უცხოური პრესა - პანკისის ხეობა თავისი ღირსების გადარჩენას ცდილობს
შვეიცარიის გერმანულენოვანი გაზეთის „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგ“-ის («Neue Zürcher Zeitung») კორესპონდენტი ულრიხ შმიდი ამას წინათ პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. სწორედ პანკისიდან იყო ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი. გაზეთში გამოქვეყნებულია ჟურნალისტის მიერ მომზადებული სტატია სათაურით „პანკისის ხეობა თავისი ღირსების გადარჩენას ცდილობს“.
გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შინაარსს:
„დუისის სასაფლაოზე ვიმყოფები, პანკისის ხეობის ყველაზე დიდ სოფელში, სადაც ზელიმხან ხანგოშვილია დაკრძალული. ხეობა აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს, აქვეა საზღვარი ჩეჩნეთთან... ცივი დღეა, წვიმას აპირებს. მთებიდან ნისლი დაბლა ეშვება...
2,6 ათასი კილომეტრი აშორებს დუისს ბერლინის ტირგარტენ-კლიანერის პარკისაგან, სადაც გასულ ზაფხულს, რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. იგი ჩეჩნეთის II ომში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა და ვლადიმერ პუტინისათვის ისლამურ ტერორისტს წარმოადგენდა. ზელიმხან ხანგოშვილი დუისშია დაბადებული, პანკისის ხეობაში, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედის როგორც იურიდიულად, ისე ფაქტიურად - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით. პანკისის ხეობაში ჩეჩენი-სუნიტები ცხოვრობენ, რომლებსაც ქართველები ქისტებს უწოდებენ. სწორედ ისინი შეადგენენ ხეობის მოსახლეობის სამ მეოთხედს.
ვერ ვიტყვით, რომ ყველგან ჩეჩნები ძალიან უყვართ. რუსეთში ბევრ მათგანს მაფიოზებად და რელიგიურ ფანატიკოსებად, ტერორისტებად აღიარებენ. ცნობილია, რომ მრავალი ჩეჩენი ახლო აღმოსავლეთში (სირიაში, ერაყში) „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. მათ შორის ბევრი პანკისიდან იყვნენ - მაგალითად, 2016 წელს მოკლული თარხან ბათირაშვილი, რომელიც უმარ ალ-შიშანად იყო ცნობილი, დუისიდან 4 კილომეტრში მდებარე სოფელ ბირკიანიდან იყო.
დასავლეთში დიდი ხანია აღშფოთებას გამოხატავენ ჩეჩნების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო, ხშირად ჩნდება გროტესკული კარიკატურები. ამერიკელმა უშიშროების სფეროს ექსპერტმა პატრიკ სკინერმა პანკისის ხეობის სამხედრო კულტურას, ადგილობრივ მეომრულ ტრადიციებს „ტერორისტული აღზრდის ჰარვარდის უნივერსიტეტი“ უწოდა. მსგავსი ნეგატიური სტატიები ხეობის მოსახლეობის იმიჯს დიდ ზიანს აყენებს, ისინი საკუთარი ავტორიტეტისა და ღირსების გადარჩენას ცდილობენ, ებრძვიან სტერეოტიპებს.
პანკისის ხეობა ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება. კორონავირუსის პანდემიამდე აქ ქვეითად მოსიარულეების ტურიზმი ყვაოდა. აშენებულია ათეულობით გესტჰაუზი (სტუმრების სახლი), აქ ცამოდიოდნენ ტურისტები ევროპიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან და შორეული ავსტრალიიდან, თვით ახალი ზელანდიიდანაც კი. ტურისტების უმრავლესობა ასაკის მიხედვით ახალგაზრდები იყვნენ, ისინი ათვალიერებდნენ ადგილობრივ თვალწარმტაც პეიზაჟს, აკვირდებოდნენ ქისტების მიერ ყველის მომზადებას, საღამოობით კი კოცონის პირას ადგილობრივი ლუდით და ცხვრის მწვადებით ხალხთა მეგობრობის სადრეგრძელოს ამბობდნენ... მოკლედ, პანკსელებს აღარ უნდოდათ ტერორიზმის მთესველის სახელი ჰქონოდათ, პირიქით - ცდილობდნენ, რომ თანამედროვე ტუალეტებით, ინტერნეტით, სასტუმროებით და ტრეკინგის მარშრუტებით მშვიდობიან ადგილად წარმოჩენილიყვნენ.
