პუტინი, ტრამპი და ბაიდენი - ნუთუ ჯო რუსეთის წინააღმდეგ დონალდზე უფრო მკაცრი იქნება?
აშშ-ის ცნობილმა და გავლენიანმა გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელ“-მა («The Wall Street Journal») ამას წინათ, 30 ივნისს, გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით „პუტინი, ტრამპი და ბაიდენი. ნუთუ ჯო რუსეთის წინააღმდეგ დონალდზე უფრო მკაცრი იქნება? ადრე იგი ასეთი არ იყო“, რომელშიც რუსეთის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დემოკრატი ჯო ბაიდენის მიდგომებია გაანალიზებული.
სტატიაში ჩამოთვლილია რუსეთის მიერ ჩადენილი „ცოდვები“ და დასმულია კითხვა - თუ არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, იქნება თუ არა იგი დონალდ ტრამპზე უფრო მკაცრი ვლადიმერ პუტინის მიმართ?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„ალბათ, კარგი სანახაობა იქნება, თუ 2021 წლის 21 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთზე შურს იძიებს იმის გამო, რომ მოსკოვი ავღანეთში თალიბებს ფულს უხდიდა ამერიკელთა მოკვლისათვის: იგი დაავალებს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ავღანელი ბოევიკებისათვის ფულის გადამხდელი რუსი აგენტების განადგურებას, დაეხმარება უკრაინას და კიევს უფრო მეტ სიკვდილისმთესველ იარაღს მისცემს რუსული აგრესიისაგან თავდაცვისათვის, უფრო ინტენსიურად იმუშავებს მოკავშირეებთან რუსეთის გასაძევებლად კუბიდან და ვენესუელიდან, გამოვა იმ ხელშეკრულებებიდან, რომლებსაც რუსეთი არღვევს და გაამკაცრებს სანქციებს გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ გერმანიაში.
რასაკვირველია, არაფერს ზემოთ ჩამოთვლილს მისტერ ბაიდენი არ გააკეთებს, ამიტომაც არის მიზეზი, რომ დავფიქრდეთ, თუ რამდენად სამართლიანია ის აღშფოთება ვაშინგტონში, რაც რუსეთის მიერ თალიბებისთვის ფულის გადახდის სავარაუდო ფაქტის გაჟღერებამ გამოიწვია და როგორი რეაქცია მოჰყვა ამას პრეზიდენტ დონალდ ტრამპისაგან. ანონიმური ისტორიები ხომ ერთგვარი ფანჯარაა დაზვერვის, მასმედიისა და ვაშინგტონელი პოლიტიკოსების მზაკვრული მოქმედებისათვის.
დონალდ ტრამპს, როგორც ჩანს, ამ მითქმა-მოთქმაში ისევ ავკაცის როლი აქვს გამზადებული, რომელმაც თურმე იცოდა დაზვერვის მიერ მიწოდებული ცნობა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია, ან უნდა სცოდნოდა, მაგრამ არ იცოდა. ყველა შემთხვევაში, დონალდ ტრამპს ეტყვიან, რომ იგი ვლადიმერ პუტინმა მაგრად გააცურა. პრეზიდენტი და მისი მრჩევლები ამბობენ, რომ იგი საქმის კურსში არ იყო რუსების მოქმედებაზე, მაგრამ ანონიმური წყაროების (მამხილებელების) ცნობით, ყოველდღიური ბრიფინგებისათვის მომზადებულ მასალებში ეს ცნობები ნამდვილად იყო (რომლებსაც ტრამპი ძალიან იშვიათად კითხულობს). თავის მხრივ, დაზვერვის ხელმძღვანელები გმობენ ანონიმურ მამხილებლებს - ისისნი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არჩევნების წინ მავნებლობას ეწევიანო.
ჩვენი პირველი რეაქცია ასეთია: თუ თალიბები წლების განმავლობაში ამერიკელებს კლავდნენ, განა რაიმე შეიცვლება იმით, თუ მათ ფულს გადაუხდიან? ხომ ყველასათვის ცნობილია, რომ თალიბებს ამერიკელების მოსაკლავად ფულს უხდიან ირანელები, ასევე პაკისტანელი ჯიჰადისტები, თვით ამ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების ჩათვლით.
და მეორე მომენტი: რატომ უკვირთ ვიღაცეებს, რომ პუტინის რუსეთი ამერიკისათვის ზიანის მიყენებას ცდილობს? მოსკოვი ამ საქმით დიდი ხანია დაკავებული - ზედიზედ სამი ადმინისტრაციის პერიოდში - იმ დროიდან, როცა რუსეთი 2008 წელს მეზობელ საქართველოში შეიჭრა. გავიხსენოთ, როგორი რეაგირება მოახდინა ამ ფაქტზე ჯო ბაიდენმა? მან პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაცია პოლიტიკურ უუნარობაში დაადანაშაულა და რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვისაკენ“ მოუწოდა.
