"რატომ დაამცირეს პუტინი შანხაის სამიტზე?!"
“პროგნოზირება იმისა, რა შეიძლება მოხდეს რუსეთში, რთულია, რადგან საერთაშორისო ურთიერთობები ზუსტი მეცნიერება არ გახლავთ და ნებისმიერი სცენარი დამოკიდებულია სხვადასხვა ცვლადისა და არაერთი ფაქტორის ერთობლიობაზე, ასევე იმაზე, რომელ თეორიულ ჭრილში განვიხილავთ ამ სცენარებს.
რუსეთის არმიამ უკრაინაში დაკარგა ოპერატიული უპირატესობა. მან არა მხოლოდ უკან დაიხია, არამედ დათმო მნიშვნელოვანი პოზიციები. ახლა უკრაინის მთავარი ამოცანაა, ეს უპირატესობა, რომელიც კონტრშეტევით მოიპოვა, შეინარჩუნოს და სტრატეგიულ დომინირებაში გადაზარდოს, ანუ საბოლოოდ ბრძოლის ველის სრული კონტროლი აიღოს ხელში. რუსეთს არ აქვს კონვენციური შეიარაღების საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ შექმნილი ვითარების შემოტრიალება შეძლოს. დღეს რუსეთი დგას რამდენიმე გამოწვევის წინაშე. თუ ის ბრძოლას გააგრძელებს, შეიძლება სრული სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფა განიცადოს”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რატომ დაამცირეს პუტინი შანხაის სამიტზე?!"
“უკრაინის რესურსები შეივსება უახლოეს მომავალში, როდესაც ლენდ-ლიზი სრული მასშტაბით ამოქმედდება. აღსანიშნავია ისიც, რომ რაც მეტად გააქტიურდება უკრაინა, მით მეტად მოიმატებს მისი მხარდაჭერა, რადგან ეს დასავლეთში სარისკო ინვესტიციად აღარ ფასდება. დღეს ყველა მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია გამარჯვება და მისი მხარდაჭერა რენტაბელურ ინვესტიციად მიიჩნევა. შესაძლებელია, რუსეთი აღმოჩნდეს სამხედრო-პოლიტიკური მარცხის წინაშე. როგორ შეიცვლება ვითარება ბრძოლის ველზე, სადამდე გაგრძელდება უკრაინის სამხედრო წარმატება, ცალკე მსჯელობის თემაა, მაგრამ ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, მოვლენების განვითარების მეორე ვარიანტია, რუსეთმა აღიაროს მარცხი და უკრაინასთან გარკვეულ საზავო პირობებზე შეთანხმდეს. ორივე ვარიანტის შემთხვევაში რუსეთში ეს გამოიწვევს ძლიერ ტურბულენტობას. საზოგადოება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იკვებებოდა რუსეთის უძლეველობის მითით, აღმოაჩენს, რომ დამარცხდა, თან დამარცხდა იმასთან, ვისაც ხელოვნურ სახელმწიფოდ მიიჩნევდა. ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებაში რა მოხდება, გავლენის ცენტრებში რა როგორ გადათამაშდება, რთული სათქმელია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.
“რუსეთისთვის ყველაზე უარესი სცენარი, რომელიც ხშირად განიხილება, არის პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება, რაც გულისხმობს, რომ რუსეთში ახლანდელი ელიტა შეიცვლება და დაიწყება დიდი წმენდა არმიაში, რადგან ჯოხი ვიღაცაზე უნდა გადატეხონ, ამ ყველაფერს კი შეიძლება მოჰყვეს სხვა ტიპის პოლიტიკური ცვლილებები და ძალაუფლებისთვის უკიდურესად მძიმე ბრძოლა დაიწყოს. ზოგადად, რუსეთს არ ახასიათებს კატასტროფის შემდეგ მმართველობის გაკეთილშობილება. მაგალითად, პირველ მსოფლიო ომში მარცხის შემდეგ ნიკოლოზ მეორე ბოლშევიკებმა შეცვალეს, ჩეჩნეთის პირველ ომში მარცხის შემდეგ ელცინი პუტინმა ჩაანაცვლა, შესაბამისად, ვერ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდეს უფრო რეაქციულად განწყობილი, რევანშისტული ძალა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთის მარცხი იყოს იმგვარი, რომ მას ხელახალი რევანშისთვის რესურსი აღარ შერჩეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.“დღეს დასავლეთის მთავარი ამოცანაა, რუსეთი დასუსტდეს უახლოესი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მაინც. ეს პერიოდი იქნება შანსი და ფანჯარა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რათა მათ საკუთარი სუვერენიტეტი განიმტკიცონ. მარცხის შემთხვევაში რუსეთის პოზიციები და გავლენა ყველგან შესუსტდება. ჩვენ ამის პირველ ნიშნებს უკვე ვხედავთ. ცენტრალური აზიის რეგიონში “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამიტზე, ვისაც არ დაეზარა, პუტინი ყველამ ალოდინა. ამით აგრძნობინეს, რომ ის აღარ არის ჰეგემონი და ლიდერი რეგიონში. ამასთანავე, გამოჩნდა, ვინ არიან ლიდერები. უპირველესად, ეს არის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, მერე