როგორ ხშირად ხდება ხოლმე საქართველოში, ამ სიახლეების წამოწყების სათავეში ქალები დადგნენ: 34 წლის ხათუნა მარგოშვილს ოთხი შვილი ჰყავს და დუისში მდებარე სასტუმრო „მელისას“ მფლობელია. იგი დანიაში მუსაობდა, ფული დააგროვა, დაბრუნდა პანკისში, მიწა იყიდა და გესტჰაუზი ააშენა. იგი თვითონ აკეთებს ყველაფერს სტუმრებისათვის. ასევეა მისი მეუღლეც, რომლის წინაპრები ხეობაში, რელიგიის ხაზით, ცნობილი ადამიანები იყვნენ. დიდი ხნის განმავლობაში პანკისელთა ნაწილი სუფიზმის მიმდევრები იყვნენ, თუმცა ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ აქ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული ლტოლვილები მომრავლდნენ, ძირითადად სალაფიტები. ამრიგად, ხეობის მოსახლეობაში რელიგიური განხეთქილება დაიწყო... სალაფიტთა ექსტრემისტული განწყობები აშკარად ცანდა. სოფელ ჯოყოლოს მეჩეთში იმამი აიუფ ბორჩაშვილი ჯიჰადს ქადაგებდა და ხელს უწყობდა „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკთა რიგების შევსებას პანკისელი ახალგაზრდებით. საქმე იქამდე მივიდა, რომ აიუფ ბორჩაშვილი საქართველოს ხელისუფლებამ დააპატიმრა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს ლოგიკური გადაწყვეტილება იყო - ბორჩაშვილი ხომ საკუთარ თავს „საქართველოში ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლად“ თვლიდა.
2017 წელს პანკისელმა სუფისტებმა და ზომიერმა სალაფიტებმა, შეიძლება ითქვას, „სამშვიდობო შეთანხმება“ გააფორმეს და ზავი დღემდე ძალაშია, მოქმედებს დემოკრატიულად არჩეული სახალხო კრება, რომელსიც წარმოდგენილია სუფისტებიც და სალაფიტებიც, ახალგარდა აქტივისტები. ასე გაჩნდა ხეობაში ტოლერანტობა“, - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი ესაუბრება ხათუნა ხანგოშვილს, რომელიც ლაპარაკობს ქალების უფლებებზე პანკისის რელიგიურ საზოგადოებაში - მათ აქვთ მეჩეთში მისვლისა და ლოცვის უფლება, მონაწილეობენ ყველა რიტუალში, მსოფლიოს სხვა ისლამური საზოგადოებებისაგან განსხვავებით, ასევე ადგილობრივი დუისელი იმამის მოადგილეს აბდულ ხანგოშვილს, რომელის სალაფიტია და მექაშია ნამყოფი, კარგად იცის არაბული ენა. მისი თქმით, სალაფიტები სუფიზმს უარყოფენ, მაგრამ სუფიტებს არაფერს ერჩიან: „ისინი ხომ ძირითადად უფროსი თაობის ხალხი, მოხუცები არიან“.
აბდულ ხანგოშვილი შეწუხებულია პანკისელთა ცუდი რეპუტაციით და ამაში რუსეთს ადანასაულებს - რუსული მასმედია სახელს გვიფუჭებსო. მისთვის ვლადიმერ პუტინი მთავარ მტერს წარმოადგენს, რომელიც ჩეჩნებს ტერორისტებს და მკვლელებს უწოდებს. „ერთადერთი ჩეჩენი, რომელი ვლადიმერ პუტინს უყვარს, რამზან კადიროვია“, - ამბობს აბდულ ხანგოშვილი.
