და ვაქცინაციის ტემპი თუ კიდევ უფრო შემცირდა, ეს ყოველ დღეა მოსალოდნელი, რადგან რაღაცა გზა უნდა მოინახოს, ამ ხალხის ტვინამდე დავიდეს, რომ აცრა აუცილებელია, ადრე სალაპარაკო ჰქონდათ, რომ ვაქცინები სერთიფიცირებული არაა, ა ბატონო, არის სერთიფიცირებული და დადასტურებულად უვნებელი. თითოეულმა მათგანმა, ვინც არ იცრება, რაც უნდა ის ქნას, მაგრამ საშიშროება ირგვლივ მყოფებს ექმნებათ, სახემწიფო კი ამას ვერ დაუშვებს, რადგან ეს პრაქტიკულად დანაშაულია. ცივილიზებული მეთოდებით და გარკვეული შეზღუდვებით უნდა მიიყვანო ადამიანი იმ დასკვნამდე, რომ აიცრას, სხვა გზა არაა, მე ვიღაცამ რატომ უნდა დამასნებოვნოს? ან მის ირგვლივ მყოფი ბავშვები თუ სხვა ადამიანები”, - მიიჩნევს ხმალაძე.

 

“ჯანმომ გაითვალისწინა ის, რომ აცრების ტემპი არაა ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო და ერთი წელი იმიტომ გადასწია, თორემ ერთი პერიოდი იძახდა პანდემია ერთ თვეში, ორ თვეში, ზაფხულში, შემოდგომაზე მორჩებაო, მაგრამ ვაქცინაციაზე თავიანთი მონაცემები რომ მიაწოდეს საქართველომ და სხვა ქვეყნებმა, უკვე ეს ციფრები მათემატიკურად თუ სხვა ხერხით იმ რიცხვებში გადაიყვანა, რომელსაც ახლა აცხადებს... ერთი წელიც კი არა, ეპიდემია საერთოდ არ დამთავრდება თუ ვაქცინაცია ნორმალურად არ წარიმართა, უკვე მესამე ბუსტერ დოზაზე საუბრობენ და ესენი ერთხელაც არ არიან აცრილები. მწყდება გული და მეშინია იმისა, რომ მალე შესაძლა საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა აღარ შემოვიდეს, რადგან ეს ვაქცინები თუ გაფუჭდა, მერე უკვე ამერიკა ტყუილად ამდენ ფულს არ გადაყრის ქვეყნისთვის, რომელსაც ვაქცინის მხოლოდ მიღება შეუძლია და არა გამოყენება”, - დაასკვნის ხმალაძე.

 

“რთულ ვითარებას ემატება ის საფრთხეც, რომ რუსეთში, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოდის, ვრცელდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც, სავარაუდოდ, ვირუსის უკვე კარგად ცნობილ, “დელტა” ვარიანტზე მეტად გადამდები უნდა იყოს. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,აღნიშნული შტამი ახალი არაა და ის, სავარაუდოდ, “ინდური შტამის” ქვესახეობაა. ამასთან, როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინები აღნიშნულ შტამზეც იმოქმედებს. ”ვაქცინა ჯერჯერობით ყველა შტამზე ცალსახად მოქმედებს. შეიძლება ვერ დაიცვას დაინფიცირებისგან, მაგრამ მძიმე შემთხვევებისა და სიკვდილისგან იცავს. ვაქცინა სიკვდილს ამცირებს 80-90%-ით. მოსაზრება გამოითქვა, რომ საუბარია “ინდური შტამის” ქვეშტამზე. მუტაციის მცირე განსხვავებაა. არც ერთ შტამს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება, მომზადება იგივეა - მობილობის შემცირება, პირბადის ტარება და ვაქცინაცია. ჯერჯერობით, ყველა არსებული შტამი ვაქცინის მიმართ მგრძნობიარეა, ვაქცინა ყველაზე მუშაობს”, - განმარტა ცერცვაძემ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 271 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.