კი თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი. მოკლედ, ცენტრალურ აზიაში ორი ახალი ლიდერი გამოიკვეთა. ეს ძალიან საინტერესო ცვლილებაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომავალი წლისთვის ყაზახეთი დატოვებს `კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას~. ამასთანავე, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის გაჩნდა დაპირისპირების ახალი კერა, დაიღუპნენ ადამიანები. ეს კონფლიქტი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ახლა გააქტიურდა. მოკლედ, რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა წინა აზიაში, სადაც მას დიდი კონკურენტები ჰყავს, შესუსტდა სამხრეთ კავკასიაშიც - რაც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ხდება, რეგიონში რუსული გავლენის მოსალოდნელი ჩამოშლით არის განპირობებული”, - განმარტავს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
“რუსეთის დასუსტება თუ გაგრძელდა, ბუნებრივია, ამა თუ იმ მიმართულებით გაჩნდება ძალის ვაკუუმი. რუსეთის გავლენა, მოგეხსენებათ, ემყარება არა განვითარების პოზიტიურ დღის წესრიგს, არამედ ძალის პრიმატს, შესაბამისად, თუ რუსეთი სუსტდება და კრიზისების მაკონტროლებელი ძალა ილევა, ბუნებრივად ჩნდება სიცარიელე, რაც დიდხანს არ დარჩება. ვხედავთ, რომ მისი შევსება უკვე დაიწყეს სხვა აქტორებმა. ამას აუცილებლად მოჰყვება გამოწვევები ყველა იმ რეგიონისთვის, რომლებზეც დიდი იყო რუსეთის გავლენა, მაგრამ ამავე დროს გაჩნდება შესაძლებლობებიც... რუსეთმა პირველივე დღეებში იგემა ძალიან დიდი საგარეო პოლიტიკური მარცხი, პუტინის რეჟიმი კატასტროფის წინაშეა. გავიხსენოთ, რის მიღწევა სურდა რუსეთს. პირველი - ნატოს შესუსტება აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს კი ნატოს სამხედრო კონტინგენტი აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე თითქმის 120 000-მდე გაიზარდა, გაათმაგებულია მძიმე ტექნიკის რაოდენობა და ა.შ. პრაქტიკულად, ნატო კი არ შეასუსტა, გააძლიერა; ამას დაემატა რუსეთის საზღვრებთან ნატოს მიახლოება. შვედეთი და ფინეთი, პრაქტიკულად, უკვე ნატოს წევრები არიან, შესაბამისად, რუსეთის ნატოსთან საზღვარი 1600 კმ-ით მეტი გახდა. საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის სტრატეგიული მარცხი”, - ამბობს გიორგი გობრონიძე.
“როგორც აცხადებდნენ, რუსეთის კიდევ ერთი პირობა და მიზანი იყო უკრაინის დემილიტარიზაცია, დღე კი უკრაინას ჰყავს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი, გაწვრთნილი და გამოცდილი არმია, რომელიც მომარაგებულია თანამედროვე დასავლური იარაღით, თან ეს იარაღი უწყვეტად მიეწოდება, ანუ დემილიტარიზაციის ნაცვლად რუსეთმა უკრაინის აქტიური მილიტარიზაცია მიიღო.ასევე რუსეთის ე.წ. სპეცოპერაციის მიზანი იყო ე.წ. დენაციფიკაცია, ამის ნაცვლად კი რუსეთმა მოახერხა, რომ რუსოფობიური განწყობა (თუ ის მართლაც არსებობდა უკრაინაში) გადააქცია ანტაგონისტურ განწყობად. უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელსაც მოკავშირედ განიხილავდნენ, პუტინის რეჟიმმა საშვილიშვილოდ გადაიკიდა. დასკვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომს თავისი პოლიტიკური განზომილება აქვს და ამ მხრივ რუსეთმა ყველა მიმართულებით მარცხი იწვნია. ამას ემატება ეკონომიკური შედეგები, კერძოდ, თუ რუსეთის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი არის ტრილიონ-ნახევარი დოლარი, მისი დაახლოებით მესამედის აქტივები გაყინულია ევროპაში... დარჩა სამხედრო-პოლიტიკური მიზანი, რომ დაიპყროს უკრაინა, რასაც ასევე ვერ აკეთებს”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“ეს ჩვენს რეგიონზე უკვე აისახა და ვხედავთ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის რა პროცესიც დაიწყო. აზერბაიჯანი თავს ესხმის სომხეთს, ფაქტობრივად, უკვე გასცდა ყარაბაღს და შეიძლება ითქვას, რომ ლაპარაკი დაიწყო რეგიონში აზერბაიჯანული პოლიტიკური დღის წესრიგის ძალისმიერი გზით იმპლემენტაციაზე, რასაც მხარს უჭერს თურქეთი. სომხეთი აღმოჩნდა სრულიად იზოლირებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანას, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან