„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში მაინც შევიდა - იგი რეფორმების საბჭოს აღმასკომს უხელმძღვანელებს“
ბრიტანული სააუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური («BBC Russian») ყურადღებას აქცევს საქართველოს ექსპრეზიდენტის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის ფაქტს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში მაინც შევიდა - იგი რეფორმების საბჭოს აღმასკომს უხელმძღვანელებს“.
გთავაზობთ ამონარიდს მასალიდან:
„ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა და მას ახალი თანამდებობა თვითონვე მიულოცა. „გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზოვიჩს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას... მჯერა, რომ იგი ახალ იმპულსს მისცემს რეფორმების ეროვნულ საბჭოს და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრების მნიშვნელოვანი გარდაქმნების განხორციელებაში“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე.
რეფორმების ეროვნული საბჭო 2014 წლის აგვისტოში შეიქმნა იმდროინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ და საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს სტატუსი აქვს, მის უფლებამოსილებაში შედის რეორმების პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და რეალიზება. მისი ხელმძღვანელი კი პრეზიდენტია და ის არჩევს საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას. საბჭომ თავისი არსებობის მანძილზე 28 სხდომა ჩაატარა, ბოლო სხდომა კი 2018 წლის მარტში ჰქონდა. განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია 2015 წლის დეკემბერში გამართულმა სხდომამ, რომლის დროსას ოდესის ოლქის მაშინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაქოვმა ერთმანეთში ურთიერთობის გარჩევა დაიწყეს, რაც საჯარო შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა - ჭიქებიდან წყლის შესხმით.
როგორც ჩანს, რადგან ახლაც ორივე პოლიტიკოსი რეფორმების საბჭოს წევრები არიან, სხდომაზე ისინი ისევ ერთმანეთს შეხვდებიან ხოლმე...
ამჟამინდელი დანიშვნა მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის ხელისუფლებაში მეორედ მოსვლას წარმოადგენს. იგი კიევში 2014 წელს თავისი საუნივერსიტეტო კოლეგის, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიწვევით ჩავიდა, იმავე წელსვე უკრაინის მოქლაქეობა მიიღო. მიხეილ სააკაშვილს კორუფციასთან და ოლიგარქებთან უკომპრომისო მებრძოლის სახელი ჰქონდა გავარდნილი, იგი თავს ესხმოდა ქვეყნის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს არსენ იაცენიუკს, რომლის გადაყენება, სხვათა შორის, პეტრო პოროშენკოსაც სურდა. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტისაგან ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი მიიღო, მაგრამ თანდათანობით იგი პრეზიდენტსაც მისწვდა და პეტრო პოროშენკოს კრიტიკაც დაიწყო. გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით საპროტესტო აქციების ჩატარება დაიწყო. საბოლოოდ, პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა.
ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა და პასპორტი დაუბრუნა. ბოლო დრომდე მიხეილ სააკაშვილი ოდესაში ცხოვრობდა და დროდადრო უკრაინისა და საქართველოს პოლიტიკის ტენდენციებს და მოვლენებს კომენტარს უკეთებდა“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"