როგორ ეგუებიან ერთმანეთს ქისტები და ქართველები?
„ქართველები რუსებივით მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან“, - ამბობს აბდულ ხანგოშვილი. არსებითად ერთადერთი, რაც ჩეჩნებსა და ქართველებთ აკავშირებთ, რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის უარყოფაა, დანარჩენად საერთო ძალიან ცოტაა. „თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდად არის“, - ამატებს იმამის მოადგილე. ეს სიმართლეა: მუსლიმმა ქისტებმა და ქრისტიანმა ქართველებმა ერთმანეთისაკენ ნაბიჯი გადადგეს - თვილისი ხეობაში კომუნიკაციებს აშენებს, ახალგაზრდები დედაქალაქის უმაღლეს სასწავლებელებში ცოდნას ეუფლებიან, დასავლური ცხოვრების წესი პანკისშიც ფეხს იკიდებს. თუმცა ხეობა ჯერ-ჯერობით ეკონომიკურად ისევ ცენტრზეა დამოკიდებული“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
სტატიის ავტორი წერს ორ ძირითად კონფლიქტზე, რომლებიც ხეობის მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდა: ტერორიზმის პრობლემა და კაშხალის მშენებლობა. პირველი უმეტესად ეხება ადგილობრივი ახალგაზრდების საერთაშორისო ტერორისტებთან (მაგალითად, აჰმედ ჩატაევთან) კავშირს, რის გამოც ხეობაში 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა - დაიღუპა თამერლან მაჩალიკაშვილი. ამ ფაქტმა საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია. ხოლო მეორე პრობლემა - პანკისის ხეობაში მდინარე ალაზანზე „ხადორიჰესის“ მშენებლობა, ეკოლოგიური თვალსაზრისით.
„რა თქმა უნდა, პოსტსაბჭოტა საქართველოში ბოლო წლების სწრაფი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცვლილებები პანკისის ხეობას გვერდს ვერ აუვლიდა. რუსები წავიდნენ, მათ ნაცვლად ამერიკელები მოვიდნენ, რუბლი გაქრა, მისი ადგილი დოლარმა დაიკავა, განვითარდა საბაზრო ეკონომიკა, გაჩნდა ინტერნეტი, მობილური კავშირი... ადამიანები ინგლისურად ალაპარაკდნენ, რუსულმა ენამ უკან დაიხია. დუისში მოქმედებს 2002 წელს ინგუშეთში დაღუპული ინგლისელი ჟურნალისტის როდი სკოტის სახელობის ფონდი, სადაც პანკისელები ინგლისურ ენას ეუფლებიან, ძირითადად ახალგაზრდები. გოგონები ცოტანი არიან, მაგრამ ისისნი ბიჭებზე უკეთესად სწავლობენ. ყოფილი საბჭოეთის ყოფილი იმპერიალისტური მოწინააღმდეგის ენას 250 ქისტი ეუფლება. ფონდის პირდაპირ ინტერნეტ-გაზეთის :პანკის თაიმს“-ის («Pankisi Times») რედაქცია მდებარეობს, რომელიც პროდასავლურ და პროამერიკულ მასალებს აქვეყნებს. ეს სრულიად სეესაბამება საქართველოში არსებულ განწყობებს და საქართველოს ხელისუფლების კურსს. არადა, დრეს ძნელია იმის დაჯერება, რომ ისლამური სახელმწიფოს ემისრები პანკისში წარმატებით ახერხებდნენახალგაზრდების გადაბირებას. მოკლედ, ხეობა ენერგეიულად ცდილობს წარსულის სიბნელიდან გამოსვლას“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის