ფაშინიანს “ისკანდერების” კრიტიკა შესაძლოა სამხედრო გადატრიალებად დაუჯდეს - როგორ აისახება ეს საქართველოზე
“სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს რუსული “ისკანდერების” მწვავე კრიტიკა შესაძლოა სახედრო გადატრიალებისა და მისი ძალადობრივად გადაყენების ფასად დაუჯდეს, რითაც რეგიონში რუსეთის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება და საქართველო შესაძლოა ალყაშიც კი მოექცეს.
ფაშინიანის განცხადებას, რომ რუსული სარაკეტო კომპლექსი არაეფექტურია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გულისწყრომა გამოიწვია, ფაშინიანმა კი ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენშტაბის უფროსი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ფაშინიანს “ისკანდერების” კრიტიკა შესაძლოა სამხედრო გადატრიალებად დაუჯდეს - როგორ აისახება ეს საქართველოზე.
“პრემიერის მხარდამჭერებმა ერევნის ცენტრალურ რესპუბლიკის მოედანზე აქცია-მსვლელობა გამართეს, რის პარალელურადაც ოპოზიციურმა ძალამ “მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად” მოქალაქეებს მოუწოდა თავისუფლების მოედანზე შეიკრებილიყვნენ და სომხეთის შეიარაღებულ ძალებისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ. სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას პოლიციის ოფიცრებიც შეუერთდნენ, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი კი სომეხ ხალხს მოუწოდებს, რომ შეიარაღებული ძალების გვერდით დადგნენ. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სომხეთში არსებული დაძაბული ვითარების უკან კრემლი დგას, რადგან პუტინი ფაშინიანს სარაკეტო კომპლექსის შეურაცხყოფას და სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარს არ აპატიებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ პოლემიკას მოჰყვა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ არმენ სარქისიანისა და ფაშინიანს შორის გაიმართა, საუბარი კი ისკანდერის თაობაზე იყო, ფაშინიანმა რუსეთის ყველაზე მძლავ შეიაღარებას არასრულყოფილი, ვადაგასული და არაეფექტური უწოდა, რამაც სომხეთის გენშტაბის უფროსისა და მისი მოადგილის პრემიერ-მინისტრისადმი ცინიკური კომენტარები გამოიწვია. დღეს დილას კი პაშინიანმა თანამდებობიდან ორივე გადააყენა, რასაც მთელი არმია არ დაეთანხმა. მათ კი პაშინიანს და მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ისინი არაეფექტური მმართველები არიან და მათი გადადგომა მოითხოვეს. ამის საპასუხოდ კი ფაშინიანმა მომხრეების მობილიზება დაიწყო, მან გარკვეული რაოდენობის მომხრეების შეკრება მოახერხა, როგორც ჩანს მის მხარეზე პოლიცია და შინაგანი ჯარებია, მაგრამ მთლიანად არმია მის წინააღმდეგაა და ამბოხებულებმა ულტიმატუმი გაიმეორეს. პლიუს ამას ამბოხებულების მხარეზე გაერთიანებული ოპოზიციაა, სადაც 17 პოლიტიკური პარტიაა და, როგორც ჩანს, ისინიც შეუერთდებიან. სიტუაცია უმძიმესია, არცერთი მხარე პოზიციას არ თმობს, როგორც ჩანს ორივე მხარე საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებისათვის ემზადება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა ვახტანგ მაისაია.
“არაა გამორიცხული, რომ არმიის ნაწილები ერევანში შევიდნენ და სტრატეგიული ობიექტები დაიკავონ, სამხედრო საბჭო შექმნან. სომხეთის პრეზიდენტმა “ისკანდერების” თემა ძალიან საეჭვოდ შემოაგდო. პოლემიკა მან დაიწყო და ასევე ძალიან საეჭვოდ დუმს. როგორც ჩანს სიტუაცია სერიოზულადაა, რადგან სომხეთის ტელევიზიებმა ყოველგვარი გადაცემები შეაჩერეს და პაშინიანის მომხრეების გამოსვლებს აჩვენებენ. ეს ამბავი ჩილეში 1973 წლის 11 სექტემბრის გადატრიალების სცენარს ძალიან წააგავს, რა დროსაც მთლიანი არმია პრეზიდენტის წინააღმდეგ იყო, სამხედრო გადატრიალება მოახდინა და პრეზიდენტი დაამხო. იმედია, რომ საქმე ასეთ სცენარამდე არ მივა. ამ გადატრიალების უკან ორი მოტივის გამო აშკარად კრემლი ჩანს. პირველი ის, რომ ფაშინიანს ისკანდერების აუგად ხსენებას არ აპატიებენ იმიტომ, რომ ეს მათი სიამაყეა, პუტინს, მის სამხედრო-საბრძოლო კომპლექსს და სამხედრო ელიტას სილა გააწნა, სამხედრო ქსელებში ფაშინიანის მოსხსენიება უკვე უცენზურო სიტყვებით ხდება”, - განაგრძობს ექსპერტი.
“მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ფაშინიანმა კრემლს უარი უთხრა, რომ სომხეთში მეორე სამხედრო ბაზა გახსნილიყო, რომელიც სავარაუდოდ მთიან ყარაბაღთან ახლოს იქნებოდა და სამხედრო კონტინგენტი 5 ათასიდან 15 ათასამდე გაიზრდებოდა. ფაშინიანი საგარეო კურსს ასე თუ ისე აბალანსებდა და მოსკოვის ამბიციებს თოკავდა. თუ მისი ძალადობრივი კუთხით გადაყენება მოხდება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ რეგიონში რუსეთის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენ პირდაპირ ალყაში აღმოვჩნდებით, აქ რუსეთი უკვე სავარაუდოდ ჩვენთანაც რაღაცას შეეცდება, მით უმეტეს ჩვენთანაც სახელმწიფოებრივი კრიზისია, თან სომხეთში ძალის პირდაპირი დემონსტრირება ხდება”, - მიიჩნევს მაისაია.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო