მასშტაბური სარაკეტო თავდასხმები და სისხლისღვრა - პალესტინა-ისრაელის ომმა რეგიონი ააფეთქა

“ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიშები არ წყდება. ორშაბათს საღამოდან დღემდე ათასზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით. “ბიბისის” ინფორმაციით დაღუპულია 35 პალესტინელი, მათ შორის 10 ბავშვი. არეულობაა ისრაელის სხვა ქალაქებშიც, სადაც ადგილობრივი არაბები დემონსტრაციებს მართავენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჰიდაი ზილბერმანის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემა “რკინის გუმბათმა” დასახლებული ადგილებისკენ გასროლილი რაკეტების 85-90% პროცენტი გაანეიტრალა. მხარეებს იერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს გაერო. დღესვე გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს შეერთებული შტატებიც და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მასშტაბური სარაკეტო თავდასხმები და სისხლისღვრა - პალესტინა-ისრაელის ომმა რეგიონი ააფეთქა.

 

“საჰაერო დარტყმების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა ისრაელში. დაჯგუფება “ჰამასი” აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, მათ შორის, იერიში მიიტანეს თელ-ავივზე. ასობით რაკეტა გაისროლა ღაზისკენ ისრაელმაც. რამდენიმე საათის წინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ისრაელის ქალაქ ლოდში, სადაც სასაზღვრო პოლიცია გაგზავნეს. ისრაელის სხვა ქალაქებში კი, ადგილობრივი არაბები დემონსტრაციებს მართავენ. ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მოძრაობა ჰამასს თავისი ქმედებები ძვირად დაუჯდება. “ჰამასს” და “პალესტინურ ისლამურ ჯიჰადისტურ ტერორისტულ დაჯგუფებას” ძვირად დაუჯდება ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები. სისხლი მათ ხელზეა”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. თუ რატომ დაიწყო ისრაელსა და პალესტინას შორის შეტაკებები და რა მოსალონდელი სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები, “რეზონანსს” სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ესაუბრა. მისი აზრით, პალესტინური და არაბული დაჯგუფებები წინასწარ ემზადებოდნენ ასეთი ტიპის საომარი მოქმედებებისთვის...”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“როგორც ჩანს, არაბულ-პალესტინური დაჯგუფებები წინასწარ ემზადებოდნენ ასეთი ტიპის საომარი მოქმედებებისთვის და ელოდებოდნენ საბაბს. ეს საბაბი კი გაუჩნდათ, რადგან ისრაელის ერთ-ერთმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ გაესახლებინათ რამდენიმე არაბულ-პალესტინური ოჯახი, შესაბამისად, ეს იყო ძირითადადი მიზეზი, რამაც შემდეგ ვითარება დაამძიმა. ამას მოჰყვა ისრაელში და პალესტინაში არსებული “ჰამასის” ტერორისტული დაჯგუფებების ბაზების განადგურება და როგორც ჩანს რამდენიმე “ჰამასის” ლიდერიც იყო ლიკვიდირებული, თუმცა, დაბომბვების შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ამ პროცესებს მოჰყვა “ჰამასის” ლიდერების გაფრთხილება, რომ ისინი დაბომბავდნენ ისრაელის ტერიტორიას და რის შემდეგაც განხორციელდა სერიოზული სარაკეტო დარტყმები - დაახლოებით 600 რაკეტა არის გაშვებული, რამდენადაც მე ვიცი ღაზის სექტორიდან თელ-ავივის მიმართულებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“როგორც ჩანს პალესტინელებს სურთ სერიოზული შეიარაღებული ამბოხი განახორციელონ, თუმცა, რას მიეკუთვნება მათი ამბოხი, ცოტა რთული განსასაზღვრია. როგორც ჩანს მათ სურს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხი დადგეს გაეროს გენერალურ ასამბლეაში და მოხდეს ამ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჰიპოთეტურ დონეზე შეიძლება ისლამური სახალიფოს ხელიც ერიოს ამ პროცესებში, რომელსაც აწყობს ამ კონფლიქტის გაღვივება პალესტინელებსა და ისრაელს შორის. როგორც ჩანს, მხარეები იწყებენ უკვე სერიოზულ დაპირისპირებას. დაბომბვები ინტენსიურად ხორციელდება და აშკარად ჩანს, რომ პალესტინა წინასწარ ემზადებოდა ასეთი ტიპის შეტაკებისთვის, ვინაიდან, 600 სარაკეტო სისტემის ღაზის სექტორში შეტანა და მათი ოპერატიული განთავსება, მოითხოვს საკმაოდ სერიოზულ მომზადებას და დროს, ამიტომ, როგორც ჩანს, ეს წინასწარ იყო გათვლილი”, - განაგრძობს ექსპერტი.

 

“ამ მოვლენების განვითარება შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით მოხდეს, შეიძლება შეწყდეს კონფლიქტი, ან დაიწყოს კიდევ უფრო ინტენსიური სამხედრო მოქმედებები, თუმცა ამ ეტაპისთვის იკვეთება, რომ შეიძლება საკმაოდ მასობრივი გახდეს საომარი მოქმედებები. თუ ამ პროცესებში ჩაერთო ლიბანი, რომელიც ისრაელის მიმართ საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი, შემდეგ შეიძლება უფრო გამწვავდეს ვითარება. საკმაოდ რთული ვითარებაა. როგორც ჩანს “ჰამასმა” მიანიშნა ისრაელს, რომ მას უკვე გაუჩნდა სერიოზული ძალა და ამ ძალის დემონსტრირება მოახდინა”, - დასძენს მაისაია.