მოყოლებული, ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას. საქართველო არის აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი, მაგრამ ის, რაც დღეს სომხეთში ხდება, ჩვენთვისაც გარკვეულ რისკს შეიცავს. შექმნილმა ვითარებამ გააჩინა სერიოზული გამოწვევები ირანის მიმართაც. რეგიონში უსაფრთხოების გარემო გაცილებით მყიფე და ტურბულენტურია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როდისმე ყოფილა. ასეთ დროს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რაღაცით დააბალანსოს რეგიონული აქტორების გავლენა. დღეს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შესუსტებული გავლენით გაჩენილი ვაკუუმის შევსებას ცდილობენ თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი. ჩვენ გვჭირდება ამ გავლენის დაბალანსება, ამისთვის კი გვაქვს ერთი გზა - საქართველოს მჭიდრო კავშირის შენარჩუნება იმ აქტორთან, რომლის რეგიონიდან განდევნაც, რუსეთთან ერთად, სურთ თურქეთსა და ირანს და ეს არის დასავლეთი. ჩვენ უნდა ვიყოთ რეგიონში დასავლური ინტერესების პლაცდარმი და გრძელვადიან პერსპექტივაში სომხეთს, რომელიც დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გამოვა რუსული გავლენის ორბიტიდან, დავეხმაროთ იზოლაციის დაძლევასა და დასავლეთთან ინტეგრაციაში”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“თუ დასავლეთის მიერ საქართველო განიხილება, როგორც ინტერესის პლაცდარმი, ხელისუფლების ნებისმიერი პოლიტიკის შემთხვევაში დასავლეთი ეცდება საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას. ამ დროს ჩვენგან ასეთი პოლიტიკის წამოწყება, რომელიც, ჩემი აზრით, 90%-ით გათვლილია შიდა აუდიტორიაზე და არ არის გააზრებული მისი საერთაშორისო პოლიტიკური შედეგები, შეიძლება საქართველოსთვის ძალიან საზიანო აღმოჩნდეს, ამიტომ ვიდრე დრო გვაქვს, აუცილებელია, ეს გამოსწორდეს. სახელისუფლებო ელიტას ჯერ აქვს შანსი, ყველაფერი შეცვალოს. “ოთხეულის”~ პოზიციის ახსნას არ დავიწყებ, რადგან რომ ვცადო, პირობითად, ბატონი ხუნდაძის მოტივების ახსნა, მასავით უნდა ვიფიქრო, რაც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. მათი მოქმედება არასწორი და სახელმწიფო ინტერესების საზიანოა. ჩემი აზრით, ეს ხელისუფლების მანევრი იყო და მათ გაემიჯნებიან მაშინ, როცა დაინახავენ, რომ დიდი სისულელე გააკეთეს. იმედია, ამას მალე მიხვდებიან”, - დასძენს გიორგი გობრონიძე და შეკითხვაზე - “გასულ კვირას გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგი...” - პასუხობს:
“ჩვენ ქვეყანაში გვაქვს სრული პოლიტიკური აპათია. პოლიტიკური ძალების მიმართ უდიდესი უნდობლობა ჩამოყალიბდა. კარგი ოპოზიციის პირობებში ასე არ იქნებოდა... ეს ხალხი ნაცვლად პრობლემებსა და საქმეზე ლაპარაკისა, ლაპარაკობს ბიუროკრატიულ იდიოტობაზე, მაგალითად, ვინ როგორ გაინაწილებს კვოტებს და ა.შ. ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, რომელსაც კრედიტიდან კრედიტამდე მისვლა უჭირს, უინტერესოა, პარლამენტის რეგლამენტით გაწერილ პროცედურებს ვინ როგორ ასრულებს. მე მაინტერესებს, როგორ შეიძლება მოგვარდეს ჩემი პრობლემები; მაინტერესებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში კატასტროფა რომ ხდება, რას აპირებს ჩემი ხელისუფლება და როგორ გასცემს პასუხს ამ გამოწვევებს ოპოზიცია. მოსახლეობასთან ლაპარაკისას არც მმართველი გუნდი და არც ოპოზიცია 40 სიტყვაზე მეტს არ იყენებენ. კი, ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენთან მთელი პოლიტიკური სპექტრი ვერ უძლებს კრიტიკას და მას მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სჭირდება. სოციალური კვლევის შედეგების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი ქუჩის აქციებზე ლაპარაკობს. უკაცრავად, მაგრამ დამაყენებენ აქციაზე და მერე არავინ იცის, იქ რატომ დამიძახეს. ხელისუფლება კარგად არ მუშაობს, მაგრამ შენ რომ მოხვალ ხელისუფლებაში, რას აპირებ, როგორ გეგმავ ჩემი პრობლემების მოგვარებას, რას გააკეთებ უკეთესად?! იქნებ კვლევის ეს შედეგები გააანალიზონ და დაინახონ, რომ ეს პარტიები ხალხს პარლამენტში არ აინტერესებს და ქუჩაში გასული რატომ დააინტერესებს?..”
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"