ვლადიმერ პუტინი აშშ-ის „უკანა ეზოში“, მის ახლო რეგიონში ძვრება - მხარს უჭერს ნიკოლას მადუროს რეჟიმს ვენესუელაში. იგი ცდილობს განხეთქილება შეიტანოს ნატოს წევრებს შორის - თურქეთს „С-400“ რაკეტებს აძლევს. მოსკოვი ეხმარება ბაშარ ასადის სისხლიან რეჟიმს სირიაში, ბლოკავს გაეროს ემბარგოს ირანისათვის იარაღის მიწოდების საკითხში. ვლადიმერ პუტინის აგენტებმა დიდი ბრიტანეთის მხარეს გადასული აგენტი მოწამლეს და ამ დროს უდანაშაულო ბრიტანელიც იმსხვერპლეს. ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებამ ამას წინათ ყოფილი ამერიკელი ქვეითი ჯაშუშობის ბრალდებით ციხეში ჩასვა... ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებშიც ჩაერია... და ეს ყველაფერი ბარაკ ობამასა და ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის ცხვირწინ ხდებოდა! ასე რომ, თალიბებისთვის ფულის გადახდა მაინცდამაინც დიდი ვერაფერი მზაკვრობაა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი გასაკვირ ყურადღებას იჩენს ვლადიმერ პუტინის მიმართ (თუმცა მან ამით ვერაფერს მიაღწია), იმავდროულად მან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მისცა უკრაინას (თავის დროზე ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა ამაზე უარი თქვეს), გამოვიდა ორი ხელშეკრულებიდან იარაღთან დაკავშირებით, რომლებსაც რუსეთი არღვევს და ცდილობს შეაჩეროს „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის მშენებლობა. გამოდის, რომ დონალდ ტრამპი რუსეთს უფრო მკაცრად ექცევა, ვიდრე ამას ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი აკეთებდნენ.
რას უნდა ველოდოთ დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენისაგან, თუ გამოძიების მიერ ავღანელი თალიბებისადმი რუსეთისაგან ფულის გადახდა დადასტურდება? გადათქვამს თუ არა დონალდ ტრამპი თავის სურვილს „დიდი შვიდიანში“ რუსეთის მიწვევის თაობაზე? თუ იგი ისევ თავის პოზიციაზე დარჩება, მაშინ ამით შეურაცხყოფას მიაყენებს იმ ამერიკელების ხსოვნას, რომლებიც ავღანეთში დაიღუპნენ. ეს იმას ჰგავს, როცა მან გასულ წელს ავღანელი თალიბები კინაღამ კემპ-დევიდში მიიწვია.
რაც შეეხება მისტერ ჯო ბაიდენს: განა მან რაიმე ისწავლა რუსებთან წინა ურთიერთობებით? კი, იგი ახლა მკაცრად გამოდის მოსკოვის წინააღმდეგ და იმასაც კი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინს „სული არ აქვს“... მაგრამ რუსეთის ლიდერს „სული“ არც 2009 წელს არ ჰქონდა, როცა ბაიდენმა მას „გადატვირთვა“ შესთავაზა... არც 2012 წელს ჰქონდა, როცა ბარაკ ობამამ კარგად გალანძღა რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი მით რომნი და მას „ცივი ომის გადმონაშთი“ უწოდა, როცა მან წინასაარჩევნო პოლემიკის დროს რუსეთი „ამერიკის ნომერ პირველ გეოპოლიტიკურ მტრად“ მიიჩნია). განა რას გააკეთებს კონკრეტულად „პრეზიდენტი ჯო ბაიდენი“ იმისთვის, რომ ამერიკელებისა და მათი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ვლადიმერ პუტინი გამოხტომები აღკვეთოს?
შეშფოთება იმ სავარაუდო გარიგებების გამო, რომლებთაც დონალდ ტრამპი დადებს ვლადიმერ პუტინთან პრეზიდენტობის მეორე ვადის პერიოდში, სავსებით გამართლებულია. მაგრამ ვინ დაიჯერებს, რომ მისტერ ბაიდენი დონალდ ტრამპზე უკეთესი პრეზიდენტი იქნება? იგი უფრო უარესი შეიძლება აღმოჩნდეს“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.wsj.com/articles/putin-trump-and-biden-11593559104
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"