 

“ცნობილია ისიც, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან არაბთა ჯგუფებმა ქალაქში სინაგოგებსა და მაღაზიებს ცეცხლი წაუკიდეს, ასევე ათობით ავტომობილი დაწვეს. თიმეს ოფ Iსრაელ-ი წერს, რომ 1966 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ებრაულ-არაბულ ქალაქებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ისრაელის მთავარი, ბენ გურიონის აეროპორტი დაიხურა. 10 მაისს, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელებს, საპასუხოდ კი ღაზას სექტორში “ჰამასის” ობიექტივზე იერიშები დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა “ჰამასის” ორი ლიდერი მოკლეს მას შემდეგ, რაც შენობაზე, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, მიზანმიმართული ავიაიერიში განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოკლულები არიან “ჰამასის” სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ჰასან კაუგი და მისი მოადგილე ვაილ ისა”, - წერს სტატიია ავტორი.

 

“ჰამასმა” სარაკეტო იერიში განაახლა, პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ შეტევა განახორციელა ისრაელის ქალაქ აშდოდზე. გაშვებულია 50 რაკეტა. ეს არის ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. პარალელურად ისრაელის სამხედრო ძალები “ჰამასის” სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით საპასუხო დარტყმებს განაგრძობს. ამჯერად სარაკეტო იერიში ღაზა სექტორში მდებარე ქალაქ ჯაბაილზე ხორციელდება. რომელიც თელავივიდან 75 კილომეტრში მდებარეობს. ამ წუთებში მიმდინარეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დახურული სხდომა, სადაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ, პარალელურად არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგგარეშე შეხვედრა გამართეს და ისრაელის ქმედებებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უპატივცემულობა უწოდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ძალიან შეშინებულები ვართ, მალე უფრო ძლიერ შეტევას ელია” - ღაზას სექტორმა ისრაელს კიდევ 50-მდე რაკეტა ესროლა.

 

“საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, ქალაქ ლოდში სრული ჩაკეტვა ცხადდება, რის შემდეგაც საჯარისო დანაყოფები ყველაზე მკაცრ ზომებს გამოიყენებენ. ასევე საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, საფრთხის არეალი გაიზარდა და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები. ისრაელში სარაკეტო იერიშების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა - ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტროშიც ადასტურებენ. დავით ზალკალიანის განცხადებით, დაზიანება მსუბუქი იყო და საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზალკალიანმა ისრაელში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა. მინისტრის თქმით, საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ცნობილია “ჰამასის” ლიდერების ვინაობა, რომლებიც ისრაელმა გასულ ღამეს საპასუხო ცეცხლის გახსნის დროს გაანადგურა. ისრაელის მხრიდან ჰამასის შტაბზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას, დაჯგუფების მთავარი მეთაურები, სამხედრო ინჟინრები, კიბერტექნოლოგიის სპეციალისტები, პროფესიონალი სკაუტები და ტექნიკოსები დაიღუპნენ. ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი ავიაიერიშის შესახებ აფრთხილებს. ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ელენე ნაპირელი კი “რეზონანსთან” ჰყვება, რომ ის თელ-ავივში ცხოვრობს და ბოლო ორი დღეა უმძიმესი სიტუაციაა. მან მეზობლებთან ერთად თავშესაფარში საკმაოდ მძიმე საათები გაატარა. მისი თქმით, 50-მდე ჭურვი ღაზას სექტორიდან კიდევ ესროლეს და რამდენიმე საათში მძლავ შეტევას ელიან”, - დასძენს გამოცემა.

 

“არ ვიცი როგორ აღგიწეროთ აქ რაც ხდება. ღაზას სექტორიდან კიდევ 50-მდე რაკეტა გვესროლეს. კიდევ კარგი ჩემს კორპუსს თავშესაფარი აქვს და კორპუსის მცხოვრებლები იქ ვართ ჩასულები. ძალიან შეშინებულები ვართ, რადგანაც უახლოეს საათებში უფრო ძლიერ შეტევას ელოდებიან. ისრაელი რასაც ახერხებს, რაკეტების 90%-მდე ანეიტრალებს, მაგრამ რამდენიმე მათგანი მაინც დანიშნულების ადგილს ხვდება. რასაც ვუყურებ, ებრაელები ძალიან მხნედ არიან, ამიტომ მათი სიმშივიდე ცოტა მაიმედებს. ეჭვი ჩნდება, რომ ჰამასს რამდენიმე ქვეყანა ეხმარება, რადგანაც ამდენ უკონტროლო რაკეტას ისინი ვერ მიიღებდნენ. ასევე საფრთხის ქვეშ ისრაელიც არის, რადგანაც ტერორისტები მისი დაბომბვით იმუქრებიან. ქალაქ ლოდში კი ფაქტიურად სამოქალაქო ომი დაიწყო. ეთნიკური არაბები ქალაქს არბევენ და ადგილობრივებს ფიზიკურად უსწორდებიან. შესაძლოა გარეთ იდგე, მოულოდნელდ მოვარდნენ, უმიზეზოდ გცემონ ან გესროლონ და დანა გაგიყარონ. საკმაოდ ცუდი სიტუაციაა და გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისგან მოგვიწოდებენ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.

წაკითხვა 439 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.