უკრაინაში კრივოი როგის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

მეორე დღეა, რუსეთი უკრაინის ქალაქებს მასირებულად ბომბავს. უპილოტო საფრენი აპარატების გარდა, რუსეთი იყენებს რაკეტებს.

ქალაქ კრივოი-როგში შენობაზე რაკეტის მოხვედრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა სასტუმროში. ინფორმაციას ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ევგენი სიტნიჩენკო ავრცელებს.

მისი სიტყვებით, სასტუმროს ნგრევის გარდა, აფეთქების შედეგად დაზიანდა გარშემო მდებარე სახლები, მაღაზიები, კვების ობიექტები და ავტომობილები.

ერთი ადამიანის დაღუპვისა და ორი დაშავებულის შესახებ იტყობინება ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ივან ფედოროვის მიხედვით, რუსეთმა ქალაქ ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს ოლქზე გამთენიისას შვიდი დრონით მიიტანა იერიში.

27 აგვისტოს გამთენიისას, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის გამოიყენა ათეულობით დრონი „შაჰედი“, კრივოი-როგში - ბალისტიკური რაკეტა და აერობალისტიკური „კინჟალი“.

უკრაინის საჰაერო ძალები იუწყებიან რუსული დრონების სხვადასხვა რეგიონში გამოჩენის შესახებ. საუბარია ხერსონის, კიროვოგრადის, ჩერკასკის, სუმის, პოლტავის, ჩერნიგოვის და ჟიტომირის ოლქებზე.

ორშაბათს, 26 აგვისტოს, ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი შეტევა განხორციელდა უკრაინაზე.

ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსმა სამხედროებმა, სულ მცირე, 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს 102 რაკეტისა და 99 დრონის ჩამოგდება.

ორშაბათს უკრაინაზე რუსეთის დარტყმების შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი და 47 დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მასირებული თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რუსეთის სამხედრო უწყების თანახმადვე, „ყველა სამიზნეს მოხვდა“.

წაკითხვა 133 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 27 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.