"უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი არის უკრაინა" - შარლ მიშელი

უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი არის უკრაინა. ვიმედოვნებ, მალე უკრაინელი დაიკავებს ჩემს პოსტს როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ან ევროპარლამენტი ან ევროკომისიის პრეზიდენტი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„24 თებერვლის დილის საათებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამირეკა. მან მითხრა, ეს თავდასხმაზე მეტია, ეს არის უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბური ინტერვენცია. იმავე საღამოს მე მივიწვიე, რომ მას მიემართა ევროპული საბჭოსადმი. მან გვითხრა, რომ შესაძლოა, მას ცოცხალს უკანასკნელად ვხედავდით, ლიდერები შოკირებულნი იყვნენ. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, საჭირო იყო უკრაინისთვის თამამი გადაწყვეტილებები. ჩვენ ასევე მყისიერად გავაცნობიერეთ, რომ სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის ბედი იდო. სასწორზე ასევე იდო ჩვენი ევროკავშირის ბედი, კონტინენტის მომავალი და ყველაფერი, რისიც სჯეროდათ ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს. ექვს თვეზე ნაკლებ დროში, ივნისში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო: ჩვენ გადავწყვიტეთ, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა. ასე რომ, ევროკავშირის წევრობის კითხვას პასუხი გაეცა. უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი უკრაინაა. ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ ეს დაპირება რაც შეიძლება მალე ვაქციოთ რეალობად. ვიმედოვნებ, მალე უკრაინელი დაიკავებს ჩემს პოსტს, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტი ან ევროკომისიის პრეზიდენტი“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რადაში სიტყვით გამოსვლისას.

 

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაეხმაროს უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში. მისი თქმით, ამ დროისთვის ევროკავშირმა სამხედრო დახმარების სახით უკრაინისთვის 11 მილიარდი ევროს მობილიზება შეძლო.

 

„უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება. თქვენ მეტი გჭირდებათ. მეტი თავდაცვის სისტემა, შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტა, აღჭურვილობა და თქვენ გჭირდებათ ტანკები ახლავე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

 

მისი თქმით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს რუსეთის იზოლაციისთვის.

 

„უკრაინა აღდგება. ზარალი უნდა ანაზღაურდეს. ჩვენ გავყინეთ 300 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივები. მტკიცედ მჯერა, რომ ეს უნდა იქნას გამოყენებული და იქნება გამოყენებული უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. ყველა პასუხისმგებელი პირი, გამონაკლისის გარეშე, უნდა გასამართლდეს და გასამართლდება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას.

წაკითხვა 229 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.